დღეს, ზუგდიდის მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელის” წევრები, გაზეთ “ზუგდიდთან” ერთად, სტუმრად იმყოფებოდნენ ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის სპორტის მუზეუმში. ახალგაზრდა ჟურნალისტებს უმასპინძლა მუზეუმის დირექტორმა გია ჯიჭონაიამ და მუზეუმის შექმნის ინიციატორმა და სულისჩამდგმელმა როლანდ მაქაცარიამ. მუზეუმი 2004 წლიდან ფუნქციონირებს და იქ წარმოდგენილი ექსპონატების უმრავლესობა, 80 პროცენტი, როლანდ მაქაცარიას პირადი არქივიდანაა, რომელიც მან სხვადასხვა დროს, ცნობილი ზუგდიდელი სპორტსმენებისგან მიიღო საჩუქრად. როგორც ახალგაზრდა ჟურნალისტებმა შენიშნეს, ბატონმა როლანდიმ, ერთ პატარა, მოკრძალებულ ოთახში შექმნა არა მარტო ზუგიდის სპორტული ისტორია, არამედ ცნობილი ზუგდიდური სახეების ისტორიაც, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება და სათუთად მოპყრობა სჭირდება, რომ შეივსოს, თაობებს გადაეცეს და ადამიანთა ხსოვნაში დაიდოს ბინა.
ბატონი როლანდი თავადაც ყოფილი სპორტსმენია, ფეხბურთელი, იმავდროულად პატრიოტი ადამიანი, აფხაზეთის ომის მონაწილე, ადამიანი, რომელიც საკუთარი მკერდით გადაეფარა თავის თანამებრძოლებთან ერთად მშობლიურ მიწას და როცა ის ჰყვება თავისი სპორტული ცხოვრების ისტორიას, უცრემლოდ ვერც საქართველოს ისტორიას უვლის გვერდს. ბატონმა როლანდიმ ერთი ოცნება გაანდო “სარკმელელებს” და გაზეთ “ზუგდიდის” ჟურნალისტებს, არ მინდა ისე დავამთავრო ჩემი საზოგადოებრივი მოღვაწეობა, რომ არ შევუქმნა სპორტული მუზეუმის ექსპონატებს უსაფრთხო გარემო, მუზეუმს აუცილებლად შენობა უნდა ჰქონდეს, სასურველი პირობები. შენობა რომ გვქონდეს, სპორტული მუზეუმი კიდევ არაერთ სამუზეუმო ექსპონატს შემოიმატებს, იმდენად მდიდარია ზუგდიდელი სპორტსემენების პირადი არქივიო.
ჟურნალისტები, მასპინძლებს, კვლავ სტუმრობას შეჰპირდნენ. მათ თქვეს, რომ არ არის საკმარისი ერთი საათი და თუნდაც ერთი დღე იმისთვის რომ სრულად აღიქვან თუ როგორი მდიდარი იყო წლების მანძილზე და არის ახლაც ზუგდიდური სპორტული ცხოვრება.