“9 აპრილის მოგონება უმძიმესია ჩემთვის”…

ქეთევან ტაბაღუა, ჟურნალისტი

“მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა, მაინც უმძიმესია ჩემთვის იმ პერიოდის გახსენება და ალბათ ასეა ეროვნული მოძრაობის ყველა მონაწილისთვისაც.
აპრილის მოვლენებს წინ უძღოდა 25 თებერვლის საპროტესტო აქცია უნივერსიტეტთან, სადაც ე.წ. მე-8 პოლკის ალყაში სანთლებით ხელში გავათენეთ 25 თებერვლის ღამე, რადგან შუქი ყველგან გათიშეს. ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ სისხლისღვრას აპირებდნენ, ყველა შესასვლელი ჩაკეტეს და შიგნით არავის უშვებდნენ, მიუხედავად ამისა, არცერთ მონაწილეს ფეხი არ მოუცვლია უნივერსიტეტის ეზოდან. საბედნიეროდ, ეს აქცია უსისხლოდ დამთავრდა, მაგრამ განსაცდელი თურმე წინ გველოდა.
აპრილის აქციები რომ დაიწყო, პერმანენტულად ჩავდიოდით თბილისში და ვუერთდებოდით მოშიმშილეებს სოლიდარობის გამოსახატად. მახსოვს ზუგდიდელებიც ისხდნენ, მათ შორის იყო სტუდენტი მედეა სორდია… ვამხნევებდით ყველას, მათაც ახალისებდათ ყურადღება…
10 აპრილს, დილით, შემზარავი ამბავი გავიგეთ, რომ მოშიმშილეები სასტიკად დაერბიათ და კომენდანტის საათი დაეწესებინათ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა, მაგრამ იმდენად მძიმე ატმოსფერო იგრძნობოდა, რომ ცხადი იყო, კარგი არაფერი ხდებოდა.
სპონტანურად შევიკრიბეთ თითქმის ყველა ეროვნული დაჯგუების წევრები ქალაქის ცენტრალურ პარკში მოედნის მიმდებარედ… აქ იყვნენ: თამაზ ჟორჟოლიანი, ზაურ გერგედავა, ბორის ქარჩავა, მიხეილ ხორავა, გია ქობალია, როინ თირქია, აბესალომ ტუღუში, მამუკა მაქაცარია, ვახტანგ ყუფუნია, ბადრი ესებუა, ულდან შელია, დემურ ანთია, ზურაბ ჯიქია, ბორის გოძელანძე, ზაურ, ინდიკო და ლოთი ქობალიები, რევაზ ფიფია, მერაბ ბარამია, გუგუტა მალანია, ზაზა ალფენიძე, ოთარ შეროზია, ონისე გულუა, მერაბ წურწუმია, კობა ჭაჭუა, ზაზა გაბედავა, ზურაბ ჯინჯოლავა, ზურაბ ავალიშვილი, ლიკა და მანანა სიტკილავები, თენგიზ გაბედავა, მანანა ბუკია, მარინა შონია, ლალი ჯოლოხავა და სხვები… აღშფოთებას ვერავინ მალავდა, ეს იყო საშინელი ლახვარი მთელი ეროვნული მოძრაობისთვის.
მახსოვს, ზაურ გერგედავა ძელსკამზე შედგა და გამოაცხადა საპროტესტო მსვლელობისა და მიტინგის გამართვის შესახებ, რასაც ყველანი დავეთანხმეთ, და ის-ის იყო დავიძარით მოედნისკენ, რომ საიდანღაც გამოჩნდნენ კომპარტიის მაღალჩინოსნები აქტივისტებთან ერთად და გზა გადაგვიღობეს, მათი რიგები საკმაოდ სწრაფად გავარღვიეთ და მოედნის ნაცვლად მაცხოვრისკარის ეკლესიისკენ ავიღეთ გეზი. მსვლელობას, გზადაგზა, ხალხი გვიერთდებოდა.
ქუჩის ბოლოს, აღმართის დასაწყისში, გაშლილ ადგილზე, გაიმართა მიტინგი. გამომსვლელები გამოვთქვამდით რწმენას, რომ ვერავითარი ძალა ვერ შეგვაშინებდა და ვერაფერი შეაჩერებდა თავისუფლებისათვის ბრძოლას, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა დამოუკიდებელი. დიდი იყო ხალხის მხარდაჭერა. აქცია დამთავრებული არ იყო, რომ გამოჩნდნენ პოლიციელთა ჯგუფები, რომლებიც სწრაფი ნაბიჯებით გვიახლოვდებოდნენ. მახსოვს, ბორის ქარჩავამ თქვა: ჩავსხდეთ და ხელს ვერ გვახლებენო. ამის თქმა იყო და ყველანი ჩავსხედით. ჩამსხდრები რომ გვნახეს, პოლიციელები შეჩერდნენ, კარგა ხანს იცდიდნენ, მაგრამ რომ დარწმუნდნენ, ადგომას არ ვაპირებდით, გაგვეცალნენ.
იმწუთას კი გადავრჩით, მაგრამ ვშიშობდით, რომ სახლში მოგვაკითხავდნენ; ამიტომ გვიანამდე შევყოვნდი მეგობრის სახლში და საფრთხე ჩავლილად რომ ჩავთვალე, შინ დავბრუნდი. თურმე, პოლიციელები მელოდებოდნენ და დედას ძლივს დაერწმუნებინა, რომ შინ არ ვიყავი… როგორც კი მოვედი, ისევ მოადგნენ ჭიშკარს… დედაჩემს დიდხანს ედავებოდნენ, მაგრამ ვერ ათქმევინეს, რომ შინ ვიყავი.
მეორე დილით, სამსახურში მისულს, თავს დამადგა პოლიციის მაღალჩინოსანი და მთხოვა, გავყოლოდი… საღამომდე დაკითხვაზე ვიყავი, მახსოვს გამომძიებელი ელგუჯა ახალაია თანაგრძნობას მიცხადებდა: “ცოდვა არ ხარ, გასათხოვარი გოგო ხარ და 6-7 წლით პატიმრობა გემუქრებაო”-რაზეც მშვიდად ვუპასუხე-თავისუფლება მსხვერპლს მოითხოვს და მე მზად ვარ ეს მსხვერპლი გავიღო-მეთქი, თუმცა, მთლად მშვიდად ვერ მოვეკიდე იმ მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომელიც უშიშროების ორი თანამშრომლისგან წამოვიდა, რომელთაც გამომძიებელი შეცვალეს.
მოგვიანებით გავიგე, რომ სიტყვით გამოსულები, ყველანი, დაეკავებინათ თამაზ ჟორჟოლიანის გარდა, რომელიც პოლიციელების დანახვისთანავე, სახლის უკანა ფანჯრიდან გაქცეულიყო და შემდგომ ფაიფურის ქარხნის მუშების გაფიცვა მოაწყო ჩვენი გათავისულების მოთხოვნით. დაკავებულები მთელი ღამე მძიმე პირობებში, ქვის იატაკზე ამყოფეს, რის გამოც ექიმმა ლია სოტკილავამ, რომელიც ფეხმძიმედ იყო, ბავშვი დაკარგა.
მოგვიანებით, პატიმრობის მუქარა ჯარიმებით შეგვიცვალეს, თუმცა სხვა რეგიონებში ასეთი სანქციები არ განხორციელებულა.”

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …