12 თებერვალი მუზემის დამაარსებლის აკაკი ჭანტურიას დაბადების დღეა


  • დღეს, 12 თებერვალს, ზუგდიდის მუზეუმის სულისჩამდგმელის აკაკი ჭანტურიას დაბადების დღეა.

აკაკი ჭანტურია 1881 წლის 12 თებერვალს ინწრა-მოროჟის ნაპირებზე მდებარე სოფელ ჩქვალერში, მღვდელ ივანე ჭანტურიასა და ქალბატონ ხანძე შამუგიას ოჯახში დაიბადა. იგი მეხუთე ბიჭი ყოფილა. მშობლებმა მას დიდი პოეტის სახელი – აკაკი დაარქვეს. აკაკის ადრეულ ასაკში გარდაეცვალა მამა და ძმებმა გაზარდეს.

პირველი განათლება ახალსენაკის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. თვითგანათლებასაც ეწეოდა: იძენდა ქართულ-რუსულ ლიტერატურას და სანამ უცხოეთში წავიდოდა, შექმნა საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა.

მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით მუშაობდა ქალაქ ბათუმში როტშილდის ქარხანაში. გადაწყვეტილი ჰქონდა ინგლისში წასვლა და შეისწავლა ინგლისური ენა. 1904 წელს გაემგზავრა ლონდონში. იქ დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ლონდონის უნივერსიტეტის გეოლოგიურ ფაკულტეტზე. თავის რჩენის მიზნით მასწავლებლობაც დაიწყო.

ლონდონში ყოფნის დროს დაუმზადებია თვითნაკეთი ჩონგური, რომელზეც უკრავდა და მღეროდა, ნათქვამია ერთ-ერთ მოგონებაში. (გამოდიოდა ხალხური შემოქმედების საღამოებზე ლონდონში).

დაამთავრა გეოლოგიის ფაკულტეტი, შეისწავლა არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ისტორია, კარტოგრაფია, სამუზეუმო საქმე, ფილოლოგია, ფოლკლორი და ხელოვნება.

აკაკი ჭანტურია იყო პირველი ქართველი, რომელმაც იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო.

1919 წელს გაემგზავრა ამერიკაში ცოდნის გასაღრმავებლად. ინგლისში დაბრუნების შემდეგ ცოლად შეირთო ლონდონელი ქალი – ქეთრინ უოლტერ ბოლი.

1920 წელს მეუღლესთან ერთად დაბრუნდა საქართველოში. აკაკი ჭანტურიას მიზანი იყო მუზეუმის დაარსება ზუგდიდში. ოცნება აისრულა, თუმცა მიზნისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთული და ეკლიანი აღმოჩნდა.

საქართველოს ეროვნულ მთავრობას სურდა მჭიდრო კავშირი დაემყარებინა აკაკი ჭანტურიასთან. ნოე ჟორდანიას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი შეუთავაზებია, მაგრამ აკაკი არ დათანხმებულა, რადგან მისი ერთადერთი მიზანი ზუგდიდში მუზეუმის დაარსება იყო.

იმ დროს ზუგდიდში რევკომს თავმჯდომარეობდა აკაკი ქავთარაძე, განათლებული და ჭკვიანი კაცი. როგორც კი გადაწყდა საკითხი დადიანების ქონების საფუძველზე ზუგდიდში მუზეუმის გახსნის შესახებ, მაშინვე მოუწვევიათ აკაკი ჭანტურია და ისიც შეუდგა მუზეუმის გახსნისთვის მზადებას.

მუზეუმი გაიხსნა 1921 წლის 1 მაისს ,,სამეგრელოს მუზეუმის“ სახელწოდებით. აკაკი ჭანტურიამ არა მხოლოდ დადიანების ნივთები და წიგნები გადაარჩინა განადგურებას, არამედ საეკლესიო საგანძურიც შემოგვინახა.

1937 წლიდან დაიწყო აკაკი ჭანტურიას აშკარა დევნა. საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და განძის გადასარჩენად მან არნახული ცინიზმი, შეურაცხყოფა და დამცირება აიტანა. მძიმე ეკონომიურ პირობებში მყოფს მეუღლეც ადრე გარდაეცვალა და მოსავლელად დარჩა ხუთი მცირეწლოვანი შვილი.

2014 წელს მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ აკაკი ჭანტურიას დაუდგა ძეგლი მუზეუმის ეზოში, რომელიც დარაჯად უდგას თავის სანუკვარ მუზეუმს.

ნინო ლაგვილავა, დადიანების სასახლის ბიბლიოთეკარი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 23 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!