- გარემოს დაცვის მსოფლიო დღე (World Environment Day – WED) ყოველ წელს, 5 ივნისს აღინიშნება.
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, „გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა“(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის ერთ-ერთ გარემოსდაცვით საკითხს.
პირველად გარემოს დაცვის დღე აღინიშნა 1973 წელს, რომლის თემაც იყო „მხოლოდ ერთი დედამიწა“. 1974 წლიდან ამ დღის აღსანიშნ ღონისძიებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი მასპინძლობს.
2015 წლის ლოზუნგი _ „შვიდი მილიარდი ოცნება. ერთი პლანეტა. მოიხმარე სიფრთხილით“ _ შეირჩა სოციალური მედიაში ხმის მიცემის პრინციპით.
2015 წლის მსოფლიო გარემოს დაცვის დღეს იტალია მასპინძლობს. მილანის ექსპოს თემასთან დაკავშირებით “გამოკვებე პლანეტა ენერგია სიცოცხლისათვის“, გაჟღერდება ახალი იდეები, გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების გზები და ტექნოლოგიები ჯანსაღი, უსაფრთხო და საკმარისი საკვების უზრუნველსაყოფად ისე, რომ იმავდროულად დაცული იყოს პლანეტის შესაძლებლობები.
გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.