- ამბობენ, ყველაფერი გვაქვსო, არაფერი გვჭირდებაო… ერთ ოჯახად ცხოვრობენ „ჩემი მორდუს“ ბენეფიციარები.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ერთ-ერთი პროექტია მულტიფუნქციური სათემო ცენტრი ”ჩემი მორდუ”, რომელიც მარტოხელა, სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს 24 საათიან მზრუნველობას უწევს. გაზეთ „ზუგდიდს“ და საინფორმაციო პორტალს „ზუგდიდელები“ , ცენტრი “აფხაზეთის” ზუგდიდის ოფისის მენეჯერი ირაკლი ქოჩუა მასპინძლობს. ირაკლისთვის სახლია უკვე აქაურობა. თითოეული ბენეფიციარის ხასიათი და ბიოგრაფია იცის. როგორც ჩანს, მათი მესაიდუმლეცაა ბევრ საკითხში. ხანდაზმულთა ცენტრისთვის ბენეფიციარებს, სოციალური უზრუნველყოფის სააგენტო არჩევს. ამ საქმეში „აფხაზეთი“ არ ერევა. ცენტრს მხოლოდ 11 ბენეფიციარის მიღება შეუძლია. ირაკლი ამბობს, მთხოვნელები საკმაოდ არიან, მაგრამ…
ცენტრს ერთი ბენეფიციარის შენახვა, დღეში, 30 ლარი უჯდება. ბენეფიციარებს ოთხჯერადი, ასაკთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მორგებული კვება აქვთ. საკუთარი პენსია უნარჩუნდებათ. მომსახურე პერსონალი, მორიგეობით, 24 საათიან რეჟიმში მიადევნებს თვალ-ყურს მათ ცხოვრებას და ჯანმრთელობას, კვირაში ორჯერ მოდის ფსიქოლოგი, საჭიროების შემთხვევაში მოდის ექიმი, ან იგეგმება ვიზიტი ექიმთან და მისი დანიშნულების შესრულებას უზრუნველყოფს ადგილობრივი მედდა.
ცენტრში საძინებლები ორადგილიანი და სამადგილიანია – საკუთარი სველი წერტილებით. აქვთ სამზარეულო და სასადილო ოთახი, ბიბლიოთეკა.
„ჩემი მორდუში“ ყველაზე ხანდაზმული ბენეფიციარი 89 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა კი-68 წლის.
ქალბატონი ლამარა ხობელია. ზვიად გამსახურდია უყვარს და მისი წიგნი მაგიდაზე უდევს. რაღაც შეპირებულ წიგნს ელოდება პარლამენტარი გიორგი ვოლსკისგან, მაგრამ ჯერ არ ჩანსო.
ქალბატონი ზაირაც ხობელია. ქალბატონი გალინა სოხუმელია. მწოლიარეა და განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. ჩვენთან აფხაზეთს იხსენებს და აშკარაა, ენატრება მოსაუბრე, რომელიც კიდევ ერთხელ მოისმენს მის მდიდარ ბიოგრაფიას.
ბატონები ვალერიანი და გუდია აფხაზეთიდან დევნილები არიან და ერთ ოთახში ცხოვრობენ. ცდილობენ იმეგობრონ, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად განსხვავებული ხასიათები აქვთ. ვალერიანი ბედის კმაყოფილია, თბილ სახლში და მზრუნველ ადამიანებთან რომ მოხვდა.
ქალბატონი იზოლდა ზუგდიდელია. გვითხრეს მუსიკა უყვარს, ეს მისი პროფესიაა და არცაა გასაკვირი. წლების მანძილზე, მუსიკის მასწავლებელი ყოფილა.
ქალბატონი ნატა ობუჯელია ამაყობს, იმით, რომ თურმე, მამამისმა 17 ენა იცოდა და ეს რამდენიმეჯერ აღნიშნა, ჩვენთან საუბარში.
ქალბატონი თამილაც ზუგდიდელია – სიტყვაძუნწობს და თვალებით გამოხატავს დარდს და სიყვარულს. ის წლების მანძილზე, კომუნალური სამსახურის თანამშრომელი ყოფილა. ზუგდიდელია ქალბატონი აველინაც,– ჩუმად მიგვადევნებს თვალ-ყურს, ქალბატონი ლამაზოც გვიღიმის და არაფერს ამბობს.
მათი ცხოვრება ცალ-ცალკე წიგნებია. უშრომიათ, უცხოვრიათ და დღეს აქ, ამ ცენტრში დაუკავშირეს თავიანთი ბედი ერთმანეთს განსხვავებული მდგომარეობებით, დაავადებებით, საფიქრალით, მონატრებებით, გულში შენახული სევდით. წვიმიანი ამინდია და მისაღებში, ტელევიზორთან სხედან ერთად. აქ ყოფნა მოსწონთ ძალიან, არც ერთ საინფორმაციოს არ ტოვებენ, სერიალებს უყურებენ… უყვართ სტუმრები და ყავა.
გაზაფხულზე ეზოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იგეგმება. პატარა ბოსტანიც ექნებათ. იმედია, შეძლებენ ეზოში მეტი ისეირნონ. იმედია, მნახველებიც მეტი ეყოლებათ.
მზრუნველი მედდა, სოფიო სალია, რომელიც აქ ცენტრის გახსნის დღიდან მუშაობს, ამბობს, რომ ყველაზე მეტად, ხანდაზმულებს, სტუმრებთან შეხვედრა უხარიათ. მაშინ არიან უფრო ღიმილიანები და უფრო მშვიდადო.
ხანდაზმულთა ცენტრი „ჩემი მორდუ“ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთის“ დაფუძნებულია – აფხაზეთის მთავრობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, გერმანიის საერთაშორისო სააგენტოსთან და გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით.