ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ, მდინარე ენგურის ადიდება გამოიწვია. ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ენგურმა რამდენიმე მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი დატბორა. პრობლემურ მუნიციპალიტეტებში დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდები და გაბიონები.
სტიქიის კერებში წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები და პოლიცია. არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობოდნენ მუნიციპალიტეტების გამგებლები და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და გამგეობებში შექმნილია საგანგებო შტაბები. მუშაობს ზარალის დამთველი სპეციალური კომისია. წუხანდელთან შედარებით, წყლის დონემ მდინარეებზე იკლო, ამ დროისთვის, სამეგრელოში, აღარ წვიმს.