- სიყვარული ჩვენი ცხოვრების არსი და მიზანია, ძალა და ენერგია, პოზიტივი და მომავლის რწმენაა. ორმაგად სასიხარულოა, როცა ახალ წელს, ცხოვრების თანამგზავრთან ერთად ხვდები.
ორულუს მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯანსუღ ჯაბუამ, წინასაახალწლოდ, ქორწილი გადაიხადა და ახალ 2020 წელს გულისსწორთან ერთად შეხვდა.
-ჩემი დიდი ბაბუა არჩილ ჯაბუა კოლხიდიდან იყო წარმოშობით, მოგვიანებით, სოფელ ორულუში დასახლდა. ჯაბუას გვარის აქ ორი ოჯახი ვართ. სკოლის დამთავრებისთანავე, სწავლა გავაგრძელე ქ. ხარკოვის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სახელმწიფო ინსტიტუტში, ინჟინერ-მექანიზატორის პროფესიით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ჩამოვედი სოფელში და ჩავერთე ეროვნულ მოძრაობაში, 90-იან წლებში, აი, როცა პიკი იყო ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ვიბრძოდი. მერე მოხდა ისე, რომ გარდამეცვალა მამა და გადავწყვიტე სოფელში დარჩენა:- ჩემს ძმას ჯონის თავისი ოჯახი აქვს, დას-ლალის, თავისი, დედაჩემი მარტო დარჩა, მეც მის გვერდით უნდა ვყოფილვიყავი.
ვიხსენებ იმ დროს, როცა ხელისუფლების სათავეში იდგა ბატონი ზვიად გამსახურდია, განვიცდი იმ მოვლენებს, რაც მოხდა. 2012 წელს კი, ქართველი ხალხის გადაწყვეტილება მეც გავიზიარე დადებითად და დავდექი მათთან.
ჩემი მეგობრების ამოდგომით და შემოთავაზებით, გადავწყვიტე, მეყარა კენჭი სოფლის დეპუტატად.
2020 წელს, ჩვენს სოფელში განხორციელდება ორი მნიშვნელოვანი პროექტი და გაცხადდება ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის ნაშრომი და ნახელავი. ხალხს დაამახსოვრდება ჩემი დეპუტატობის პერიოდში გაკეთებული საქმეები. გულახდილად გეტყვით, კმაყოფილი ვარ ჩემი თანასოფლელების, მათ დიდი ნდობა გამომიცხადეს და ჩემი დიდი სურვილია მათ შეძლებისდაგვარად დავუდგე გვერდით.
-ბატონო ჯანსუღ, რა თვისებებით გამოირჩევით, რას გამოყოფთ თქვენი ხასიათიდან?
-ზოგადად, ვარ გულგახსნილი პიროვნება, ბოლომდე ვიცი მოთმინება, პატიება. მინდა, ყველასთან ვიყო მეგობრული.
-ჩვენი საუბრის მთავარი თემა – როგორ დაიწყო და განვითარდა თქვენი სიყვარულის ისტორია?
-სოფლებში: დიდინეძი, ორულუ, ერგეტა, თითქმის ყველგან მცნობენ. მოხდა ისე, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც არ ვიცნობდი, ის აღმოჩნდა ჩემი ცხოვრების თანაგზავრი. ჩემი მეუღლე მაკა კუტალია დიდინეძელია, გავიცანი საერთო ნათესავის სახლში. საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, 31 მარტს, 80 წლის იუბილეზე, დარჩელში, ბატონი ზაზა ანდრიაძის,- ექიმისა და დეპუტატის, მოწვევით შევიკრიბეთ. იმ დღიდან, მივხვდით, რომ მე და მაკა ერთმანეთისთვის ვიყავით გაჩენილები. მაკა არის გერმანისტი, ფლობს სხვადასხვა უცხო ენას, მისი და და დისშვილები ცხოვრობენ გერმანიაში. მაკაც ხშირად მოგზაურობს. ჩვენ შევთანხმდით შეგვექმნა ქართული ოჯახი. ღვთის წყალობით, მე მივხვდი, რომ ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი და ბედნიერად ვთვლი თავს.
-მითხარით, რა მოგეწონათ ერთი შეხედვით თქვენს მეუღლეში?
-მომეწონა მისი ადამიანობა, ჩემშიაც ეს თვისება აღმოაჩინა მაკამ.
-როგორი ქმარი და მამა იქნებით?
-რა თქმა უნდა, ვიქნები კარგი მეუღლე და მამა.
-იყო თუ არა თქვენს ცხოვრებაში ისეთი დღე, რომელმაც თქვენში გარდატეხა მოახდინა და შინაგანად შეგცვალათ?
-მამაჩემის ჯუმბერ ჯაბუას გარდაცვალებამ საოცრად შემცვალა. 1981 წლის 13 მაისი იყო, დიდი ფინალი ტარდებოდა ფეხბურთში. მამაჩემი მატჩის მიმდინარეობისას უეცრად გარდაიცვალა. ეს იყო დიდი ტრაგედია ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც შემცვალა. ასევე, საოცრად შემცვალა იმ ტრაგედიამ, რომელიც დატრიალდა საქართველოში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებით. მიკვირს, როგორ გავიმეტეთ.
-რა სურვილი გინდათ რომ აგისრულდეთ 2020 წელს?
-უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, თუ გავხდები მამა, განურჩევლად სქესისა, გინდა გოგო იყოს, გინდა ბიჭი.
-როგორ გახსოვთ თქვენი ბავშვობის ახალი წლები, როგორ ხვდებოდით?
-ჩვენ, იმდროინდელი ბავშვები სულ გარეთ ვთამაშობდით, ვერთობოდით, “კირიალესაც” მიმღერია და ვფიქრობ, ჩვენ უფრო ლაღი ბავშვობა გვქონდა მეთქი. ახლანდელი თაობა ინტერნეტში იქექება და ერთმანეთთან ძალიან ცოტა დროს ატარებენ.
-თქვენი ჰობი რა არის?
-კითხვა, ნადირობა და სპორტი.
-ადამიანის თვისებაში რა არ მოგწონთ?
-ამპარტავნობა. მე ვერ ვიმეგობრებდი ამპარტავნებთან.
-რას უსურვებდით ზუგდიდელებს?
-ზოგადად, ჩემს ქვეყანას ვუსურვებ გამთლიანებას,- აფხაზეთი და სამაჩაბლო არის ჩვენი საზრუნავი, ქართველ ერს ვუსურვებდი მშვიდობას. არ შეიძლება პოლიტიკური შეხედულებების გამო ჩვენ ერთმანეთი ვლანძღოთ და გავანადგუროთ.
ჩემს ზუგდიდელებს კი, მოვუსურვებ, კარგ ზუგდიდელობას, ტრადიციების გაგრძელებას, ხვავსა და ბარაქას!
როზა როგავა