ცირა გახარია და ნატურალური კრემები „ცირასია“


ციკლიდან „შეხვედრა“

  • ერთ ჯადოსნურ ზღაპარს მოგიყვებით. ამ ზღაპარში გაიგებთ, თუ როგორ გააგრძელებს სხვადასხვა მცენარე და ზეთი სიცოცხლეს ჩვენში, თუ კოსმეტოლოგ ცირა გახარიას მომზადებულ ნატურალურ კრემებს, საპნებს, ლოსიონებს, შამპუნებს, შრატებს მოვიხმართ. მენდეთ, ამ ზღაპარში არაფერია გამოგონილი და აუხდენელი…

დავიწყოთ:

უკვდავა, სპირულინა, ლავანდა, კალენდულა, ალოე ვერა, დამასკოს ვარდი, ყავა, აბრეშუმი, მაჩა, ჭინჭარი, ბიოლოგიურად სუფთა ზეთები, ოქროს კოლაგენი, მორინგა, პროპოლისი, ვაშლის ძმარი, აბუსალათინი, ყურძნის წიპწის ზეთი, სტაფილო, ქოქოსი, ილანგილანგის ეთერზეთები, როზმარინი, პიტნა, სხვადასხვა ვიტამინი…–ეს ყველაფერი ცირას კოსმეტოლოგიურ სახელოსნოში იყრის თავს და მკვებავ, გამწმენდ, დამცავ, ბოტოქს, ლიფტინგ კრემებად, დიახ, ნატურალურ ბიოკრემებად, როგორც გითხარით შამპუნებად, ლოსიონებად, საპნებად, იმ სასწაულმოქმედ, ჯადოსნურ  საშუალებებად იქცევა, რომელიც სჭირდება ჩვენს კანს აკნეს, ფორების, ნაოჭების, პიგმენტების სამკურნალოდ.

ცირა ზუგდიდელია, ორულელი, მაგრამ ამ ეტაპზე, თბილისის სახელოსნოში მუშაობს. გემოვნებით შერჩეული ნივთები, გამხმარი, მაგრამ ახალი სიცოცხლის მოლოდინში მყოფი მცენარეები სულ სხვა განწყობას ქმნის. სხვადასხვა ფერის კრემი სხვადასხვა ზომის ულამაზეს ჭურჭლებში თვლემს მანამ, სანამ მისი მომხმარებელი არ შეეხება. სახელოსნოში გამთენიამდე ანთია შუქი, მუშაობს მიქსერი, ირგვლივ სხვადასხვა არომატი და სურნელი ტრიალებს და… ზღაპრის ეპიცენტრია ეს ადგილი მის მეპატრონესთან ერთად.

სახის ნატურალური კრემები “ცირასია”

ცირამ სამედიცინო ინსტიტუტი მესამე კურსიდან დატოვა, რადგან სხვა „მისი საქმე“ აღმოაჩინა. საქმე, რომელსაც 20 წელია აკეთებს უფლისმიერი სიყვარულით. მეუბნება, თუ ღმერთი არ დადგება შენს გვერდით, ვერ გააკეთებ და  ვერ მიაღწევ მიზანსო. ამ შემთხვევაში, გულისხმობს იმას, რასაც ცირამ მიაღწია თავისი ხელმადლიანობით. დიახ, მის სახელს უკვე ასეულობით მადლიერი მომხმარებელი ახსენებს, ისინი, ვისაც ცირას მომზადებულმა კრემებმა უმკურნალა, არასასიამოვნო პრობლემები მოუხსნა და კვლავ ეიმედება მისი.

დედა ფარმაცევტი ჰყავს. პატარას, ბევრჯერ უნახავს, როგორ ამზადებდა პაციენტებისთვის სხვადასხვა მალამოს დედა. ინტერესიც მაშინ დაიბადა. ფრანგული, ინგლისური, ესპანური წყაროებიდან შეისწავლა თითოეული მისთვის საჭირო მცენარისა და ქიმიური ნივთიერების წარმოშობა, ერთმანეთთან მოსალოდნელი რეაქცია. მერე, კარგა ხანი, თავის ნახელავს ხელით დაატარებდა, კარდაკარ დადიოდა. მადლიერებაც ფეხდაფეხ დაჰყვებოდა, მის შრომასთან ერთად იზრდებოდა მისი ნახელავის მსურველთა რაოდენობა. მოგვიანებით, მხარდამჭერებიც  გამოჩნდნენ. პირველი მისი მოძღვარი აღმოჩნდა, რომელმაც  სხვებისგან განსხვავებით, ცირას ჩანაფიქრის მოსალოდნელი წარმატება დაიჯერა და ფინანსურად დაეხმარა, შემდეგ ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის  ჯგუფმა მაია მიქავას ხელმძღვანელობით, მისი ჩანაფიქრი „გააპროექტა“ და ასე დაიბადა სახის ნატურალური კრემების ცირა გახარიას სახელოსნო „ცირასია“, რომელსაც ძალიან მალე ექნება თავისი ლოგო და გახდება ბრენდი. ზღაპარს აქ არ დავასრულებთ, რადგან მისი გმირი ცირა გახარია, მშვენიერი ონლაინრესპონდენტი აღმოჩნდა.

–დღე–დღეზე დამთავრდება ლოგოზე მუშაობა. ბრენდს სახელად ისევ „ცირასია“ დაურჩება. კვლევა ჩავატარე სოციალურ ქსელში, ჩემს გვერდზე და მირჩიეს, ეს სახელი დამეტოვებინა.

–ფეისბუქსზე საინტერესო აქტივობები გაქვთ, ურთიერთობები, ჩანაწერები, ვიდეოები…

–ადრე გითხრით, ჩემი კრემებით კარდაკარ დავდიოდი მეთქი. ახლა სახელოსნო ზუგდიდშიც მაქვს და თბილისშიც. მაქვს დანიშნული შეხვედრის დღეები, მაგრამ ძირითადად, ჩემი პროდუქტების მომხმარებლებთან ონლაინურთიერთობა მაქვს. მათი კანის ხარისხსაც ონლაინ განვსაზღვრავ, რჩევებსაც ონლაინ ვაძლევ, შეკვეთებიც ასევე ხდება და მომსახურებაც „საქართველოს ფოსტის“ დახმარებით. სახლში არ ვღებულობ მსურველებს. ეს ძალიან რთული იქნება, ვერ შევძლებ მომსახურებას.

–დამხმარე გჭირდებათ… შენი ვიდეობიდან ვხედავ ღამეებს ათევ შეკვეთების დროულად შესასრულებლად.

– ჩემი 19 წლის ვაჟიშვილი, გიორგი მეხმარება ჯერ-ჯერობით. ძირითადად, კურიერული სამუშაოებია მასზე. დაგეგმილი მაქვს, ავიყვანო ორი თანაშემწე. მე კრემებზე ვიქნები ორიენტირებული, ისინი კი, მენეჯერისა და ონლაინურთიერთობების მიმართულებით იმუშავებენ.

–სულ მაინტერესებს სად პოულობ ამ  მცენარეებს… როდის ეძებ?

–ესეც არის მთავარი ამბავი. იმთავითვე ვაფრთხილებ ყველას, ვისც სურს ჩემთვის მცენარის შეგროვება და გადმოცემა, რომ მკაცრად დაიცვან მცენარის მოძიების წესები და პირველი წესი არის ის, რომ მცენარე არ უნდა მოგროვდეს მანქანის სავალი გზის სიახლოვეს. ამ გზიდან 4–5 კილომეტრით დაშორებული უნდა იყოს. ხშირად ვთხოვ მომწოდებლებს, ვიდეო გადაუღონ იმ ადგილებს, სადაც კრეფენ მცენარეებს, რომ დავრწმუნდე, ეკოლოგიურად სუფთაა და არ დააზიანებს ჩემს კრემებს და შესაბამისად, მის მომხმარებლებს.

მე თვითონ მცხეთის მინდვრების ხშირი სტუმარი ვარ. აქვე გეტყვით, რომ ჩემი ორი და და დედა მცხეთაში, წმიდა ეკატერინესა და ოლღას  დედათა მონასტერში მსახურობენ (დედა მორჩილია, დები მონაზვნები არიან). ხშირად ვარ მათთან და შესაბამისად, მცენარეებსაც მცხეთის შემოგარენში ვეძებ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდანაც მიგზავნიან.

–კრემებს, ლოსიონებს, შამპუნებს, ნიღბებს ახალი „ხაზი“ ამ დღეებში დაამატე: „ნატურალური საპნები“…

ნატურალური, სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებული საპნები “ცირასიასგან”

–დიახ. ნატურალური, სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებული საპნებია როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის. საუკეთესო გამომივიდა. იმედია, მოეწონებათ.

–შენს ფეისბუქგვერდზე არაერთი პოსტი წავიკითხე, როგორ გეძებენ, როგორ დგებიან რიგში, როგორ მოიპოვებენ შენს კრემებს და შემდეგ როგორი კმაყოფილები არიან შენი ნამუშევრით.

კი, მოსწონთ… თქვენც გაგასინჯებთ ჩემს კრემებს. ვხედავ და უკვე ვიცი თქვენი სახის კანის ტიპს რომელი ჩემი კრემი მოუხდება… ალბათ ალოე ვერას ექსტრატზე შექმნილ კრემს მოგიმზადებთ. ამ ტიპის ალოეს კახეთში ვყიდულობ, მშვენიერია მისი კრემები სახის კანის სხვადასხვა დაზიანების შემთხვევაში. თქვენი კანისთვის ზაფხულში გამწმენდს არ გირჩევთ, დავიცვათ, დავატენიანოთ, შრატიც გავსინჯოთ… მკვებავი იხმარეთ საღამოობით… ღამის 2–3 საათზე სახის კანი განსაკუთრებით საჭიროებს კვებას…

–მადლობა. ვფიქრობ, მოგანდობ ჩემს კანს. ღამის საათების ხსენებაზე, მინდა გკითხო, რამდენადაც შენი ვიდეოებიდან ჩანს, მუშაობ ძირითადად, შუა ღამიდან გამთენიამდე…

–ეს დრო უფრო მისტიკურია ჩემთვის, სხვა განწყობა მაქვს… სიმშვიდეში, სიჩუმეში ვმუშაობ…

–ამ სიჩუმეში მოამზადებულ კრემებს, გამთენიისას დააფასოებ, გულში ჩაიხუტებ, მისი მომავალი მომხმარებლისთვის  ჩურჩულით ბედნიერების, სიკეთის მოტანას ჩაუთქვამ ლოცვასავით, მერე შეფუთავ და „გასამგზავრებლად“ მოამზადებ…

–დიახ…

–ზაფხულია, კანს განსაკურებული მოფერება სჭირდება. ცირა გახარიას ჩვენი მკითხეველებისთვის ექნება ალბათ კანის მოვლის ონლაინრჩევები…

–დიახ, სპეციალურად თქვენი საიტის მომხმარებლებისთვის მოვამზადე ვიდეორგოლი, საიდანაც ისინი შეიტყობენ ზაფხულში სახის მოვლის სხვადასხვა პროცედურის შესახებ.

–ცირა, ერთ–ერთ ვიდეოში აბრეშუმის ჭუპრგამოცლილი პარკები შევნიშნე.

–ჩემი კრემების შემადგენლობაში არის ნატურალური აბრეშუმი. აბრეშუმის პარკები, სხვათაშორის, ზუგდიდელმა ნანა ფიფიამ მომაწოდა. ამ პარკებით სახის მასაჟიც სასურველია, რამდენიმეჯერ უნდა გადაატაროთ სახეზე. საუკეთესო საშუალებაა პიგმენტების მოსაცილებლად.

–ცირა, იდეა მაქვს შენთვის… იქნებ, მამაკაცების ხაზზეც იფიქრო… მათ კანსაც ხომ სჭირდებათ მოვლა?

–რატომაც არა… მიფიქრია ამაზე… იცით, მე მარტოხელა დედა ვარ. სამი წლიდან  მარტო ვზრდი ჩემს ვაჟიშვილს გიორგის დედაჩემის დახმარებით… რა არ გადამიტანია, დამცირება, სიცივე, სიცხე. ფაქტიურად, ჩემი ცხოვრების ყველა წარმატებას მას ვუძღვნი. შემოდგომიდან, „ცირასია“  შექმნის კოსმეტიკური საშუალებების ხაზს მამაკაცებისათვის, რომელსაც პირველი  ჩემი გიორგი დატესტავს.

–წარმატებებს ვუსურვებთ მე და ზუგდიდელები შენს ზღაპრულ სამყაროს… ზუგდიდში გელოდებით.

–მადლობა, მალე შევხვდებით.

ნ. მიქავა

თემის სპონსორი:

ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის


კომენტარი

  1. მადონა ღადუა

    მართლაც საოცარი ქალბატონი თავისი სითბოთი,სიყვარულით რომელსაც ავლენს როგორც თავისი პროდუქციის ისე მომხმარებლის მიმართ მადლობა მას.💞💐💐💞

  2. მედეა

    გილოცავ ცირა საყვარელო.❤️წარმატებები ჩემო თბილო და კეთილო ადამიანო.უფალმა დაგლოცოს🙏♥️🙏

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!