ცირა გვასალია-კინოდოკუმენტალისტი, ჟურნალისტი, cactus-media. ge


  • როგორ ცხოვრობენ საზოგადოების აქტიური წევრები, რა გამოწვევების წინაშე დგანან, რა უხარიათ და რა უჭირთ,-ჩვენ ვიწყებთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების დღიურების ბეჭდვას. ვფიქრობთ, ეს ჩანაწერები ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება. ერთი კვირის დღიურები, პირველმა, cactus-media. ge-ს რედაქტორმა, კინოდოკუმენტალისტმა, ჟურნალისტმა ცირა გვასალიამ გამოგვიგზავნა:

17 მაისი, ორშაბათი

ახალ კორონავირუსსა და მისით გამოწვეული ინფექციის – COVID-19-ის შესახებ ინფორმაციის კვლევა-ძიებისა და თარგმნიდან 1 წელზე მეტი ხნის შემდეგ, გუშინ გავიკეთე “სინოფარმის” ვაქცინა ზუგდიდში, რუხის კოვიდ კლინიკაში.

ვაქცინაციის პროცესი იყო ძალიან ორგანიზებული და გაკონტროლებული. შესასვლელი იყო ცალკე, – არა კოვიდ პაციენტების შესაყვანი და სიტუაციას აკონტროლებდა 1 ექიმი და 2 მეთვალყურე. 45 წუთი ვიყავით ყველანი. არავინ გამხდარა ცუდად. მე უშიშრად ვიყავი, ისედაც და ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, არ მქონია არანაირი შიში და შფოთი.

თან მიხაროდა, რომ მერგო ეს ვაქცინა, რომელზეც თეორიულად ბევრი რამ მქონდა წაკითხული და ნათარგმნი. ვიცოდი, რომ ეს ვაქცინა არის უსაფრთხო და გარკვეული პროცენტულობით ეფექტურიც, არის გამოცდილი 60 + მილიონ ადამიანზე მსოფლიოში და ცუდი adverse event არსად დაფიქსირებულა.

ცხადია, ეფექტურობის დონეზე არის კითხვები, მაგრამ მირჩევნია გავიკეთო ის, რაც ახლა არის ხელმისაწვდომი, ვიდრე ველოდო თეორიულ უკეთესს. ვაპირებ ვიარო ნიღბით, ორივე დოზის მიღების შემდეგაც კი, რადგან ზუსტად ვიცოდე, რომ რისკები მინიმალურია, ახალი შტამების გათვალისწინებით. მოგეხსენებათ, ახალი შტამების წინაშე ოდნავ სუსტდება ყველაზე ეფექტური ვაქცინებიც, ამიტომ ნიღბის ტარება ყველა წამყვანი ინფექციონისტის რეკომენდაციაა ამ ეტაპზე.

ანალიზები არ ამიღია წინასწარ, რადგან ამაზე რეკომენდაციები არ არსებობს და წინასწარი ანალიზებიც არაფრის გარანტიას არ იძლევა. უბრალო და ტყუილი დანახარჯია და ზოგჯერ შეცდომაში შემყვანიც.

დღეს მეორე დღეა ვაქცინაციის. არ მქონია არანაირი გვერდითი მოვლენა. თავს კარგად ვგრძნობ და ჩვეულებრივ ვმუშაობ.

მჯერა, რომ პანდემიის დროს არავინაა დაცული, თუკი ყველა არ არის დაცული. ამიტომაც მივიღე ეს ვაქცინა, არაერთ სხვა მიზეზთან ერთად. მეორე დოზა 21 დღის შემდეგ, 7 ივნისს, დავჯავშნე თბილისში.

18 მაისი, სამშაბათი

მუშაობის შემდეგ და ცოტა დასვენების მიზნით, თომა გავასეირნე მდინარის მიმართულებით. ძალიან უყვარს აქ სეირნობა. ძალიან დამჯერია, იმ გზებით მიდის, სადაც მე მივუთითებ. ზოგჯერ ფეხს თუ აუჩქარებს, ვეუბნები, რომ შეანელოს. ანცობის ხასიათზეა, დამიჭირეო და გარბის. ჩემზე რამდენიმე მეტრით წინ მიმავალი თომა უცებ ჩერდება. რაღაც „უღობავს“ გზას. რატომ არ მიღოღავს, მკვდარია? რამემ დააბიჯა?

ჩემთვის შესაშური სიმშვიდით ამბობს თომა და აგრძელებს ჩვენს დღევანდელ დისკუსიას გველებზე. მშობლები და მამიდა ვუყვებოდით, როგორი ჭკვიანები და კეთილები არიან გველები და რომ მათი მოკვლა ძალიან ცუდი საქციელია.

გველები კეთილები არიან, – თითქოს თავის თავს არწმუნებს თომა და გაკვირვებას ვერ მალავს, თუ ვის უნდა მოეკლა ეს უწყინარი და კეთილი გველი.

ჭიაყელების ეშინია, ცოტა არ იყოს. სიზმრებში მეცხადებიან და მჭამენ და მჭამენო, შემომჩივლა ერთხელ. ამიტომ ჭიაყელებზე საუბარს ვერიდებით.

                                                            19 მაისი, ოთხშაბათი

დღეს, „კაქტუსისთვის“ ზუმ ინტერვიუ მქონდა ირმა კირთაძესთან. ირმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევის სამაგისტრო პროგრამის ასისტენტ-პროფესორი და ადიქციის კვლევით ცენტრ “ალტერნატივა ჯორჯიას” მთავარი მკვლევარია. ირმა ორი წლის წინ გავიცანი, “კაქტუსის” ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ახალგაზრდების ცნობიერებას ეხებოდა ნარკოტიკებზე.

ამ პროექტის ფარგლებში ერთი თვისებრივი კვლევა ჩავატარეთ, სადაც 30 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას, დავწერეთ 15 ადამიანური ისტორია და ვთარგმნეთ მასალები ნარკოტიკებზე, მათ შორის, მარიხუანაზე. ირმა ძალიან დაკავებულია და ძალიან ხშირად ღამეებიც კი გაუთენებია იმისთვის, რომ “კაქტუსს” ამ პროექტის რეალიზებაში დახმარებოდა. ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობით აღსავსე ქართველია, ვისაც კი ვიცნობ და ვისთანაც თანამშრომლობის პრივილეგია მქონია.

დღეს სწორედ მარიხუანაზე ვისაუბრეთ მე და ირმამ – ყველაზე ხშირად გამოყენებულ ნარკოტიკზე, რომელიც გასულ წელს გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციის მე-4 სიიდან ამოიღეს.

მარიხუანა ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნარკოტიკია მსოფლიოში და ორივეს გვჯერა, რომ მასზე უნდა ვისაუბროთ. 

20 მაისი, ხუთშაბათი

ხუთშაბათი ლექციის დღეა. საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს საგამოძიებო ჟურნალისტიკას ვასწავლი. აქამდე გარემოსა და ჯანდაცვის გაშუქებას ვასწავლიდი: იმ სფეროებს, სადაც მე მაქვს გამოცდილება 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

მართალია, არც ერთ სტუდენტს ფიზიკურად არ ვიცნობ და არასოდეს გვინახავს ერთმანეთი, მაგრამ საკმაოდ კარგი კომუნიკაცია არის შემდგარი ჩვენს შორის.

წინაზე მედიკამენტები განვიხილეთ.

21 მაისი, პარასკევი

კარგი მეგობარი და გულშემატკივარი, თიკო ცომაია, რომელიც “ჯიპაში” ჯანდაცვის გაშუქებას მასწავლიდა, ჩემს დოკუმენტურ ფილმ „ოთახების“ გმირის – ვიოლა ცომაიას შესახებ მწერს. თურმე, თიკოს გაზის ქვაბი დაუზიანდა და ხელოსანი გამოიძახა, რომელიც ასევე ცომაია ყოფილა და თიკოს გამოეცნაურა.

ხელოსანს უთქვამს, ცომაია მასწავლებელი მყავდა, ვიოლა ერქვაო და ფიზიკოსი იყოო. ასე დავამტკიცეთ, რომ ეს ის ვიოლაა, რომელიც ჩემი ფილმის გმირი იყო და რომელიც ფილმის გადაღების შემდეგ, ჩემი მეგობარი გახდა.

2013 წლის შემდეგ, ვცდილობდი, ხშირად ავსულიყავი მათთან, თუმცა, ეს ნაკლებად გამომდიოდა ბოლო წლების განმავლობაში. ვიოლა გასულ წელს, COVID-19-ით გარდაიცვალა ისე, რომ ბოლო დროს არც მყავდა ნანახი.

ბოლო დროს ტელეფონის ნომრებში კონტაქტს ვეძებდი და უცებ ვიოლას ნომერი გადამეყარა. ერთ ჯერზე ვიფიქრე, დავრეკავ და ზარი თუ გავა ან ვინ აიღებს-მეთქი. თუმცა, დარეკვა ვერ გავბედე. ძალიან სევდიანია, როცა ადამიანი უცებ ქრება, მის ხმას ვერ გავიგებთ და ვერასოდეს შევხვდებით. სიცოცხლეში კი ამას ნაკლებად ვაფასებთ.

22 მაისი, შაბათი

გუშინ, პირველად ცხოვრებაში, თითქმის რეალურ დროში, მაგრამ დისტანციურად, გავხდი სასტიკი ოჯახური ძალადობის მოწმე.

არ ვიცი, რატომ აირჩია ქმრად ჩემმა ახლადშეძენილმა მეგობარმა კაცი, რომელიც მასზე 15 წლით უფროსია და ფსიქოლოგიურად ახდენდა მასზე გავლენას შეყვარებულობის დროს, როგორც ჩანს – როგორც თვითონ ამბობს, იმ საქმეში იყო კარგი, რაც ამ გოგოსაც აინტერესებდა და ასე მოიხიბლა მისით. ბავშვის გაჩენის შემდეგ კი არ აკლებდა უწმაწურ სიტყვებს, შიგადაშიგ ფიზიკური შეხებით, შურაცხყოფებით, დამცირებით, ღირსების შელახვით და ასე შემდეგ. ზოგი ვოისი მეც გამომიგზავნა ჩატში. ოჯახური ძალადობა არასოდეს გამომიცდია და ჩემთვის შოკია ის სიტყვები, რითაც კაცი, ბავშვის წინ, საყვარელ ან თუნდაც ყოფილ საყვარელ ქალს მოიხსენიებს. ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა მიჩნდება და მეგობარს ვეუბნები, რომ ამ კაცისგან უნდა წამოვიდეს.

გუშინ მეგობარმა გოგომ გამომიგზავნა ფოტო და მეუბნება, მომისროლაო და დაბუჟებული აქვს ადგილები. მეთქი, ან მე გამოვიძახებ ახლა პოლიციას, ან შენ ან რამე ვქნათ. ძალადობის ეპიზოდის შემდეგ, ქმარი გავიდა საქმეზე და გოგომ მთელი ღამე შიგნით არ შემოუშვა. მერე გოგომ მისწერა დედას და მამინაცვალს და ახლა მასთან არიან. რაც მთავარია, ფიზიკურად უსაფრთხოდაა. მე თბილისში არ ვარ, თორემ ვინახულებდი.

3 საათამდე ხმოვანი მესენჯერით ვილაპაკეთ. როცა დავრწმუნდი, რომ მეგობარი კარგადაა, დაძინება შევეცადე. ისე მომცელა ამ ამბავმა, რომ მკვდარივით ვარ მთელი დღე და ყველაფრის კეთების თავი წამერთვა. რამდენი შრომა და დრო დასჭირდება, რომ რეაბილიტირდეს და თან ბავშვზე იზრუნოს.

                                                                             23 მაისი, კვირა

დედა, მოწყენილი რატომ ხარ? – ეკითხება თომა საკუთარ დედიკოს – ნინოს. არ ვარ მოწყენილი. აბა “გაღიმული” რატომ არ ხარ? – ამბობს და მისთვის სასურველ ღიმილს ჟესტით აჩვენებს დედას. 3 წლის თომა გვაკვირვებს თავისი დაკვირვებულობით და ამ ასაკის ბავშვისთვის მდიდარი ლექსიკით. ვხუმრობთ, რომ მალე ჩვენც გაგვისწრებს სიტყვების მარაგით და გრამატიკულად უშეცდომო მეტყვლებით.

თომა ძალიან მარტივად გრძნობს და გამაოგნებელი სიზუსტით ამჩნევს თუნდაც ძალიან ფაქიზ რყევებს ოჯახში და მასზე თავისი რეაქცია აქვს.

იმ დღეს მე და დედაჩემი ჩაის ვსვამდით. ოდნავი უკმაყოფილება გამოვხატეთ რაღაც თემის მიმართ. რა თქმა უნდა, ხმა არ აგვიმაღლებია, მაგრამ თომამ სწრაფად შეამჩნია შეუთანხმებლობის ნაპერწკალი. ცოტა ხანს გვიყურა, ძალიან ღრმა და ყურადღებიან თვალებით და დედაჩემს [მის ბებიას] მიუბრუნდა, ძალიან სერიოზული სახით და მკაცრად დეტერმინირებული: მამიდა ჩემია.

მეგობარი, რომელიც გუშინ ქმარმა სცემა, ღირსება შეულახა და უშვერი სიტყვებით მოიხსენია, მწერს და მეუბნება, რომ დღეს მისი დედა მოდის პატრულით, რომ საკუთარი შვილი დაიცვას მოძალადე კაცისგან. ვფიქრობ მის შვილზე, რომელმაც ყველაფერი ეს ნახა. 1 წლისაა და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი არ დაამახსოვრდება. მესენჯერში მაქვს ვოის მეილი, სადაც მშობლების ჩხუბის დროს ბავშვის ტირილის ხმა ისმის. იმდენად მძიმე სცენებია, მეც კი – ზრდასრულ და გამოცდილ ადამიანსაც – მიჭირს მათი გააზრება გადამუშავება. ამ ისტორიაში უნებური და ძალიან შემთხვევითი თანამონაწილეობის შემდეგ, მუშაობის უნარი მაქვს დაკარგული. თითქოს ჟანგბადის უკმარისობა მაქვს, ისე მანგრევს ეს ისტორია. ვცდილობ, ღრმაც ვისუნთქო, რომ ვმართო სტრესი.

თომას გაუმართლა, რომ აქამდე მსგავსი სცენები არ უნახავს და იმედი მაქვს, არც არასოდეს არ ნახავს.

არც ერთი ბავშვი არ იმსახურებს, რომ ოჯახური ძალადობის მოწმე გახდეს ისევე. ბავშვი უნდა იყოს დაცული, თუ გვინდა, რომ ძალადობის ჯაჭვი გაწყდეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!