ბოტანიკური ბაღის ორანჟერეა


  • ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ორანჟერეაში 120 სახეობის 3000-მდე მცენარეა. აქ შეხვდებით, როგორც ენდემურ ყვავილებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილ მცენარეებს. ორანჟერიის კურატორი გახლავთ მარინა შენგელია, რომელიც 40 წელია ბოტანიკურ ბაღში მუშაობს. მარინა, “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ თითოეული მცენარე მისთვის განსაკუთრებულად ძვირფასია.

მარინა შენგელია: “დავამთავრე საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი აგრონომის კვალიფიკაციით. ორანჟერეაში სხვადასხვა ჯიშის მცენარეებს ვუვლით და ადგილზეც გამოგვყავს ფესვის დაყოფით, დათესვით და ვეგეტატიური გამრავლებით. ნებისმიერ მოქალაქეს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მობრძანდეს ჩვენთან და შეიძინოს სასურველი მცენარე.

ორანჟერეაში მუშაობენ მებაღეები: დალი რაფავას, ლანა პერტიას, ჩიმაროზა აკობიას, თეონა ჯიქიას და ინგა ჭითანავას უყვართ მცენარეები და საქმე, რომელსაც ემსახურებიან.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ბოტანიკურ ბაღში აქტიურად ხორციელდება არაერთი საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტი. ხშირი სტუმრები არიან, როგორც სტუდენტები, ასევე მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში. მათთვის ჩატარებული  ყვავილების ჩარგვის, ჰერბარიუმის დამზადების მასტერკლასი ძალიან ემოციური და სასარგებლო პროცესია მათთვის. პარალელურად, მოსწავლეები, ეცნობიან ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ისტორიასაც, მისი ფლორის მრავალფეროვნებას, მის მნიშვნელობას ჩვენი ქალაქისთვის და მისი მოსახლეებისთვის. ამ ინფორმაციების შემდეგ ისინი, პრაქტიკულ სამუშაოებშიც სიამოვნებით და აქტიურად ერთვებიან.

სასურველია, ქოთნის ყვავილების ახალი კოლექციით უფრო გავამრავალფეროვნოთ ორანჟერეა. ჩვენს წამოწყებულ თითოეულ ინიციატივას მხარს უჭერენ ბოტანიკური ბაღის დირექტორი შალვა აგუმავა, დირექტორის მოადგილე გიორგი ლაგვილავა და ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციის მართვის განყოფილების უფროსი ლარისა თირქია.”

ორანჟერიის მებაღე დალი რაფავა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 1974 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს და ამბობს, რომ ყველაზე მაგარ საფეხურად სწორედ მებაღეობა მიმაჩნიაო.

დალი რაფავა: “ერთ-ერთ შეხვედრაზე, ბატონმა ნუგზარ მალაშხიამ თქვა, ბოტანიკური ბაღი ყველას მოგონება არისო და მეც ვეთანხმები. აქაურ მოგონებებს ყველა ზუგდიდელი და ზუგდიდის სტუმარი ინახავს. ეს ბაღი ყველას წარსულია, აწმყოა და მომავალი. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ჩემს თანაქალაქელებს მივმართო, მოუარონ და გაუფრთხილდნენ ჩვენს განძს – ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს. ბოტანიკური ბაღის რეაბილტაციის შემდეგ, საშუალება გვქონდა ჩვენი წვლილი შეგვეტანა ორანჟერიის განვითარებაში, თითქმის არაფრისგან შევქმენით ის. ბევრი მცენარე სახლიდანაც მოვიტანეთ და გავახარეთ, ზოგიერთი მცენარე ჩვენმა თანაქალაქელებმაც შემოგვწირეს, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. ახლა, აქ 3000-მდე მცენარეა. თითოეულ მათგანს თავისებური მოვლა სჭირდებათ. ისინი ცოცხალი არსებები არიან და ყოველდღიურად გრძნობენ ჩვენს მზრუნველობას, ყურადღებას, სიყვარულს. ორანჟერეაში გვაქვს მცენარეები, რომლებიც ვერ გუობენ ოთახის ტემპერატურას და უნდათ სიგრილე, ამდენად, ორანჟერეას სჭირდება ზაფხულში გაგრილების სისტემა, რომელიც მოსაწყობია.  

როგორც გითხარით, ამ ორანჟერეას თავისი ისტორია აქვს. მინდა დიდი სიყვარულით და პატივისცემით გავიხსენო ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორები: ვაჟა თოდუა, უსლარ ლატარია, კარლო ჩოკორაია, ზვიად ქარჩავა. თანამშრომლები: ნანული ცხაკაია, ნანული ჭითანავა, ლუიზა სიჭინავა, ნათელა გაგუა და გიული დადიანი.”

ორანჟერიის მებაღე ჩიმაროზა აკობია 2018 წლიდან მუშაობს ბოტანიკურ ბაღში.

ჩიმაროზა აკობია: “პროფესიით ზოოტექნიკოსი გახლავართ. ბოტანიკურ ბაღში მუშაობის დიდი სტაჟი არ მაქვს, მაგრამ აქაურობა ძალიან მიყვარს. ჩემმა კოლეგებმა მარინამ, დალიმ შემასწავლეს მცენარეების მოვლის საიდუმლო. ადამიანი, რომელსაც არ უყვარს მცენარეები, ყვავილები და მათზე ზრუნვა, ვერ იმუშავებს ფლორის გარემოცვაში. მეც მომწონს ჩემი გარემო და საქმე, რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებ ორანჟერიის გუნდთან ერთად. ორანჟერეაში არიან ადამიანები, რომლებიც მათ დაკისრებულ მოვალეობებს ღირსეულად ართმევენ თავს. მინდა ჩემს საყვარელ ზუგდიდელებს მივმართო, ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ფილტვს – ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს”.

საუბარი ჩაიწერა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 32 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!