ჯერ მხოლოდ 10 წლისაა… უცებ დაიმსახურა ჟიურის მოწონება… მერე ხმა რომ “ამოუშვა”, დარბაზი დაუდგა ფეხზე… მეორე ტურში, ნამდვილად, ღირსეულად გადავიდა… ერთ-ერთი პოპულარული, ქართული, სატელევიზიო პროექტის “ნიჭიერი”, მონაწილე, ზუგდიდელი მარიამ შონია მეორე საჯარო სკოლის მეექვსე კლასში სწავლობს,
იმავდროულად, პირველი სამუსიკო სკოლის აღსაზრდელია და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ვოკალური სტუდია „რეტროს“ წევრიც. ციცქნა იყო პირველად სცენაზე რომ დადგა და მსმენელის სიყვარული მოიპოვა. „-სიმღერას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია, მის გარეშე არსებობა წარმოუდგენლად მიმაჩნია. მიყვარს რთულად შესასრულებელი ნაწარმოებები. ამით, ერთგვარ გამოცდას ვუტარებ საკუთარ თავს“.
– მარიამ, ვისი იდეა იყო შენი ამ პროექტში მონაწილეობის მიღება?
– „ნიჭიერი“ განსაკუთრებულად ჩემს უმცროს ძმას უყვარს. რატის პროექტის არცერთი სეზონი არ გამოუტოვებია, ყველას უყურა. ერთხელ შემომთავაზა, მეც მემღერა „ნიჭიერში“ და მეცადა ბედი. ყველას მოგვეწონა რატის წინადადება. მერე, ბებიამ და ბაბუამ წამიყვანეს თბილისში და… ვიმღერე კიდეც.
– რა ხდებოდა კადრს მიღმა, კულისებში… ის, რაც მაყურებლმა ვერ ნახა?
– სცენაზე გასვლამდე ძალიან ვნერვიულობდი, მეშინოდა აუდიტორიის, არ ვიცოდი, როგორ მიმიღებდნენ და რა შეფასებებს მომცემდნენ, ამიტომ არ მახსოვს რა ხდებოდა კულისებში, არ გამიმახვილებია ყურადღება, მე მხოლოდ იმის ფიქრში ვიყავი, ჩემი ძმისთვის იმედები არ გამეცრუებია.
– გამოგივიდა კიდეც. ჟიურისგან დადებითი შეფასება მიიღე. განსაკუთრებით, ჟიურის რომელი წევრის შეფასება მოგეწონა, მარიამ?
– რუსკას შეფასება მომეწონა,-მან რომ მითხრა, “მე მგონია, რომ სხვა პლანეტიდან ხარ…”, ძალიან გამიხარდა, მივხვდი, მოვეწონე.
– რატომ იმღერე ჯორჯ გერშვინის “summertime”?
– სიმღერის არჩევისას, დიდხანს არ მიფიქრია, რადგან გერშვინი ძალიან მიყვარს, მისი შემოქმედება ჩემმა პედაგოგმა ია ცქიტიშვილმა შემაყვარა. სიმღერები ჯორჯ გერშვინის რეპერტუარიდან ნამღერი მქონდა სხვადასხვა კონცერტზეც.
– რამდენი წლიდან მღერიხარ, მარიამ?
– სამი წლის ვიყავი, როდესაც ბაღის მუსიკის მასწავლბელმა შემოუთვალა დედას, რომ მე მქონდა სიმღერის ნიჭი და მივეყვანეთ ვოკალის პედაგოგთან. ხუთი წლის ვიყავი, როდესაც მიმიყვანეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ქალბატონ ნანა ნოდიასთან… მახსოვს, პირველად „სანტალუჩია“ ვიმღერე. 2015 წელს, ქალბატონი ია ცქიტიშვილის მიერ დადგმულ სატელევიზიო-მუსიკალურ სპექტაკლში „ოქროს ხელები“ რამდენიმე როლი შევასრულე. შემდეგ იყო სენაკის „არტფესტივალი-2016“ ვალერიან შიუკაშვილის ხელმძღვანელობით, ჯორჯ გერშვინის სახელობის საერთაშორისო კონკურსი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ფესტივალი „მომავლის ვარსკვლავები-2017“. ამ კონკურსებში ჩემი გამარჯვება ია მასწავლებლის დაუღალავი შრომის შედეგია.
– “ნიჭიერის” შემდეგ, ალბათ გცნობენ ქუჩაში, რა რეაქცია აქვთ შენს დანახვაზე?
– დიახ, მცნობენ. როცა ქუჩაში გავდივარ, გამვლელები თვალს მაყოლებენ და ხშირად, მესმის: „ეს ის არის, “ნიჭიერში” რომ იმღერა“. ზოგიერთი სელფებს იღებს ჩემთან და წარმატებებს მისურვებენ, სკოლაში კი, რამდენიმემ ავტოგრაფიც მთხოვა.
-ხო, შენს წარმატებას როგორ შეხვდნენ სკოლაში და საერთოდ, როგორი მოსწავლე ხარ?
-მეორე საჯარო სკოლაში ვსწავლობ, რომელიც ძალიან მიყვარს. მამაჩემიც ამ სკოლაში სწავლობდა, პედაგოგები მეუბნებიან, რომ მეც მასავით კარგად უნდა ვისწავლო… ვცდილობ, არ ჩამოვრჩე. ძალიან კარგი მეგობრები მყავს, რომლებიც ჯერ მხოლოდ ეკრანიდან მგულშემატკივრობენ მაგრამ, მპირდებიან, ნახევარფინალში, დარბაზში იქნებიან.
– მარიამ, რა ჟანრის სიმღერებს უსმენ?
– ძალიან მიყვარს ჯაზი. ყველაზე მეტად ელა ფიცჯერალდის სიმღერებს ვუსმენ. ქართველი მომღერლებიდან მომწონს ნინო სურგულაძე.
– ოჯახზეც მომიყევი…
– დედა ნინო ჭითანავა ექიმია, მუშაობს კლინიკა „გულში“, მამა გიორგი შონია შემოსავლების სამსახურში მუშაობს. როგორც გითხარით, მყავს უმცროსი და-ძმა ანასტასია და რატი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბებიებს და ბაბუებს. მათი დიდი დამსახურებაა, დღეს, რომ მე ვმღერივარ და სცენაზე ვდგავარ. როცა „ნიჭიერის“ სცენაზე გამოვედი, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, გაციებული ვიყავი, დედა ძალიან ნერვიულობდა, არ ეგონა, საერთოდ თუ ვიმღერებდი, მაგრამ ყველაფერი შევძელი.
– ოჯახის წევრებიდან თუ მღერის ვინმე?
– ადრე, თურმე, ბებია მღეროდა. შეიძლება, მისგან გამომყვა სიმღერის ნიჭი.
-როგორ ფიქრობ, გახდება სიმღერა შენი ძირითადი პროფესია?
– ჩემი ოცნებაა ოპერის მომღერალი გავხვდე, იტალიაში წავიდე და ლასკალაში ვიმღერო.
– და ბოლოს…
– და ბოლოს, მინდა, ყველა ჩემს მხარდამჭერს და გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო. ყველანაირად ვეცდები, ჩემი კუთხე და ქალაქი ღირსეულად წარმოვაჩინო.
ეკა ფარულავა