დღეს, ზუგდიდის მერიის სხდომათა დარბაზში ასოციაცია „მერკურმა“ და HhumanDoc Foundation სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ძალადობის მსხვერპლ ქალთა პირველი თავშესაფარის გახსნის ცერემონიალი გამართა.
„მერკურის“ ხელმძღვანლის ნანა თოდუას ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები ბავშვებთან ერთად შესძლებენ გარკვეული დროით თავშესაფარში ცხოვრებას. ნანა თოდუას განმარტებით, თავშესაფარში 12 ადამიანი განთავსდება. „ეს არის პატარა სახლი, სამწუხაროდ, ვერ ვამბობ მისამართს, ეს არის კონფიდენციალური და არ არის აუცილებელი ყველამ იცოდეს იქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე.“ ნანა თოდუა ამბობს, რომ მათ მოუწევთ თანამშრომლობა სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან, მათ შორის სამართალდამცველებთან, სოციალურ სააგენტოსთან და იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ.
თავშესაფრის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ პოლონელი სტუმრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პროექტის კოორდინატორმა დომენიკა სპინდლერმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ თავშესაფრის გახსნა ზუგდიდში მათთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. შეხვედრას ესწრებოდა ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და მხარდაჭერა გამოთქვა, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ იმედოვნებს, ნაკლები ძალადობა იქნება ქალებზე და ბავშვებზე.
თავშესაფრისთვის განკუთვნილი შენობის რეაბილიტაცია და თავშესაფრის ფუნქციონირება უზრუნველყოფილია პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენციის სისტემის გაძლიერება და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.