7 თებერვალი… შუკური და “ბედნიერი დღე”


შუკო ჯიქია ხშირად მაკითხავს სამსახურში…

ყოველთვის მახარებს ამ ნიჭიერი შემოქმედი ადამიანის სტუმრობა და საუბრები ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, ყოფით ამბებზე… საინტერესო თხრობა იცის შუკომ: დინჯი, მონოტონური, ჩაღრმავებული. ხშირად იგონებს თბილისელ და აქაურ (ზუგდიდელ) მეგობრებს: წასულებს და ცოცხლებს, უფრო მეტად-წასულებს… ყვება ტკივილით, ყვება სიხარულით… ღიად, დაუფარავად… არ უყვარს ემოციის მიჩუმათება შუკოს. ალალად გაგიხსნის გულს ძმობის, კაცობის, ერთგულების მიჯნის გადაკვეთამდე… ამ სამანის იქით საფრთხილო კაცია შუკო… ამ სამანის იქით, რაჟამს მისი მოთმინების ფიალა ბოლომდე გალიცლიცდება, სამოცდაათს მიტანებული ეს ჩია ტანის კაცი ლავასავით მოედება არემარეს: ხან ,”ამხანაგთა სათნეველი” (თუ “სათრეველი”) ლექსებით, სკაბრეზებით, ჟარგონებით, ხანაც, არ გაგიკვირდეთ და- ბებუთით! შუკო, “დაწყევლილი პოეტების” კასტიდანაა და ყოველთვის იქნება საფრთხილო და საშიში სახელმწიფოსთვის (ზოგადად), საფრთხილო მეგობრებისთვის, ოჯახისთვის (ზოგადად)… სულ მიკვირდა და ახლაც ვერ ამიხსნია: საუბარში, ურთიერთობაში, საოცრად მორიდებული და თავმდაბალი პოეტის ფსიქოსტიგმაში როგორ ჩაშენდა ასე მყარად დიამეტრალურად საპირისპირო მეტამორფოზის ძალა და უნარი (უფროსი თაობის მეგობარი პოეტებიდან ასეთი მახსოვს ჩემი დეიდაშვილი რენე კალანდია-მეამბოხე, ბობოქარი, თან ბავშვივით მიამიტი და გულჩვილი. მას თქვენ ამ პოსტის ბოლოში იხილავთ საინტერესო ლიტერატურული რაკურსით). დრო ყველაფერს ცვლის… მუხთალია ჟამი… სიჭაბუკის კვეს-აბედის აალებას თანდათან ანელებს, ადუნებს… ამასწინათ, მორიგი სტუმრობისას (7 თებერვალი), მობერებული მეჩვენა შუკო: გულგატეხილი, ეული, უსახსროდ დარჩენილი… პაპიროსი ისევ გააძვირესო,- ლაზათიანად შეიკურთხა და ბაზარში ნაყიდი თუთუნის შეკვრა მაგიდაზე დაახეთქა. აღელვებული ჩანდა… ნასვამი იყო… შევეცადე დამემშვიდებინა, თუმცა ამაოდ… სახეზე აშკარად ეტყობოდა ფორიაქი და ეს არ იყო მხოლოდ მხრჩოლავი აირის გაძვირებით გამოწვეული წუხილი. … მოშე იბნ ეზრა,- ადრე შუა საუკუნეებში ესპანეთში მოღვაწე ებრაელი პოეტი,- კარგა ხნის დუმილის შემდეგ ნელა დაიწყო შუკომ… თან ბაზარში ნაყიდ , “ტრაბზონის” თუთუნს შესაშური ოსტატობით ახვევდა ქაღალდში, თან ყვებოდა… ჩემი მეგობრის ჯემალ აჯიაშვილის ბრწყინვალე თარგმანია ებრაულთან შეზავებული საოცარი ქართული სტილისტიკითო… მისტიური სურათი დაიხატა ჩემს თვალწინ: წელში მოხრილ, ნიკაპამდე ქუდჩამოფხატულ შუკოს სახე არც კი უჩანდა, მაგიდის კიდეს ქუდის , “კიზიროკით” თითქმის ეხებოდა და თუთუნის კვამლთან ერთად ინთქმებოდა ებრაელი პოეტის “ეკლესიასტეში”: დედაისი მესიტყვება: “გული რისთვის დაისრეო?” ძილსა შიგან მელანდება მამაი. ვაი, ჩემო სიჭარმაგევ, ჩემო სიდარბაისლეო, ავაი, სიბერეო, ავაი… ავაი, იღლება ადამიანი, იღლება წლებით, მარტოობით, ბობოქარი ცხოვრებით…ავაი, იღლება მიწიერი ცოდვა-მადლით. იმ დღეს, 7 თებერვალს, მომეჩვენა, რომ შუკო ჯიქია დაიღალა ამ წუთისოფლის ორომტრიალში, მომეჩვენა, რომ შუკოს, როგორც არასდროს, ახლა სჭირდება ყავარჯნებად ახლობელ-მეგობართა სითბო და ყურადღება… მომეჩვენა, რომ ხვალ შეიძლება გვიანი იყოს… დღევანდელი დღეა გადასაგორებელი… მისივე მეგრული ლექსის ჩემეული ქართული პერიფრაზით თუ ვიტყვი: “ამას მკარნახობს გუმანი, გვიან იქნება “ჭუმანი” (ხვალ).

… 7 თებერვალს ეზრას ლექსით არ დამთავრებულა შუკოსთან მისტიკა… ჩემი სახელოვანი მოგვარე პოეტი ოთარ მამფორია გაიხსენა გამორჩეული პატივისცემით და სიყვარულით. ოთარი თავისი თაობის მართლაც ლეგენდარული კაცი გახლდათ განთქმული ღირსებით, ლექსებით, პურ-მარილით, რაინდობით. უსახსროდ დარჩენილ ავადმყოფ პოეტს ერთხელ ქუთაისელმა მეგობრებმა ჩააკითხეს თურმე თბილისში. – …საუკუნის მერე, უფალს რომ მიეახლები, ქუთაისში ძეგლს დაგიდგამთო,- მიახარეს ყონაღებმა… -…ძეგლი მერე იყოს, ლომებო, ახლა ფეჩი დამიდგითო,- დაუჩივლია გათოშილ პოეტს… სიკვდილის შემდეგ ძეგლი მართლაც დაუდგეს ოთარ მამფორიას ბაღისკიდესთან… ის ძეგლი დღეს არც შემცივნულია და არც დასიცხულიო,-მწარედ დაასრულა შუკომ. მეც მწარედ მენიშნა და მეცნაურა შუკოსგან ეზრას ლექსიც და ოთარ მამფორიას ბაღისკიდის ეს ეპიზოდიც.

…ახლა ნახევარი საათი დამელოდეო და გაქანდა შუკო სამსახურისკენ. ბინა და სამსახური ერთ მისამართზე აქვს შუკოს, ქალაქის ცენტრში… იმ პატარა ოთახში აღამებს და ათენებს როგორც “საჯარო მოხელე” და როგორც ბინადარი. დათქმულ დროზე (შუკო ძალიან პუნქტუალურია) მაგიდაზე დამიდო ხელნაწერი ფურცელი, ეს ჩემგან საჩუქრადო და წავიდა… შუკოს ლექსი მეგონა, არჩილ ფირცხალავასი ყოფილა, რომელიც ცხონებულს 1985 წლის 12 ოქტომბერს დაუწერია და ეძღვნება პოეტ რენე კალანდიას. არჩილის “ბედნიერი დღე” ადრეც მქონდა წაკითხული, მაგრამ ხელნაწერმა ახალი იმპულსი და შთაბეჭდილება შემმატა… სულ სხვა განცდაა, როცა პოეტის ხელით შესრულებულ ტექსტს კითხულობ, თანამონაწილე ხარ თითქოს თხზვისა, შექმნისა… ლექსში ცხადად ირეკლება თაობათა (70-80-იანი წლები) ლიტერატურული ინტერესი და ამ ფონზე ვხედავთ, თუ როგორი ბედნიერი დღე გაუთენდა პოეტს მეგობარი პოეტის წიგნის გამოცემით, როგორი სიამაყით ესაუბრება წიგნის მაღაზიაში უცნობ მკითხველს ავანგარდისტი პოეტის ნიჭიერებაზე და როგორ ახერხებს თემის შემოტრიალებას ბავშვობის ემოციის წარმოჩენით: “თქვენთვის უცნობია გიგლა კალანდია მე კი… ბავშვობიდან ვიცნობ და მიყვარს “(გიგლა რენეს ბავშვობის სახელია). არჩილი და რენე ზუგდიდში მაცხოვრისკარის ეკლესიის სიახლოვეს განისვენებენ… იქ არიან მარადისობაში… აქ დარჩენილი შუკო ჯიქია მედარდება… ვიცი, თქვენც გედარდებათ… მას ახლა ყავარჯნებად ვჭირდებით. ნამდვილად შუკური და “ბედნიერი დღე” მქონდა 7 თებერვალს “თავბოლო ერთით”…

გელა მამფორია, ფილოლოგიის დოქტორი

“ბედნიერი დღე”

ურითმო ლექსებზე ბევრი კამათია,

და კაცი, რომელსაც შორიდან ვიცნობ,

მაძალებს: – იყიდეთ რენე კალანდია

თუ გინდათ ნამდვილი პოეტი იგრძნოთ.

გულმა საოცარი სიამე იგრძნო,

წაიღეთ ტაში და წაიღეთ დიდება,

პოეტი, რომელმაც სინაღდე იგმო

სხვასავით ადვილად არ გაიყიდება.

ჯერ წაიკითხავენ, მერე კამათია,

ცისკენ იწვრთება ბილიკი ვიწრო,

თქვენ იცნობთ ბატონო, რენე კალანდიას?

დიახ, ათიოდე სტრიქონშიც ვიცნობ,

ჩემთვის სულერთია იქ რა კამათია,

ამ დღეს ბედნიერი ნამდვილად ვიყავ –

თქვენთვის უცნობია გიგლა კალანდია,

მე კი ბავშვობიდან ვიცნობ და მიყვარს.

არჩილ ფირცხალავა

პ.ს. (არჩილის მეუღლეს, ქალბატონ მიმოზა ცანავას და ქალიშვილს, ქალბატონ ნანას შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჩაიბარონ ჩემგან შუკოს ნაჩუქარი ხელნაწერი… ჩემთვის ის ძვირფასია, მაგრამ ხელნაწერი მათი ოჯახის სულიერი მემკვიდრეობაა).

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!