დღეს, სამოქალაქო მოძრაობა “სამეგრელოს ხმის” ლიდერი თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდა დამოუკიდებელ კანდიდატად ზუგდიდის მერის პოზიციაზე. ჯგუშიამ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის ითხოვს თბილისში საარჩევნო უბნების გახსნას იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ზუგდიდში არიან რეგისტრირებული და ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.
“მივმართავ ცეესკოს თავმჯდომარეს ქალბატონ თამარ ჟვანიას და საოლქოს თავმჯდომარეს მირანდა მესხს, თბილისში მყოფი ზუგდიდელებისთვის გაიხსნას რამდენიმე საარჩევნო უბანი, 50 მინიმუმ. ამით ავიცდენთ ამ ადამიანების ხარჯებს. არიან სტუდენტები, ადამიანები, რომლებიც სამუშაოდ არიან წასულები და ვერ ახერხებენ ზუგდიდში ჩამოსვლას არჩევნების დროს, რასაც კარგად იყენებს ხელისუფლება. ურეკავენ და ეუბნებიან, ჩვენ ჩამოგიყვანთო, რაც, თავისთავად, მოსყიდვაა”.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განაცხადა, რომ ჯგუშიას ამ ინიციატივას გადასცემს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. “რაც შეეხება ბატონი თენგოს წინადადებას, წარვადგენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. კომისია ალბათ, განიხილავს, წარადგენს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით. ვნახოთ, რა შედეგი მოყვება”.
ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისს გაიმართება.