ცესკო-არჩევნებში მონაწილეობა 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო


  • 20:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობამ 56.11 პროცენტი შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 1 970 540 ამომრჩეველი, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, ხოლო ყველაზე დაბალი – ქვემო ქართლის რეგიონში.

რეგიონების მიხედვით აქტივობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 63.8 პროცენტი, ქვემო ქართლი – 51 პროცენტი, თბილისი – 54 პროცენტი, აჭარა – 59.1 პროცენტი, გურია – 61.1 პროცენტი, იმერეთი -56.8 პროცენტი, კახეთი – 59.3 პროცენტი, მცხეთა-მთიანეთი – 60.6 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 54.7 პროცენტი, სამცხე-ჯავახეთი – 60.8 პროცენტი, შიდა ქართლი – 58 პროცენტი,

„20:00 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, ხოლო გარკვეულ უბნებზე რიგში მყოფ ამომრჩევლებს კანონმდებლობის მიხედვით, მიეცათ შესაძლებლობა, მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა და გამოეხატათ საკუთარი კონსტიტუციური ნება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილ 127 სპეციალურ უბანს, 311-ვე გადასატანი საარჩევნო ყუთი 21:00 საათისთვის, დროულად დაბრუნდა სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებზე.

ქვეყნის მასშტაბით გახსნილ საარჩევნო უბნებზე წინასწარი მონაცემებით, 20:00 საათისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 970 540 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 56.11 პროცენტია.

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში – 63.8 პროცენტი, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა არის ისევ ქვემო ქართლის რეგიონში – 51 პროცენტი.

მისივე თქმით, დღის განმავლობაში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 289 საჩივარი.

ანა მიქელაძის განცხადებით, საჩივრების უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება, როგორიცაა საკონტროლო ფურცლის არასრულყოფილი შევსება, მარკირებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა და ა.შ.

„საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები. კერძოდ, წილისყრით გამოვლინდნენ ბიულეტენების მთვლელები, კომისიის წევრები ითვლიან ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის ამომრჩეველთა სიებში, ხდება გარკვეული სახის დოკუმენტაციის დალუქვა, ამის შემდეგ იწყება საარჩევნო ყუთების გახსნა და ბიულეტენების დათვლა.

შეგახსენებთ, რომ სხვადსხვა ოლქში სხვადასხვა რაოდენობის ბიულეტენია. მაგალითად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ითვლიან ორ-ორ ბიულეტენს იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ჩატარდა საქართველოს პარლამენტის არჩევნები, სამ-სამ ბიულეტენს იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ტარდებოდა საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები, ხოლო ოთხ-ოთხ ბიულეტენს – აჭარის რეგიონში, ვინაიდან აჭარაში საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად, გაიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიებს ბიულეტენების დასათვლელად და შემაჯამებელი ოქმების შესადგენად განსხვავებული დრო დასჭირდებათ“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის მედია წარმომადგენლებს მოუწოდა, საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რათა მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა.

პრეს-სპიკერის თქმით, მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, საარჩევნო უბანზე ყველა კანონით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, ისინი მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს ვადებში ატვირთავენ საარჩევნო მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!