“ზუგდიდელები.გე”-ს გოჩა ლაშხიამ ისევ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მის ოჯახს, რომელიც ყოველთვის დროულად იხდის გახარჯული ენერგიის გადასახადს, “ენერგო პრო ჯორჯიას” ზუგდიდის ოფისში ამობეჭდილი ქვითრის თანახმად დაუფიქსირდა 214, 75 ლარის დავალიანება. “ენერგო პრო ჯორჯიაში” მითხრეს, რომ ის მრიცხველები, რომელიც ჩვენს ეზოებშია დამონტაჟებული, არ არის მოქმედებაში. არადა, კი ციმციმებენ. დედაჩემი, ყოველი ხელფასის აღების შემდეგ, დროულად იხდის გადასახადს, ხელზე აძლევს ამკრეფს. ეტყობა, ჩვენი გადახდილი თანხა დროზე ვერ მიმივიდა დანიშნულების ადგილამდე. ან, ეტყობა, სხვებს არ აქვთ გადახდილი და მათ გამო ჩვენც უშუქოდ დავრჩით. ვფიქრობ, ეს არის პრობლემა და დარწმუნებული ვარ, ეს არ არის მარტო ჩემი ოჯახის პრობლემა. თუ მოხდა გამრიცხველიანება, რატომ არის დღემდე უფუნქციოდ, ყველა მის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის გადასახადს გადაიხდიდა და პრობლემაც არ გვექნებოდა”. უთხრა “ზუგდიდელებს” კორცხელში მცხოვრებმა მოქალაქემ.
“ზუგდიდელები.გე” საქმის გასარკვევად დაუკავშირდა კორცელის რწმუნებულს მერაბ თორდიას. “რა თქმა უნდა მე სოფლის რწმუნებული ვარ და ჩემს სოფელში რაც ხდება საქმის კურსში ვარ. სიმართლეა, რომ კორცხელში, თამარ მეფის ქუჩაზე ექვს ოჯახს შუქი არ მიეწოდება, ვინაიდან ყოველთვიურად არ იხდიდნენ ფულს და თანდათანობით დავალიანება დაუგროვდათ. სანამ თანხას არ გადაიხდიან, მათ შუქის მიწოდება არ აღუდგებათ. ადრე სოფელი გამრიცხველიანებული არ იყო და ხელზე ხდებოდა თანხის აღება, მათთან ამკრეფი იყო ლაშა ჭითანავა, მაგრამ ამკრეფი აბარებდა თუ არა ამ ფულს იქ, სადაც საჭირო იყო, არ ვიცი. ამჯამად ეს პიროვნება ადგილზე არ იმყოფება. მეზობლებმა ერთმანეთში უნდა მოილაპარაკონ და გადაიხადონ თანხა. თითოეული მათგანი ამბობს, რომ გადახდილი აქვთ თანხები,მაგრამ ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს არ ვიცი. ვიცი ის, რომ სანამ არ გადაიხდიან დაფიქსირებულ დავალიანებას, შეუძლებელი იქნება მათი ინდივიდუალური მრიცხველების დალუქვაც და ეს პრობლემაც მოუგვარებელი დარჩებათ. ჩემი აზრით, ის 214 ლარიანი ქვითარი, რომელიც “ენერგო პრო ჯორჯიას” გაუცია ლაშხიაზე, არის უბნის საერთო დავალიანება… ვიკითხავ, დავაზუსტებ, ალბათ ასეა…”
გუშინ დილით, “ზუგდიდელები.გე”-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის მცხოვრები გოჩა ლაშხია დაუკავშირდა, რომელმაც გვაცნობა, რომ სამი დღეა შუქი არ მიეწოდება კორცხელის ცენტრში, საჯარო სკოლის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრებ რამდენიმე მოსახლეს.
“უბანი გამრიცხველიანებულია, ჩემს ოჯახს გახარჯული ენერგიის თანხები გადახდილი აქვს. ამბობენ, თითქოს, უბნის დავალიანებაა 1000 ლარამდე. რა დავალიანებაა არ ვიცი. თუ გამრიცხველიანებაა, რატომ უნდა ჩაგვიჭრან შუქი იმის გამო, რომ სხვას აქვს დავალიანება? მე იძულებული ვარ მივმართო “ენერგოპროჯორჯიას” ზუგდიდის ოფისს. ვთვლი, რომ ასეთ შემთხვევაში, როცა აბონენტს დავალიანება არ აქვს და შუქს ურთავენ იმის გამო, რომ სხვას, თურმე მის მეზობელს აქვს დავალიანება, ვფიქრობ, ადამიანის უფლებების დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს.”-უთხრა “ზუგდიდელები.გე”-ს გოჩა ლაშხიამ.
იმედია, “ზუგდიდელები.გე”-ს ინფორმაციას უყურადღებოდ არ დატოვებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და “ენერგოპროჯორჯია”