ზუგდიდის მეოთხე საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერება შეუმჩნეველი არ დარჩენილა საზოგადოებისთვის. რადგან შენობა ძალიან პრესტიჟულ ადგილზეა, მისი მომავლის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაც იკვეთება. ასე იყო დღეს, საკრებულოს სხდომაზეც.
საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატმა ანა წითლიძემ დასვა შეკითხვა, რატომ შეწყდა მე–4 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მას პასუხი გასცა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ შენობის რეკონსტრუქციის დროს, როცა მშენებლები ჩავიდნენ შენობის საძირკვლამდე, აღმოჩნდა, რომ ის უვარგისია რეაბილიტაციისთვის. მერიამ, კომპანიას აუნაზღაურა თანხა შესრულებული სამუშაოებისთვის და ტენდერი გააუქმა. ელოდებიან დასკვნას ბაღის შენობის შესახებ და მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდება, თუ რა ბედი ელოდება მას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=boz9MveTZig[/embedyt]
საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებას წითლიძემ მიაგება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მე–4 საბავშვო ბაღის ტერიტორიით დაინტერესებული არიან მხარის გუბერნატორი და ზუგდიდის ვიცე მერი.
საკრებულოს სხდომამდე კი, “ზუგდიდელებმა” მე–4 საბავშვო ბაღთან დაკავშირებით რამდენიმე ინტერვიუ ჩაწერა. საბავშვო ბაღის გამგემ დენიზა ხორავამ გვითხრა, რომ იგეგმება ბაღის შენობის გადაპროექტება. ინფორმაციისთვის მივმართეთ ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორს ხათუნა თოლორაიას. მან იცის, რომ მეოთხე ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია, მაგრამ დეტალებზე სასაუბროდ ზუგდიდის მერიაში გადაგვამისამართა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა რუსლან კილასონიამ „ზუგდიდელებს“ უთხრა: „ გამოცხადდა ტენდერი, მაგრამ ის კორპუსი ყოფილა ავარიული, საძირკველი ყოფილა ავარიული და ვერ გაკეთდება რეაბილიტაცია. ვეძებთ ახალ ადგილს. შენობა ბაღისთვის არ ვარგა. შეიძლება სხვა რაღაცა გაკეთდეს, მაგრამ ბაღისთვის არ გამოდგება. შეიძლება დაინგრეს შენობა, შეიძლება არ დაინგრეს, ჯერ ვერ გეტყვით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის”. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა ჯაიანის თქმით, საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქცია უვარგისია და შენობა არაფრისთვის არ გამოდგება. „ბაღის რეაბილიტაციაზე ტენდერი იყო გამოცხადებული, მაგრამ ზეპირი დასკვნა გვეუბნება, რომ საძირკველი არ ვარგა, ამიტომ პროექტი შეჩერებულია და ხელშეკრულება შეწყვეტილია. ამ ეტაპზე, შენობა არაფრისთვის გამოდგება.“
ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა ინდმეწარმე “სოსო გოგოხია”. სოსო გოგოხიას განმარტებით, ობიექტი რემონტს არ დაექვემდებარა, ვერ გაითვალისწინა პროექტის დამკვეთმა და შენობა დასანგრევია. შიგნით სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა, მხოლოდ გარე პერიმეტრზე მიმდინარეობდა. ამ დღეებში გაუქმდება ტენდერი, შემდეგ მომზადდება ახალი პროექტი და ხელახლა გამოცხადება ტენდერი”.
მეოთხე ბაღის შენობაში, დღემდე, სამი იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს. ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ მაღალი ქულები მიიღეს და ამჯერადაც ვერ დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ბინებით. „ჩვენ ამ შენობაში 25 წელია ვცხოვრობთ, ხომ ხედავთ რა მძიმე მდგომარეობაში ვართ. კედლებიდან ბათქაში სცვივა, ჩვენნაირ ადამიანებს თუ არ მისცემენ ბინებს მაშინ რა კრიტერიუმებით ხდება განაწილება? ჩვენთან ადრე, მოვიდნენ და გვითხრეს: დაცალეთ ფართებიო, ნათესავებთან წადიოთო, ალტერნატიულ ფართებს არ გვთავაზობდნენ. ჩვენ არსად ვაპირებთ გადასვლას, დაგვაკმაყოფილონ ფართებით და გადავალთ. ამ ნესტიან ოთახებში არავის უნდა ყოფნა“.- გვითხრა დევნილმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა.
ინფორმაციისთვის: ამჟამად #4 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას აგრძელებს ნაქირავებ ფართში.