ზუგდიდი, 9-10 ივნისს, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალს “F5-ს” უმასპინძლებს. იდეის ავტორები არიან: ტატო ჩანგელია, ნიკა ლაშხია და გიორგი შონია. ორ დღიან ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ:
ზვიად რატიანი, პაატა შამუგია, კატო ჯავახიშვილი, ზაზა კოშკაძე, გაგა ნახუცრიშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე და ლუკა ბაქანიძე. მუსიკალურ ნომერს წარმოადგენენ: ერეკლე დეისაძე, ბაჩო ჯიქიძე და ლექსო რატიანი. “დღეისათვის, თბილისში, უამრავი ფესტივალი და ღონისძიება ტარდება. მასზე დასწრება და მონაწილეობა რეგიონში მცხოვრებლებს, გასაგები მიზეზების გამო, არ შეუძლიათ. ეს დაკავშირებულია დროსთან, ფინანსებთან და კიდევ ბევრ დეტალთან. სამწუხაროდ, არც ზუგდიდია გამონაკლისი. ხშირ შემთხვევაში, რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმ კულტურულ აქტივობებზე, რაც თბილისში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის საშუალებით ინფორმაცია ხელმისაწვდომია, ეს პრობლემა დღის წესრიგში მაინც დგას. ჩვენ გვინდა, რომ ფესტივალს ყოველწლიური სახე ჰქონდეს, რათა რეგიონი კულტურულ ცხოვრებაში ჩაებას და არ იყოს დიდი წყვეტა თბილისთან, რაც ასე თვალსაჩინოა. გარდა ამისა, ფესტივალის ზუგდიდში ჩატარება სხვა საინიციატივო ჯგუფებისთვის მაგალითის მიმცემი იქნება, რომ მომავალში, რეგიონებს უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ”.- ნათქვამია განცხადებაში.