- ცენტრალური საარჩევნო კომისია ახლად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომის ჩატარების თარიღს სავარაუდოდ მომდევნო კვირას დაასახელებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განუცხადა.
„13 ნოემბერს ცესკო-მ შეაჯამა თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური და ასევე შეაჯამა თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგები. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში ცესკო იწვევს საკრებულოების პირველ სხდომას, შესაბამისად, ამ ვადის დათვლა დაიწყო 13 ნოემბრის შემდეგ. კონკრეტული თარიღი და გადაწყვეტილება თარიღთან დაკავშირებით იქნება მიღებული ცესკო-ს სხდომაზე, რომელიც სავარაუდოდ გაიმართება მომდევნო კვირაში. ამ გამართულ სხდომაზე ცესკო უკვე განსაზღვრავს საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევის თარიღს“, – განაცხადა იოსელიანმა.
ნათია იოსელიანმა ასევე განმარტა კანონის ის ნორმაც, რომლის საფუძველზეც უკვე საკუთარ უფლებამოსილებას ახლად არჩეული მერები შეუდგებიან საქმიანობას. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მერები უფლებამოსილებას ოფიციალურად არჩევნების შეჯამებიდან მე-11 დღიდან განახორციელებენ.
„რაც შეეხება მერების ნაწილს, მერების შემთხვევაში, კანონმდებლობის მიხედვით, ეს არის შედეგების შეჯამებიდან მე-11 დღეს. თქვენ იცით, რომ პირველი ტურის შემთხვევაში, ის მუნიციპალიტეტები, სადაც მოხდა მერების არჩევა, ისინი უკვე უფლებამოსილებას შეუდგნენ შეჯამებიდან მეთერთმეტე დღეს. რაც შეეხება მეორე ტურის შემთხვევებს, თბილისის შემთხვევაში, ასევე მოხდება 13 ნოემბრის შემდეგ 11-დღიანი ვადის ათვლა და მერი უკვე შეუდგება თავის უფლებამოსილებას. რაც შეეხება ოლქებს, ოლქებმა ერთი დღით ადრე შეაჯამეს შედეგები, ეს იყო 12 ნოემბერს. შესაბამისად, 12 ნოემბრიდან მოხდება 11-დღიანი ვადის ათვლა“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.