- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხეცერას ადმინისტრაციულ ერთეულში, დაიწყო გზის კაპიტალური მშენებლობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრუნტის სამუშაოები. პირველ ეტაპზე სოფელში, 2300 მ. საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სამი ადმინისტრაციული ერთეული (ხეცერა, აბასთუმანი და ნარაზენი) დაუკავშირდება ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ გზის მშენებლობისას გათვალისწინებულია მილხიდებისა და სანიაღვრეების მოწყობა.
სამუშაოების პროცესს ადგილზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია გაეცნენ.
ხეცერაში, საავტომობილო გზის მშენებლობისთვის 800 000 ლარია გამოყოფილი და მას მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს.