მასწავლებლის გლობალური ჯილდოსა და მთავარი პრიზის 1 მილიონი აშშ დოლარის მფლობელი 36 წლის პიტერ ტაბიჩი გახდა, მასწავლებელი კენიის ნაკურუს მხარიდან, რომელიც ერთ-ერთ უღარიბეს სოფელ პვანში, კერიკოს სკოლაში მათემატიკას და ფიზიკას ასწავლის. 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოსთვის 179 ქვეყნის 10 000-ზე მეტი პეგადოგი იბრძოდა, სპეციალურმა ჟიურიმ ჯერ საუკეთესო 50 მასწავლებელი შეარჩია, შემდეგ 10 საუკეთესო გამოავლინა.
მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსს Varkey-ს ფონდი მეხუთე წელია ატარებს. 2015 წელს, პირველი გამარჯვებული, მეინის შტატიდან ლიტერატურის პედაგოგი, ამერიკელი ნენსი ეტველი გახდა. 2016 წელს ჯილდო პალესტინელმა ჰანან ალ-ჰრუბმა მიიღო. 2017 წელს – კანადელმა მასწავლებელმა მეგი მაკდონელმა გაიმარჯვა, 2018 წელს კი მთავარი პრიზი ხელოვნების მასწავლებელს, ბრიტანელ ანდრია ზაფირაკუს ხვდა წილად.
საქართველომ გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია მხოლოდ 2017 წელს მიიღო და იმავე წელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ჩიბათის საშუალო სკოლის პედაგოგი ლადო აფხაზავა გახდა. პირველმა სწორედ მან წარმოადგინა საქართველო მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე.
მასწავლებლის გლობალური ჯილდოსა და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ისტორია კი გრძელდება. 2018 წლის საქართველოს საუკეთესო მასწავლებელი, ბაღდათის მე-2 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების პედაგოგი მანანა კაპეტივაძე გახდა.