- 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ.
რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე -daxmareba.moh.gov.ge
„ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.
იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველბებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. სამინისტროს განმარტებით, დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505.