ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აკაკი წერეთლის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი ქალბატონი მადონა მაქაცარია ათი დღით სტუმრობდა ქალაქ ყარაგანადას,-ქალბატონმა მადონამ, წლების წინ, ყარაგანდაში, მიიღო უმაღლესი განათლება და წელს, სტუდენტობის მეგობრებმა, საიუბილეო შეხვერაზე მიიწვიეს.
სტუდენტობის ქალაქში ყოფნის დროს, ბიბლიოთეკის დირექტორმა მოინახულა ყარაგანდის ეროვნული ბიბლიოთეკა, გაეცნო თანამშრომლებს და დაათვალიერა ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ქალბატონ მადონას მასპინძლებმა გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს, მოხდა შთაბეჭდილებების გაზიარება და სამომავლო გეგმებიც დასახეს. ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუმრობა იმდენად ნაყოფიერი გამოდგა, რომ ორივე მხარემ გამოთქვა სურვილი, ბიბლიოთეკებს შორის გაიდოს მეგობრული ხიდი და ოფიციალურად ითანამშრომლონ.
„ზუგდიდელებთან“ საუბრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი ქალბატონი მადონა მაქაცარია: „უნივერსიტეტის დამთავრების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ვესტუმრე ქალაქ ყარაგანდას, სადაც 11 წელი ვსწავლობდი და ვცხოვრობდი. ქალაქში ყოფნის დროს, მე გადავწყვიტე, მომენახულებინა ეროვნული ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკის დირექტორმა, თანამშრომლებს წარუდგინა ჩემი თავი. დამათვალიერებინეს ბიბლიოთეკის ინტერიერი და განყოფილებები. ძალიან საინტერესო იყო მათთან საუბარი. მეორე დღეს, მიმიწვიეს ბიბლიოთეკის შიდა ღონისძიებაზე მკითხველებთან, სადაც საჩუქრად გადმომცეს ყაზახური ლიტერატურა. ჩემს საპატივსცემლოდ, გამოცხადდა ქართველ მწერალთა კვირეული და გამოფენილ იქნა ქართველი მწერლების: ჭაბუა ამირეჯიბის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, კონსტანტინე გამსახურდიას წიგნები. ამ შეხვედრიდან მე მივიღე დიდი სიამოვნება, შთაბეჭდილების ქვეშ დავრჩი. შედგა მკითველებთან დიალოგი. ადგილზე იმყოფებოდნენ არაბი მკითხველებიც, რომლებიც მოხალისეებად მუშაობდნენ ბიბლიოთეკაში და გამიზიარეს თავიანთი შთაბეჭდილება ამ ბიბლიოთეკაზე. ბიბლიოთეკის დირექციამ, ჩემი იქ ყოფნა აცნობა აკიმატის ხელმძღვანელობას. აკიმატის კულტურის განყოფილებამ გამოთქვა სურვილი, ჩვენს ბიბლიოთეკას და ყარაგანდის ეროვნულ ბიბლიოთეკას, განგვეხორციელებინა ერთობლივი ღონისძიებები და დავმეგრობულიყავით. მე რა თქმა უნდა, დავთანხმდი ამ წინადადებას. ამის შემდეგ, მიმიწვიეს ხალხურ საკრავთა კვირეულზი. ღონისძიების წამყვანმა სტუმრებს წარუდგინა ჩემი თავი, მეც ზუგდიდის და ჩემი ბიბლიოთეკის სახელით მადლობა გადავუხადე მასპინძლებს გულთბილი დახვედრისთვის. ნიშნად პატივისცემისა, სიყვარულისა და დამეგობრებისა, ყარაგანდის აკიმატის კულტურის განყოფილებამ გადმომცა ეროვნული სამოსი „ჩაპანი“. ეს იყო ჩემთვის მოულოდნელობა, რაღაც ზეიმი, სიხარული და იმავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. ყარაგანდიდან, ჩვენმა კოლექტივმა, უკვე მიიღო გამოხმაურება და წინადადებები, აგრეთვე, რამდენიმე ღონისძიების ჩამონათვალი, რომელიც ერთობლივად უნდა განვახორციელოთ. ჩვენ გვინდა, ჩავატაროთ ერთობლივი მეგობრული ტელეხიდი. ძალიან მალე დავიწყებთ მომზადებას. ბუნებრივია, ხელისუფლების მხარდაჭერა აუცილებლად დაგვჭირდება და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.
-ქალბატონო მადონა, რისი გადმოტანა, ან დანერგვა გინდათ ჩვენს ბიბლიოთეკაში, ყარაგანდელი ბიბლიოთეკარების გამოცდილებიდან?
-ბიბლიოთეკის ფოიეში დგას ეროვნული დროშა თავისი გერბით. კედელზე სახელმწიფო ჰიმნის ტექსტია გაკრული და იმავდროულად, მთელი დღის განმავლობაში, დაბალ ხმაზე ისმის ჰიმნის მელოდია.
-მასპინძლებმა თუ იცოდნენ ჩვენი ქალაქის შესახებ?
– აბსოლუტურად არაფერი არ იცოდნენ. მხოლოდ და მხოლოდ აკიმატის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როცა გაიგო ზუგდიდიდან ვიყავი, მითხრა, ზუგდიდი გამიგიაო, მე ანაკლიში ვარ ნამყოფიო. ძალიან მესიამოვნა ამის მოსმენა.
-როგორ გამოიყურებოდა თქვენი სტუდენტობის დროინდელი ქალაქი, ალბათ შეცვლილი დაგხვდათ?
-ჩემი სტუდენტობის დროინდელი ქალაქი უცვლელია, მაგრამ სტუდენტობის ყოფნის პერიოდში ახალი რაიონი გაიხსნა, რომელსაც იუგოვასტოკი ერქვა. ჩემი იქ ყოფნის პერიოდშიც იყო ძველი და ახალი ყარაგანდა. ძველი ყარაგანდა უკვე არ არსებობს, მაგრამ ქალაქი შენარჩუნებულია ისტორიულ- კულტურული ძეგლებით, პარალელურად, იქვე, მეორე ქალაქი გაშენებულა ამ 37 წლის გამავლობაში. სტუდენტობის დროს, ქალაქის გუნდში კალათბურთს ვთამაშობდი. ქალაქში ყოფნის დროს, სპორტდარბაზი მოვინახულე, ალბომი მაჩვენეს, სადაც ჩემი სურათიც ვნახე.
– სასიამოვნოა, რომ დიდი ემოციებით და ახალი იდეებით დაბრუნდით თქვენი სტუდენტობის ქალაქიდან. ორიოდ სიტყვით მითხარით, ბიბლიოთეკაში რა სიახლეები გაქვთ…
-მუნიციპალიტეტის სოფლებში გავხსენით შვიდი ბიბლიოთეკა. საქართველოს პრეზიდენტის ფონდის, საბიბლიოთეკო ასოციაციისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის “ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას ” ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აკ.წერეთლის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შემავალი ზედაეწერის, ყულიშკარის, ჩხორიის, ტყაიას, დარჩელის, კოკის და ახალაბასთუმნის ბიბლიოთეკების სასოფლო განყოფილებებს გადაეცა კომპიუტერული ტექნიკა, პრინტერი, ქსეროქსი და სკანერი.