- დედამიწისგან განსხვავებით, მარსს მზის გამოსხივებისგან თავის დასაცავად გლობალური მაგნიტური ველი არ გააჩნია, თუმცა, როგორც ახლა გაირკვა, წითელი პლანეტა სხვადასხვა რეგიონში გარკვეულ დამცველობით მაგნიტურ ველს მაინც წარმოქმნის. მკვლევრებმა კი ამ ველების უპრეცედენტოდ დეტალური რუკა შექმნეს.
რუკა მეცნიერებს საშუალებას აძლევს უკეთ გაიგონ, როგორ დაკარგა მარსმა თავისი ატმოსფეროს უდიდესი ნაწილი მილიარდობით წლის განმავლობაში.
“დამუხტული ნაწილაკების ამ ნაკადებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ იმ ხანგრძლივ პროცესში, რომელმაც მარსი დროთა განმავლობაში უსიცოცხლოუდაბნოდ გარდაქმნა”, — განაცხადა კოლორადოს უნივერსიტეტის პლანეტარულმა მეცნიერმა რობინ რამშტარდმა.
აღნიშნული რუკების შესაქმნელად მეცნიერებმა ხომალდ MAVEN-სგან ხუთი წლის განმავლობაში მიღებული მონაცემები გააანალიზეს. რუკები აჩვენებს, რომ დამუხტული ველები მარსის გარშემო წყობილ, ორმაგკვანძიან სტრუქტურას ქმნიან, რომელიც მთელ პლანეტას დღისა და ღამის განმავლობაში გარშემო ეხვევა. ამ პროცესში მონაწილეობს მზიური ქარი, რომელთან ურთიერთქმედების შედეგადაც ველები მთელი პლანეტის გარშემო “ბრუნავს”.
მკვლევრებისთვის კიდევ ერთ საინტერესო საკითხს ქარისა და ელექტროდენების ურთიერთქმედების დეტალების გაგება წარმოადგენს. ასევე მნიშნელოვანია იმის დადგენაც, როგორ ხდება ენერგიის გაცვლა მაგნეტოსფეროსა და მზიურ ქარს შორის.
შესანიშნავი ვიზუალიზაციის გარდა, ელექტროდენების რუკა მკვლევრებს დაეხმარებათ გაიგონ, რა ტემპებით განაგრძობს მარსის ატმოსფერო შეთხელებას. მეცნიერებს ჯერ კიდევ ბევრი კითხვა აქვთ იმასთან დაკავშირებით, რა მოუვიდა ოდესღაც არსებულ მარსის სქელ ატომოსფეროს.
წითელი პლანეტის გარშემო არსებული მაგნიტური ველის ქცევის შესწავლით კი, შესაძლოა, გავიგოთ თუ რატომაა მისი ატმოსფერო ასე განსხვავებული ჩვენი ატმოსფეროსგან.