ანა ქოჩუა-ნიჭი მნიშვნელოვანია, მაგრამ წარმატებისთვის შრომაა საჭირო


  • “ზუგდიდელების” სტუმარია ჩეხური საერთაშორისო, არაკომერციული ორგანიზაციის-“People In Need” (PIN) საქართველოს” პროექტის მენეჯერი ანა ქოჩუა. ანა პროფესიით იურისტია, თუმცა ადრეული წლებიდან სამოქალაქო სექტორში, ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელებაში ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას და პროფესიით, არასდროს უმუშავია.

-“მე ვარ ანა ქოჩუა, დავიბადე და გავიზარდე საქართველოს ყველაზე ლამაზ და ყველაზე კომფორტულ ქალაქში-ზუგდიდში. ჩემს თავზე ფიქრი ჩემს ოჯახზე ფიქრით იწყება და პირველი, რაც ყოველთვის მინდა ვახსენო, არის ის, რომ მყავდა საოცარი ბებიები და ბაბუები, მათ გარემოში ყოფნამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მომცა, არის უნარი-სიყვარულის და მადლიერების (უფლის და ადამიანის)”.

-თქვენ არაერთ პროექტზე გიმუშავიათ…

-დიახ. სოციალური ინკლუზია და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა არის ძირითადი მიმართულება, რომელიც ეხმიანება ჩემი, როგორც პიროვნების მოტივს, ხელი შევუწყო ადგილობრივი საზოგადოების განვითარების პროცესს, აგრეთვე დავამკვიდრო მაღალი პროფესიული სტანდარტები და აღნიშნული გზით ხელი შევუწყო ადამიანის უფლებების დაცვას იქ სადაც ვცხოვრობ და მინდა ვიცხოვრო. ჩეხური საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“, სადაც 2016 წლიდან ვმუშაობ, ის ადგილია, სადაც მნიშვნელოვნად გავიზარდე და მივიღე რესურსი, რომლითაც ძალიან ბევრ პროექტით მოსარგებლე ადამიანს შევუწყვეთ ხელი pin-ის გუნდთან ერთად. ბოლო პროექტი, რომელსაც საქართველოს ოთხ რეგიონში ვხელმძღვანელობ, მნიშვნელოვანი გამოწვევაა,- დოკუმენტური ფილმებით მედიაწიგნიერების და ადამიანის უფლებების სწავლება მნიშვნელოვანი სიახლეა ფორმალური და არაფორმალური განათლების აქტორებისთვის. აუდიო ვიზუალური რესურსის შექმნა კი ჩემი და ჩემი პროექტის გუნდის ტიტანური შრომის შედეგია ადგილობრივი საზოგადოების მხარდასაჭერად, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით ჩასახლებულ რეგიონებში.

საქმე, რომელიც გეამაყებათ?

-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის პროფესიონალ ჯგუფთან ერთად შევქმენით „ხანდაზმულთა ზრუნვის მობილური ჯგუფი“ მარტოხელა ხანდაზმულებისთვის. ამ პროგრამამ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩინა იმედი, რომ მათზე ზრუნავენ და ისინი ახსოვთ ღირსეულად. პრეცედენტი, რომ ერთჯერადი დახმარებიდან გრძელვადიან ზრუნვას ჩავუყარე საფუძველი (ერთ-ერთი ვიყავი) სიამაყის განცდას მიტოვებს დღემდე.

-გკითხავთ, რისი სწავლა ვერ დაიწყეთ ჯერ…

-სწავლის გაგრძელება ძალიან მინდა და მჭირდება. როგორც ადამიანმა, ვერ ვისწავლე შინაგანი განწყობის დამალვა.

ადამიანები საკუთარ თავს ხშირად შორიდან უყურებენ-როგორ ხედავს ანა ქოჩუა ანა ქოჩუას?

-ანა ძალიან ემოციური და გულწრფელი გოგოა, რომელსაც ბავშური სიხარულით უხარია და სწყინს. ეს გულწრფელობა არის ის, რომლითაც ძალიან ბევრ პოზიტივს იზიდავს ირგვლივ.

როგორი იყო კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები

-ურთულესი გახდა პანდემიის პერიოდი ყველასთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის, და ბავშვებისთვის. როდესაც პანდემია დაიწყო, დანიელს (მესამე შვილს) ველოდებოდი, განცდები და შიში ურთულესი აღმოჩნდა. ჩემს შემთხვევაში, მოცემულობა მაინც უფრო იოლი იყო, ვიდრე ჩემი მეგობრების, რომლებსაც თბილისში, კორპუსში გამოკეტილებს უწევდათ ბავშვებთან ერთად გამკლავება ამ პრობლემის.

მე ვარ სამი შვილის დედა და მჯერა, რომ ჩემს ირგვლივ მხოლოდ სიყვარულით შექმნილი გარემო გააზიარებს პოზიტივს. სალომე, ილია და დანიელიც ამ გარემოში იზრდებიან. ჩემი მეუღლე ლევან ჩახაია, პროფესიით სამართალმცოდნეა, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი პიროვნული და პროფესიული სტანდარტებით, ჩვენს ირგვლივ, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გავუზიაროთ სიკეთე და ჩვენი შვილები აღვზარდოთ პასუხისმგებლობით სავსე, ლაღი და ჯანმრთელი ქვეყნის მოქალაქეები.

როგორია ქვეყანა, სადაც თქვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ?

-ჩემი შვილების საქართველო არის ადგილი, სადაც განათლებაზე, კომპეტენციაზე და უნარებზე რეალურად ფიქრობენ და არა ფასადურად. ჩემი შვილების საქართველოში, მოქალაქეები, ინაწილებენ პასუხისმგებლობას და ზრუნვას მათი ცხოვრების ყველა ეტაპზე, ჩემი შვილების საქართველო პატივს სცემს განსხვავებულს და განსხვავებულობა ქმნის მრავალფეროვნებას. საქართველო არის ადგილი, სადაც ყველაფერი გიზიდავს, საქართველოს ყველა კუთხე უნიკალურია და მას აქვს დიდი მომავალი.

თავისუფალ დროზე და ჰობზე რას იტყვით…

-თავისუფალი დრო ძალიან დიდი ხანია არ მაქვს, თუმცა სულ ვცდილობ, რომ ვიკითხო წიგნი.

-და ბოლოს, წარმატებისთვის რამდენი წილი ნიჭი და რამდენი წილი შრომაა საჭირო…

-ნიჭი მნიშვენლოვანია, მაგრამ წარმატებისთვის შრომა, ალბათ წილადობრივად მეტია საჭირო. შრომა უნარია, რომელიც მეცადინეობით გამომუშავდება და მას შედეგი ყოველთვის აქვს იმაზე მეტი, ვიდრე ნიჭს, რომელიც უბრალოდ „შენახულია“.

-წარმატებებს გისურვებთ.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!