წუხელ, გვიან, პირველი საჯარო სკოლის ჭიშკარზე და გალავანზე, რამდენიმე ადგილას, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თაღოვან ექსტერიერზე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიახატეს. ამ დილით, საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ნახატი გადაღებილია. მხოლოდ დაკვირვებული თვალი თუ შენიშნავს, რომ თეთრი საღებავის უკან რუსეთის პრეზიდენტია დამალული.
პირველ სკოლასთან კი, რუსეთის პრეზიდენტის სახე შავი საღებავით არის გადაშლილი და უფრო მეტად დამაინტრიგებელია, ვიდრე პუტინის ხილულ სურათს შეიძლებოდა გამოეწვია ეს.
გუშინ, ზუგდიდის #1 საჯარო სკოლის 150 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების თანაორგანიზატორი იყო რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და როგორც ამბობენ, ვლადმიერ პუტინთან დაახლოებული პირი, მიხეილ ხუბუტია, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია და გუშინ საჩუქრებით ესტუმრა სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს. სავარაუდოდ, წუხელ, პირველ სკოლასთან და რესურსცენტრთან გაჩენილი პუტინის პორტრეტი, ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტების პროტესტია, პირველი სკოლის საპატიო სტუმრისადმი.