2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყება


  • 2025 წლის რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ნინო წერეთელმა ბრიფინგზე ისაუბრა.

“წელსაც ცენტრის მთავარი რჩევა გამოსაცდელებისათვის იქნება, რომ დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას და, რაც მთავარია, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ თარიღებს. ამ მხრივ, გამოსაცდელებისათვის წელს გვაქვს მცირე, თუმცა მათთვის მნიშვნელოვანი სიახლე  – იმ შემთხვევაში, თუ  ისინი გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია“.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია:  

ძირითად ეტაპზე – 2 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის საფასური და შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 10 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ მათ საგამოცდო ქალაქის შეცვლის შესაძლებლობაც. 

დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს არაერთხელ შეეძლებათ შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი. მათი არჩევის, წაშლისა და გადანაცვლების საშუალება გამოსაცდელებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge.

აბიტურიენტთა მეტი ინფორმირებულობის მიზნით, 2025 წელსაც გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები გამოსაცდელებისათვის როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმში. დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება. 

გაითვალისწინეთ, რომ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არ სწავლობენ დამამთავრებელ კლასში, 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაიშვებიან. ცენტრი განიხილავს მომდევნო წელს არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ალტერნატიული პროექტის შეთავაზების შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც სრულად მოხდება საგამოცდო პროცესის იმიტაცია.

მასწავლებლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის თარიღები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 23 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!