- როგორც კანის შედარებით ხშირი პრობლემების (სიმშრალე, გაღიზიანება), ისე უფრო რთული მდგომარეობების (დერმატიტი, ინფექციები, სოკო) დროს თანაბარი ყურადღება გმართებთ, რადგან კანის ჯანმრთელობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია ფიზიკური კომფორტისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის.
ტრიდერმი (Triderm) ასპარეზზე სწორედ ამ მომენტში გამოდის. პრეპარატი შექმნილია იმისათვის, რომ ინტეგრირებული გამოსავალი მოგაწოდოთ და კანის დარღვევის მრავალ ასპექტს მოერგოს.
დიდი ალბათობით, მძიმე გვერდით მოვლენებსა და სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს არ მოელით, როცა კანის სამკურნალო მალამოსთან დაკავშირებით დაწერილ სტატიას კითხულობთ, თუმცა იმედი უნდა გაგიცრუოთ — ტრიდერმი იმაზე ბევრად ძლიერმოქმედი საშუალებაა, ვიდრე წარმოგიდგენიათ, შესაბამისად, მისი გამოყენებისას დიდი ყურადღება და სიფრთხილის ზომების გათვალისწინება გმართებთ.
- ნუ გადაწყვეტთ ტრიდერმის გამოყენებას ექიმთან კონსულტაციის გარეშე
ტრიდერმის არამიზნობრივად გამოყენებამ ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე შეიძლება დაგაყენოთ, ამიტომ ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, სანამ პრეპარატის გამოყენებას დაიწყებთ.
გაითვალისწინეთ, რომ ექიმი ინფორმირებული უნდა იყოს ნებისმიერი ალერგიის შესახებ, რომელიც გქონიათ, განსაკუთრებით მედიკამენტებთან დაკავშირებული მაღალი მგრძნობელობისა და მიუღებლობის შემთხვევებში.
ასევე, აცნობეთ ექიმს, თუ გაწუხებთ დიაბეტი ან კუშინგის სინდრომი.
- არ წაისვათ ტრიდერმი ღია ჭრილობაზე, თვალებთან ან სასქესო ორგანოზე
როზაცეას ან პერიორალური დერმატიტის ქონის შემთხვევაში ტრიდერმის სახეზე დატანას უნდა მოერიდოთ. ნუ დაფარავთ მალამოს ან კრემს სახვევით, თუ ამას ექიმი არ გირჩევთ. არ დაიტანოთ ტრიდერმი ღია ჭრილობაზე.
ასევე დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა ლორწოვან გარსებზე, თვალების ირგვლივ ან თვალის ახლო კანზე. ტრიდერმის თვალში მოხვედრამ შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს — თუ ასეთი შემთხვევა მაინც მოხდება, ამოიბანეთ თვალი დიდი რაოდენობის წყლით.
მოერიდეთ პრეპარატის დატანას ცხვირზე, ყურებსა და სხვა მგრძნობიარე ნაწილებზე. გაითვალისწინეთ, რომ ტრიდერმის სასქესო ორგანოზე წასმა არ შეიძლება, თუ ამის აუცილებლობას ექიმი ვერ ხედავს — სანამ ამას იზამთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალთან.
- დაიცავით ჰიგიენა მალამოს დატანისას
დაიბანეთ ხელი საპნით კანის დაზიანებულ უბანზე ტრიდერმის დატანამდე და ამ მოქმედების შესრულების შემდეგაც. მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის ზედმეტად დიდი რაოდენობა არ შეიზილოთ — დაავადების დასამარცხებლად ტრიდერმის თხელი, ნაზათ შეზელილი ფენაც საკმარისია.
არ გადაიხვიოთ ტრიდერმით დამუშავებული უბანი ოკლუზიური ნახვევით, თუ ამისკენ თქვენი მკურნალი ექიმი არ მოგიწოდებთ. მაქსიმალურად ეცადეთ, არ მოიცვათ ზედმეტად დიდი ფართობი, რათა სხეულში პრეპარატის ჭარბი დოზის შეწოვა არ მოხდეს.
დოზირება და გამოყენების წესი
მოზარდებმა და მოზრდილებმა თხელი ფენა უნდა წაისვან კანის დაზიანებულ უბანზე, მსუბუქი შეზელით, დილასა და საღამოს. დაზიანებულ კანთან ერთად უნდა მოიცვან მის ირგვლივ ჯანმრთელი კანის ზედაპირი. ტრიდერმით მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია როგორც კვლევის/ანალიზების შედეგებზე, ისე თქვენი ორგანიზმის რეაგირებაზე მკურნალობის ამ მეთოდზე, თუმცა საშუალოდ, მაინც 5-7 დღეს შეადგენს.
ტერფის მიკოზების დროს შესაძლოა მკურნალობა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.
2-იდან 12 წლამდე ბავშვებში მცირე რაოდენობის წასმა საჭიროა მხოლოდ კანის დაზიანებულ უბანზე, ფრთხილი შეზელით. გამოიყენება დღეში არა უმეტეს ორჯერ. პრეპარატის ორ წასმას შორის შესვენება, მინიმუმ, 6-12 საათი უნდა იყოს. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ტრიდერმის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ზედოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია ჰიპოფიზარულ-ადრენალური ფუნქციის დათრგუნვა მეორადი ადრენალური უკმარისობის განვითარებით და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების, მათ შორის კუშინგის სინდრომის გამოვლენით, რაც იწვევს არტერიული წნევის მატებას, კუნთების განლევას, ოსტეოპოროზს, ჰიპერგლიკემიას და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ტრიდერმის ზედოზირებას ან არასწორ გამოყენებას მნიშვნელოვანი ზიანის მოტანა შეუძლია, ნუ შეგეშინდება — თუ ექიმის ყველა მითითებას ზედმიწევნით შეასრულებთ, არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ.
ერთი სიტყვით, ტრიდერმი არ არის მედიკამენტი, რომელთან ხუმრობაც კარგი იდეაა — მიუხედავად იმისა, რომ ის კანის დაავადებების წინააღმდეგ საუკეთესო მებრძოლია, მისმა არამიზნობრივმა და არასწორმა გამოყენებამ ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეიძლება დაგიზიანოთ, ამიტომ, გაითვალისწინეთ ჩვენი და, რა თქმა უნდა, თქვენი მკურნალი ექიმის რჩევები.