ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, ზუგდიდის მერის 19 მაისის რიგგარეშე არჩევნებზე ძალიან ბევრი სტუმარი ჰყავს.
ქალაქში საარჩევნოდ ცნობილი სახეები ჩამოვიდნენ,–სამთავრობო და არასამთავრობო ჯგუფების წარმომადგენლები, პარლამენტარები, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების ჟურნალისტები, ოპერატორები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დამკვირვებლები.
ქუჩებში ხალხმრავლობა, გაიზარდა მანქანების რაოდენობა, იმატა საცობების რიცხვმა.
საინტერესო ამბავი ხდება სასტუმრო ბიზნესში. “ზუგდიდელებმა” www.booking.com-ში აღმოაჩინა, რომ ზუგდიდში ყველა დიდი სასტუმრო და პოპულარული საოჯახო სასტუმრო დაკავებულია. ამ სასტუმროებში, 18–19–20 მაისისთვის, დაჯავშნილია ყველა ნომერი.
ამ დროისთვის უჩვეულო მოთხოვნაა საოჯახო სასტუმროებზეც. არჩევნების გამო ზუგდიდში ჩამოსული სტუმრები მოსახლეობასაც უკავშირდებიან ნაცნობების მეშვეობით და ითხოვენ ორი დღით ოთახების მიქირავებას. სასტუმროს ადმინისტრატორების პასუხი ერთია–ხომ იცით, კვირას არჩევნებია.