დღეს, რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა “თანაზიარმა”, პროექტის: “ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების არასრულწლოვან შვილებს საახალწლო განწყობა შეუქმნა.
მოაწყვეს მათთვის ექსკურსია მარტვილის, აბაშის და ზუგდიდის ეთნოგრაფიულ მუზეუმებში. ბავშვებმა მშობლებთან ერთად, დაათვალიერეს კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი, იმყოფებონენ მარტვილის მამათა მონასტერში. დღის ბოლოს, “არტ ჰაუსში,” მათთვის, მოეწყო საზეიმო ვახშამი და გადაეცათ საახალწლო საჩუქრები.
პროექტის სოციალურმა მუშაკმა ნატო კოზუამ აღნიშნა, რომ ძალიან ეცადნენ, ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. “ჩვენი ბენეფიციარები სოციალურად დაუცველები არიან და ამ კატეგორიის ადამიანებს მეტი ყურადღება სჭირდებათ. შეიძლება ითქვას, დღევანდელი დღე შედგა. ბავშვები და მათი მშობლები ძალიან კმაყოფილები არიან. მათ მცირედი ყურადღებაც უხარიათ. საახალწლო საჩუქრები გათვლილია მათი ოჯახების წევრებისთვისაც. პროექტის მიზანი გახლავთ ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრების, პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოლიზაციის სერვისების შეთავაზება, რაც გულისხმობს, მათთვის პროფესიების მიცემას, მცირე საგრანტო პროგრამის გამოცხადებას და დაფინანსებას.
ბავშვებს და მათ მშობლებს, ახალი წელი მიულოცა “თანაზიარის” ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ. მან აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში, სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიცაა დაგეგმილი.