ჩინელმა წყვილმა გატაცებული შვილი 32 წლის შემდეგ იპოვა


  • ჩინელმა წყვილმა იპოვა ვაჟი, რომელიც სასტუმროს შენობიდან 32 წლის წინ მოიტაცეს. გასული წლების მანძილზე მშობლებმა არაერთ ხერხს მიმართეს, ბიჭის დედამ კი 100 000 საინფორმაციო ბარათი დაარიგა გატაცებული შვილის საპოვნელად.

BBC-ის თანახმად, ინციდენტი 1988 წლის 17 ოქტომბერს მოხდა, როდესაც ბიჭი ორი წლის იყო. მამას ის ბაგა-ბაღიდან სახლში მიჰყავდა. გზაში ბავშვმა წყალი მოითხოვა, რის გამოც ერთ-ერთი სასტუმროს შესასვლელთან შეჩერდნენ. ბიჭი სწორედ ამ დროს, წამებში გაუჩინარდა.

მშობლებმა დაკარგული შვილის ძებნის პროცესში მრავალ ხერხს მიმართეს. დედამ სამსახური მიატოვა და 10-ზე მეტ პროვინციასა და მუნიციპალიტეტში 100 000 საინფორმაცო ბარათი დაარიგა, თუმცა მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. მან მონაწილეობა მიიღო არაერთ ჩინურ სატელევიზიო შოუში და შეხვდა 300 ადამიანს, რათა დაედგინა, იყო თუ არა მათგან რომელიმე მისი დაკარგული ვაჟი.

2007 წელს ქალი მოხალისეობრივ სამუშაოშიც ჩაერთო ერთ-ერთ ჯგუფთან ერთად, რათა სხვა მშობლებს დახმარებოდა დაკარგული შვილების პოვნაში. პრესის თანახმად, ამგვარად მან 29 შვილი დაუბრუნა ამავე მდგომარეობაში მყოფ მშობლებს, თუმცა თავად კვლავ უშედეგოდ ეძებდა ბიჭს.

32-წლიანი უშედეგო მცდლეობის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილში, პოლიციამ მიიღო ცნობა სიჩუანის პროვინციაში, ქალაქ ქსიანში მცხოვრები კაცისაგან. ასე მიაგნეს სამართალდამცავებმა ახლა უკვე  34 წლის კაცს, ჩატარდა დნმ-ის ტესტიც და დადასტურდა, რომ ის ზემოხსენებული წყვილის ვაჟია.

პოლიციის თანახმად, გატაცების შემდეგ ის უშვილო წყვილს $840-ად მიჰყიდეს. მისმა ბიოლოგიურმა დედამ შვილის გამოჩენის ამბავი 10 მაისს შეიტყო, როდესაც ჩინეთში დედის დღეს აღნიშნავენ.

“ეს საუკეთესო საჩუქარია, რაც კი ოდესმე მიმიღია”, – თქვა მან.

გამოძიება 32 წლის წინ მომხდარ ინციდენტზე ახლაც გრძელდება. პოლიციას ჯერ არაფერი უთქვამს წყვილზე, რომელმაც ბიჭი აიყვანა.

ბავშვთა გატაცებისა და ტრეფიკინგის პრობლემას ჩინეთი ათწლეულებია აწყდება. BBC-ის თანახმად, ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, თუმცა მოხალისეობრივი ჯგუფის ვებგვერდზე მოიძებნება 22 000-ზე მეტი წერილი ადამიანებისა, რომლებიც დაკარგულ ბავშვებს ეძებენ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!