- წარმოშობით ზუგდიდელი რაულ ჩილაჩავა, რომელიც უკრაიანში მოღვაწეობს დროებით იძულებით გახდა დაეტოვებინა თავისი სახლ-კარი. ის პოლონეთიდან გავლით საქართველოში გადმოვიდა. საზოგადების ყურადღება მიიქცია მისმა ნოველამ “ჩაპას წერილი მსოფლიოს ძაღლებსა და ადამიანებს”, რომელსაც ჩვენც ვთავაზობთ მკითხველს.
მე ერთი ჩვეულებრივი ძაღლი ვარ, მუყაოს ყუთში მიპოვეს ჯერ კიდევ თვალაუხელელი ლეკვი და ჩაპა დამარქვეს. მალე გავიგე, რომ ჩემს ნათლიებს ია და რაული რქმევიათ. ხოლო ქალაქი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, კიევი ყოფილა. მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა და ძაღლის კვალობაზე მთლად პატარაც არ მეთქმის. ასე რომ, ვიცი, რასაც ვამბობ და დამეჯერება კიდეც. გარეთ, ქუჩაში, თოვლსა და ყინვაში არასოდეს მიცხოვრია, სულ მანებივრებდნენ, თავს მევლებოდნენ, ალერსსა და სიყვარულში მზრდიდნენ. პირველი შოკი მაშინ განვიცადე, როცა ია, რომელსაც შვილებში არ გამოვერჩეოდი, უცებ გაქრა, სადღაც გაუჩინარდა და მანამდე ჩვენს ბედნიერ ჭერქვეშ ერთბაშად სიცარიელემ და მწუხარებამ დაისადგურა. მაგრამ, ეტყობა, ადამიანებისა არ იყოს, საბოლოოდ ცხოველშიც იმარჯვებს სიცოცხლის წყურვილი. ახლა უკვე რაული გახდა ჩემი უახლოესი მეგობარი და ცხოვრებაც თითქოს კალაპოტში ჩადგა. ვცდილობდი, მისთვის მუშაობაში ხელი არ შემეშალა, თუმცა ჩვენ ვახერხებდით, ყოველდღე გვესეირნა ჩვენი პატარა, ვერცხლისფრად მოლივლივე ტბის ძეწნებით დაყურსულ სანაპიროზე, ვტკბებოდით ულამაზესი აისებითა და დაისებით, დავრბოდით, ვერთობოდით…მაგრამ ერთ ავბედით ღამეს ეს ყველაფერი უცებ დასრულდა, გაისმა მოულოდნელი გრუხუნი და მე შინაგანმა იდუმალმა ხმამ მიკარნახა, რომ რაღაც გამოუსწორებელი და საშინელი მოხდა. გათენებას ჯერ კიდევ ორიოდე საათი აკლდა, მაგრამ ჩვენ უკვე ფეხზე ვიყავით და სულ უფრო და უფრო გვეუფლებოდა განგაშის განცდა. მთელი დღე უგუნებოდ გავატარე, ცუდი წინათგრძნობა მქონდა, გუმანით ვხვდებოდი, რომ ზღურბლზე ახალი უბედურება იდგა და მასთან შეხვედრა გარდაუვალი იყო. არც შევმცდარვარ. დღე უკვე იწურებოდა, როცა ბინის კარი საგულდაგულოდ ჩავრაზეთ და ერთი მოზრდილი ჩანთის ამარა მანქანაში ჩავსხედით. ძალიან მიყვარს, როცა უკანა სავარძელზე მოვიკალათებ ხოლმე და ოჯახთან ერთად აგარაკზე მივემგზავრები. მინდოდა მეფიქრა, რომ გეზს ახლაც იქითკენ ავიღებდით, მაგრამ როცა გზა უსაშველოდ გაიწელა, მივხვდი, სულ სხვა მხარეს მივდიოდით. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, თავი რაულის მუხლებზე მედო და ვერ გამეგო, ისეთი რა უნდა მომხდარიყო, რომ მთელი ოჯახი ასე ერთბაშად ავიყარეთ და შეუჩერებლად სადღაც მივექანებით. ერთ დღე-ღამეში თითქმის მთელი უკრაინა გადავსერეთ და ბოლოს, როგორც იქნა, რომელიღაც პატარა ქალაქის მყუდრო სასტუმროში დავბინავდით. სასტუმროში ძაღლებს, მგონი, არ უშვებენ, მაგრამ მე არათუ შემიშვეს, დერეფანში სირბილის ნებაც დამრთეს. მომეშვა გულზე, ალბათ სამოგზაუროდ ვართ და ყველაფერი რიგზეა-მეთქი. სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ის იყო, ნამგზავრზე ცოტა დასვენება გადავწყვიტეთ, რომ სირენის შემზარავმა ღმუილმა გააყრუა იქაურობა. რაულმა სასწრაფოდ ხელში ამიტაცა და ჩვენ სასტუმროს ყველა ბინადართან ერთად სარდაფში ან უფრო სწორად ბუნკერში დავიმალეთ, რომელიც ბომბსაფარი აღმოჩნდა. და მე იქ პირველად გავიგონე მრისხანე და სასტიკი სიტყვა: „ომი“! მთელი ის ათი დღე, რაც იმ სასტუმროში, უფრო სწორად მის ბუნკერში გავატარეთ, საჰაერო განგაშის სირენა განსაზღვრავდა ჩვენს სადღეღამისო რეჟიმს. და მე ლამის შევეჩვიე ამნაირ ყოფას, როცა მანქანაში კვლავ ჩავალაგეთ მწირი ბარგი, დავტოვეთ სასტუმრო და ჩემთვის კვლავ გაურკვეველი მიმართულებით გავწიეთ. გზაზე ყველგან ბლოკპოსტები მოეწყოთ, მოძრაობას მთლიანად იარაღასხმული ადამიანები აკონტროლებდნენ. მანქანა უზარმაზარ საცობში აღმოჩნდა და წინ კუს ნაბიჯებით მივიწევდით. ბოლოს საერთოდ გავჩერდით, მანქანა ბენზინგასამართ სადგურთან დავტოვეთ და ექვსკილომეტრიანი გზა ფეხით გავაგრძელეთ. უშველებელ, ცოცხალ ნაკადში მეორე ახალი სიტყვაც გავიგე: „ლტოლვილი“! აი, თურმე რაში ყოფილა საქმე! ჩვენ ლტოლვილები ვართ და თავს თუ არ ვუშველეთ, ვიღაც კაციჭამიას გიჟური აკვიატების გამო ტყვიებს გვესვრიან, რაკეტებს დაგვიშენენ, ბომბებს დაგვაყრიან. ლტოლვილთა ამ ზღვაში უამრავი ჩემი თვისტომი მხვდება და მე მათ მიმართაც მადლიერების ვივსები, ვინც ამ უმძიმესი განსაცდელის ჟამს ისინი არ მიატოვა. სხვათა შორის, კრემლში მჯდომ იმ კაციჭამიასაც ჰყავს თურმე ძაღლი, რომელიც, ალბათ, უყვარს კიდეც, თუკი მისთვის საერთოდ ნაცნობია ასეთი გრძნობა. მე მინდა მივმართო მას: რას გვერჩით, რა დაგიშავეთ, რატომ გვხოცავთ, რატომ გვინგრევთ სახლ-კარს, რატომ ემუქრებით მთელ მსოფლიოს ატომური კატასტროფით? იქნებ მოეგოთ გონს, სანამ ჯერ კიდევ დროა და შეწყვიტოთ ბარბაროსული სისხლისღვრა? შვიდი საათის მანძილზე ყინვაში დგომის მერე მე ჩემებთან ერთად გადავედი პოლონეთში, სადაც თბილად მიგვიღეს, დაგვაპურეს და თავშესაფარიც მოგვცეს. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე რაულმა რომ ჩამიხუტა და ერთმანეთის გათბობას ვცდილობდით, ამ წერილის დაწერა სწორედ მაშინ გადავწყვიტე. იმ გაუსაძლის დილას სურათიც გადაუღიათ ჩვენთვის. ახლა აცრილიც ვარ, საზღვარგარეთის პასპორტიც მაქვს და მალე საქართველოში, რაულის სამშობლოში გავფრინდები. თითქოს სამშვიდობოს გავაღწიე, მაგრამ მადარდებს მათი მდგომარეობა და მომავალი, ვინც არ იცის, საით წავიდეს, რა იღონოს, როგორ გადარჩეს. მოგმართავთ მთელი მსოფლიოს ძაღლებსა და ადამიანებს: ნუ დავკბენთ მათ, ვისაც არაფერი დაუშავებია, ნუ გამოვუტანთ სასიკვდილო განაჩენს მათ, ვისაც სიცოცხლე სწყურია! ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რათა დედამიწაზე არსებული ყველა ენიდან გაქრეს ორი საშინელი სიტყვა: „ომი“ და „ლტოლვილი“. მე ვნახე და გამოვცადე ორივე, ამიტომ არავის ვუსურვებ მათ ნახვას და განცდას. ორად ორი სიტყვა, რომელიც ამჟამად მიტრიალებს თავში, არის „მშვიდობა“ და „სიყვარული“. არ მოგკლებოდეთ არც ერთიც და არც მეორე. თავს გაუფრთხილდით. ერთმანეთსაც. გულწრფელად, თქვენი ჩაპა. ვარშავა, 7 მარტი, 2022
P.S. სულ ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ წერა-კითხვა საერთოდ არ ვიცი, არათუ ქართულად, უკრაინულადაც ვერ დავწერ ორ სიტყვას, ამიტომ ეს ყველაფერი რაულს ვუკარნახე, რომელიც აქვე უფრო სრულად მინდა წარმოგიდგინოთ: რაულ ჩილაჩავა, პოეტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, საქართველოს, უკრაინისა და ლატვიის მწერალთა კავშირების წევრი, უკრაინის სახალხო პოეტი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში 2006-2010 წლებში, შოთა რუსთაველის პრემიისა და მრავალი სხვა პრემიის ლაურეატი, სამი სხვადასხვა ქვეყნის ორდენების კავალერი.