ქალბატონ ნატო ბულიას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოში შევხვდით. ერთბაშად და იმთავითვე ვერ მიიღო ჩვენი სტუმრობის კეთილი ნება, მაგრამ დამშვიდობებისას, სავიზიტო სიმღერა, სითბო და სახლში მიპატიჟება გულწრფელად გამოგვაყოლა. არც ჩვენ დავაყოვნეთ სტუმრობა,-ახლა მის საცხოვრებელ სახლში ვართ.
წვიმიანი ამინდია. ოჯახის დიასახლისი ჭიშკართან მელოდება. მასთან ერთად მესალმება მისი ოთხფეხა მეგობარი, დიასახლისი მამშვიდებს, “ნუ გეშინია, არავის კბენს, პირიქით, უხარია სტუმრის მოსვლა და მიღებაო”. იქვე, აივანზე ზის ქალბატონი ნატოს ძმა, ბატონი პლატონი, რომელიც წოდებით ოფიცერი, თავის დროზე, ეროვნული გვარდიის მთავარ სამმართველოში მუშაობდა. და-ძმა ლევან მეორე დადიანის შესახვევში, პატარა, ამორტიზირებულ ხის სახლში 40 წელია ცხოვრობენ. ქალბატონი ნატო გვიყვება, რომ სახლში, ხუთი ოთახია. აწვიმს, კედლები გაბზარულია, იატაკი მოშლილია, ოთახებში ნესტის სუნია. ძლიერმა ქარმა ფანჯრებს მინა ჩამოაგდო, ზოგიერთი მინა კი, როგორც ოჯახის დიასახლისმა გვითხრა, ცელქმა ბავშვებმა ჩაუმსხვრიეს, რომლებიც ოჯახს ხშირად აწუხებენ, ეტყობა სახლის ავრიული ექსტერიერის გამო. ახლახან, სახლის უკანა მხარეს, აივანი ჩაინგრა. ქალბატონი ნატო ამბობს, რომ წვიმის დროს, ზამთარ-ზაფხულ სახლის შემოგარენი იტბორება და იქ გაჩერება სიცოცლისათვის საშიშია.
„სახლს არც საძირკველი უვარგა, არც ჭერი და კედელი. ავარიულია. ავარიულია დოკუმენტალურად. გვაწვიმს, გვათოვს. სულ ასეთი კი არ ვიყავით. იყო დრო, როცა ჩვენი ოჯახი მატერიალურად მყარი იყო. დახმარების ხელი ბევრისთვის გაგვიწოდებია. ლუკმა-პური გაგვიყვია, მაგრამ ცხოვრება სულ სხვანაირს ხდის ადამიანს. 62 წლის გახლავართ, ჯანმრთელობის მდგომარეობა შერყეული მაქვს, არსად ვმუშაობ და არც შემიძლია. ამ სახლში ცხოვრება არ შეიძლება, ადგილობრივი ხელისუფლებიდანაც იყვნენ, ექსპერტიც მოიყვანეს, დასკვნა დადეს, რომ ამ სახლში ცხოვრება საშიშია. გვითხრეს, ქირის ფულს ჩვენ გადაგიხდითო და ბინა თქვენ მოიძიეთო, 50 ლარადო, მაგრამ ამ ფასად ჩვენ ვერაფერი მოვიძიეთ. რა ვქნათ არ ვიცით, ვის უნდა მივმართოთ, ვინ გვიშველის…”
ადრე, ქალბატონი ნატო, თურქეთში, ერთ-ერთ ფაბრიკაში მუშაობდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ისევ სამშობლოში ჩამოვიდა. ამჟამად, და-ძმა არსად არ მუშაობს. თვეში, მათი შემოსავალი გახლვათ 347 ლარი, რომელიც სახელმწიფოსგან ეძლევათ: “ეს გახალვთ ჩემი ძმის ომის ვეტერანობის თანხა 22 ლარი, ჩემი პენსია 200 ლარი, სასადილომდე მგზავრობის საფასური 25 ლარი, სოციალური დახმარების 50-50 ლარი. სხვა შემოსავალი ჩვენს ოჯახს არ გააჩნია. ეს თანხა წამლებისთვის არ გვყოფნის. მადლობა უფალს, რომ საკვები უფასო სასადილოდან მოგვაქვს. ყოველ დღე დამაქვს საკვები. თქვენც ხედავთ, მაცივარი არ გვაქვს. სარეცხ მანქანაზე საუბარი ზედმეტია. გვაქვს ძველი, მწყობრიდან გამოსული ტელევიზორი, სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები ჩვენ არ გაგვაჩნია”.
ოჯახის დიასახლისისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს სახლში ჭის უქონლობა. ის ყოველდღიურად მეზობლის სახლიდან ეზიდება წყალს. კიდევ ერთი პრობლემა, რაც ოჯახს აწუხებს, ეს გახლავთ სველი წერტილების უქონლობა.
და-ძმა შეშის ღუმელით თბება. როგორც ქალბატონმა ნატომ გვითხრა, შეშად იყენებენ ეზოს ფიჩხებს. მისი თქმით, ადრე მთავრობამ მოუტანა ნაძვის მორები, მაგრამ ვერ დაჩეხეს და ახლაც უწყვიათ ეზოში. სოციალურად დაუცველი ქალბატონი ამბობს, რომ მას არ აქვს ბოსტანი. არ ჰყავს შინაური ფრინველი და ცხოველი. “წესით უნდა მქონოდა ბოსტანი, ან მყოლოდა ქათამი, ან ძროხა, მაგრამ ეს ძვირი ფუფუნებაა, თანაც ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს. ყველაფერს მოვლა და პატრონობა სჭირდება”… “…ზოგიერთებს ყველაფერი აქვთ, ორი ბინა და ორი სახლი, მესამესაც უშენებენ. მე რატომ არა? გგონიათ ვიტყუები? ტყუილი არასდროს გვითქვამს. მე გახლავართ ორი არქიმანდრიტის ოჯახიდან”. ქალბატონმა ნატომ მის სიტყვებში ეჭვი რომ არ შეგვპარვოდა, დასტურად ფოტო გვიჩვენა და გვითხრა, რომ ფოტოზე ასახული იყო ბაბუამისის ძმა არქიმანდრიტი ტიხონ ბულია და არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარაია.
ნატო ბულია ამბობს, რომ მისი მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ, იცის ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბატონმა მერაბ ქვარაიამ, რომელსაც პირადად ესაუბრა. თავის დროზე, ნატო ბულია შეხვდა ქალაქის ყოფილ მერებსაც: ირაკლი გოგოხიას და ლაშა გოგიას, როგორც ის ამბობს, მათგან მიიღო დაპირება, მაგრამ უშედეგოდ.
და-ძმამ ცხოვრებაში, ბევრი სიმწარე იგემა. ქალბატონი ნატო ამბობს, რომ მისი ძმა შეთითხნილი ბრალდებებით დაკავებული იყო, მაგრამ დიდი ბრძოლისა და გასაჩივრების შემდეგ, ის, წელიწადნახევარში, გაათავისუფლეს. ამბობს, რომ მისი ოჯახი რეპრესირებული ოჯახია. “ჩემი ძმა ნატანჯი ადამიანია. 22 ლარით უფასებენ მას სამშობლოსთვის გაწეულ სამსახურს. ვეტერანთა კავშირში უამრავი დახმარებაა, მაგრამ როცა მივდივარ მათთან, უშვერი სიტყვებით მლანძღავენ. შარშანწინ მივუსწარი, გასანაწილებლად ჰქონდათ სამხედრო ტანსაცმლები, ტკბილეულობა. მითხრეს, თქვენ არ გეკუთვნითო, რადგან თქვენ გაქვთო 50 ქულა. ჩვენ არაფერ შუაში ვართო, თბილისთან გაარკვიეთო. კიდევ ერთხელ მქონდა შემთხვევა-ორი ბოთლი ღვინოთი დავბრუნდი სახლში. მითხარით, ჩემს ძმას რატომ არ ეკუთვნის დახმარება?”
პლატონ ბულია უარს ამბობს არა მარტო ვიდეოჩაწერაზე, არამედ ვიდეოში მის სახის გამოჩენაზეც, მაგრამ გვიყვება, რომგორ მუშაობდა მტვირთავად და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, როგორ გახდა იძულებული თავი დაენებებინა მუშაობისთვის. იხსენებს, როგორ დალეწეს მისი საცხოვრებელი სახლი “მხედრიონელებმა” მისი პოლიტიკური ხედვის გამო. თუ როგორ დევნიან დღემდე ის ადამიანები, ვინც სახელმწიფო სამსახურში იმყოფებიან იმ პოზიციაზე, რომელზეც წესით არ უნდა იმყოფებოდნენ. „მე ვარ საქართველოს ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი და ერთ-ერთი დამაარსებელი შეიარაღებული ძალებისა საქართველოში. ჩვენ, ვეტერანებს, მხოლოდ 22 ლარი გვეძლევა. ესეც ბატონ ვახტანგ (ლოთი) ქობალიას დამსახურებაა, რისთვისაც ვმადლობ მას, მაგრამ მითხარით, რა უნდა გავაკეთოთ ამ თანხით? ეს თანხა წამლებისთვის არ გვყოფნის. შეიძლება პურთან ერთად მინერალური წყალი შევიძინო. მე ვითხოვ ერთ რამეს: თუ მთავრობას ჩვენი რჩენა არ შეუძლია, გაგვამგზავრონ აქედან. დავტოვებ საქართველოს. მე ორჯერ, სახლში, 15-15 დღე ვშიმშილობდი, ვაპროტესტებდი ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას, მაგრამ შეუძლოდ გავხვდი. ვთხოვ, მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების პრეზიდენტებს, გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომ მე და ჩემი და გაგვიყვანონ საქართველოდან, როგორც რეპრესირებული ოჯახი. ვითხოვთ, პოლიტიკურ თავშესაფარს. არ გვინდა საქართველოში ცხოვრება, სანამ არ დაწყნარდება ყველაფერი“.
მიუხედავად დიდი გულისტკენისა, იმედგაცრუებისა, გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობებისა, და-ძმა თბილი სიტყვებით მემშვიდობება.
22 ლარი ომის ვეტერანებს… ვეტერანთა საქმეების სამეგრელო ზემო-სვანეთის სამმართველოს სპეციალისტი ლაურა ადამია “ზუგდიდელებს” ეუბნება, რომ “სახელმწიფომ ჯერ-ჯერობით ამ კატეგორიის ხალხისთვის 22 ლარი ვერ შეცვალა. რაც შეეხება სხვა დახმარებას, თბილისიდან მოდის სიები. გარდა ამისა, ვეტერანი უნდა იყოს პირველი, ან მეორე ჯგუფის ინვალიდი. არის შესაძლებლობა, მათ დავეხმაროთ მედიკამენტებით. თუ წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტს-ფორმა 100-ს”.
საკითხთან დაკავშირებით, „ზუგდიდელები“ დაუკავშირდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილეს თამუნა სოსელიას. მისი განმარტებით, ბულიების საცხოვრებელ სახლში, პირველად, 2016 წელს იმყოფებოდა მშენებლობის სამსახურის წარმომადგენელთან ბორის ღადუასთან ერთად. „ადრე, სახლის მშენებლობის პროგრამა არ გვქონდა. სოციალურად დაუცველებისთვის გვქონდა სახლის სახურავის და რემონტის პროგრამა. როცა ადგილზე მივედით, საშინელი მდგომარეობა იყო, სახლი ავარიულია, შეუძლებელია იქ ცხოვრება. ქალბატონმა ნატომ, რატომღაც, ძნელად მიიღო სოციალური დახმარება, სულ მაღალი ქულები ჩამოსდიოდა და ისევ ჩვენი შუამდგომლობით გაუკეთდა სოციალური დახმარება. შემდეგ უფასო სასადილოში ჩავწერეთ, ერთჯერადი დახმარებებით რაღაცნაირად გაჰქონდათ თავი, თუმცა რემონტის და სახურავის უზრუნველყოფის პროგრამაში იმიტომ ვერ ჩავსვით, რომ სახლი არ ექვემდებარება რემონტს, სახლი დასაშლელია. შარშან გვქონდა სახლების მშენებლობის პროგრამა, ქალბატონმა შემოიტანა განცხადება, მაგრამ ვერ მოხვდა ამ პროგრამაში. დიდი კომისიაა, 35 კაციანი, რატომღაც საკმარისი ქულები ვერ დააგროვა“.
თამუნა სოსელია ამბობს, რომ ნატო ბულიამ, მარტის თვეში, სოციალურად დაუცველთა სახლის მშენებლობის და “თბილი ოთახის” პროგრამაში ისევ უნდა შემოიტანოს განცხადება. „იქნებ, რამენაირად დავეხმაროთ. მართლა დასახმარებელი ოჯახია“.-გვითხრა მან.
“იქნებ” არა, მართლა უნდა გამოჩნდეს ვინმე, რომელიც ამ ადამიანებს კი არ გაამდიდრებს, არამედ იმდენს გააკეთებს, რომ უსაფრთხოდ იცხოვრონ, საკმარისად იკვებონ და ჯანმრთელობა შეინარჩუნონ.
“ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!”
ე. ვეკუა