ჭაქვინჯელი მეფუტკრე დახმარებას ითხოვს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭაქვინჯში, მცხოვრებმა, 63 წლის, ჯენერ მგალობლიშვილმა ფუტკრის მოშენება და თაფლის წარმოება 20 წლის წინ დაიწყო. თავიდან, საქმეს მეუღლესთან ერთად უძღვებოდა, მაგრამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მარტო უწევს საქმაოდ შრომატევადი საქმის კეთება. წლების განმავლობაში, მას არაერთი გამოწვევის გადალახვა მოუწია, მაგრამ საყვარელი საქმისთვის არასდროს დაუნებებია თავი. პირიქით, როგორც თვითონ ამბობს, “გამოწვევებს არასდროს არ შევუშინებივარო“. ბატონ ჯენერს, ფუტკრის 100-მდე ოჯახი ჰყავს.

ჯენერ მგალობლიშვილი: “-პროფესიით ზეინკალ-შემკეთებელი ვარ. წლების წინ, თავზე ურთულესი ოპერაცია გამიკეთდა, გადავრჩი, მაგრამ ყოველ ექვს თვეში, კონტროლზე მიწევს ქუთაისში ჩასვლა. ექიმები მეუბნებიან, მზეზე დიდხანს არ უნდა გაჩერდეო, მძიმე არ უნდა ასწიო და თავი ზედმეტად არ უნდა გადაიტვირთოო, მაგრამ სოფლის ცხოვრების ამბავი ხომ იცით… უნდა იშრომო. სანამ ფუტკარს შევიძენდი, შევისწავლე და გავეცანი ფუტკრის ოჯახის ცხოვრება. ეს ძალიან საინტერესოა. ფუტკრები ძალიან შრომისმოყვარეები არიან. მეც შემიყვარდა ეს საქმე და  ვფიქრობ მის განვითარებაზე.

წლების განმავლობაში, უამრავი სასარგებლო ცოდნა და რჩევა მიმიღია, რომელიც შემდეგ პრაქტიკულ საქმიანობაში გამომიყენებია. ჩემი ცხოვრება ვერ წამომიდგენია ამ საქმის გარეშე. როგორც გითხარით, თავიდან, 80 ოჯახი მყავდა. გავამრავლე და დღეს, 100-მდეა. ეს ყველაფრი დიდ შრომასთან ერთად, ფინანსებთანაა დაკავშირებული, – შარანწინ, ფინანსურად ძალიან გამიჭირდა და გადავწყვიტე რამდენიმე ოჯახის გაყიდვა, მაგრამ ვერ შევძელი. მყიდველი მოვიდა და მხოლოდ 10 ოჯახი გავატანე. ჩემმა დებმა მითხრეს, მეტი რატომ არ გაყიდეო. მე ვუთხარი, მეტის შეძენა არ სურდათ მეთქი. მოვატყუე, სინამდვილეში ვერ გავიმეტე.

ჩემი საქმის გასაგრძელებლად მჭირდება დახმარება და ხელშეწყობა. ამ ეტაპისთვის, გამოსაცვლელია ყუთები, – უმძიმეს მდგომარეობაშია. შარშან, ივლისის თვეში, ძველ ყუთებს როცა ვცლიდი, ყუთს ქვედა ნაწილი მოძვრა და ფუტკარები დაგვესია მე და ჩემს ძაღლს. სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადამიყვანა. ექიმებმა მითხრეს, სასწაულად ხარ გადარჩენილიო. სამწუხაროდ, ჩემი ძაღლის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ და დღემდე განვიციდი ამ ამბავს. ასევე, საქმის გასაგრძელებლად მჭირდება, თაფლის ჩასასხმელი ჭურჭლები და ელექტრო საწური, რომელიც გამიადვილებს მუშაობას. მინდა გთხოვოთ, ხმა მიმაწვდენინოთ შესაბამისი ორგანიზაციების წარმოამდგენლებისთვის, –  დამეხმარონ ამ საჭირო ინვენტარებით. თუ ეს დახმარება არ აღმომაჩნდა, მაშინ მომიწევს საქმისთვის თავის დანებება.

ახლა ფუტკრები ხაიშში მყავს. თვის ბოლოს, ისევ, სახლში უნდა დავაბრუნო. ხაიშში, რომ ავიდე, მანქანას ვქირაობ. ჩემი თაფლი ეკოლოგიურად სუფთაა, სასარგებლო და გემრიელია. ყველას მოსწონს. განსაკუთრებულად მოსწონთ, კახეთის მონასტერში მყოფ დედაოებს. მაქვს შეკვეთები და ვაგზავნი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ერთი ლიტრი თაფლის ღირებულება 20 ლარია. დიდი სურვილი მაქვს, სანამ ფეხზე ვდგავარ, გავაგრძელო ეს საქმე. შემდეგ ალბათ ჩემმა შვილიშვილები მომესწრებიან”.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!