შიმშილობის მე-19 დღე – უშედეგოდ!


შიმშილობის მე-19 დღეც უშედეგოა 78 წლის ციალა ჯოჯუასთვის. ამ დილით მას ადგილობრივი ხელისუფლება ისევ  სტუმრობდა,- სთხოვეს  შეეწყვიტა შიმშილობა ჯანმრთელობის მდგომარეობის მოსალოდნელი გაუარესების გამო და შეჰპირდნენ “ბინის პროგრამაში” ჩართვას, მაგრამ მოშიმშილე ქალბატონმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ასევე უარს ამბობს აქციის შეწყვიტაზე ციალა ჯოჯუას ქალიშვილი ლალი ცირდავა. ის ამბობს, რომ მისი ოჯახი ითხოვს მისი საკუთარი ბინის დაბრუნებას და ამის მოგვარება უნდა შეძლოს ხელისუფლებამ. ქირით გადასვლას არ აპირებს, ქირით ის ოჯახი უნდა გადაიყვანოთ, რომელიც ჩვენს საკუთარ ბინაში ცხოვრობსო.

78 წლის ციალა ჯოჯუა მე -19 დღეა შიმშილობს.

 მიშიმშილე ქალის ოჯახს გასული კვირას ადგილობრივი ხელისუფლებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ, გასულ კვირასაც, ციალა ჯოჯუას შესთავაზეს „ბინის ქირის პროგრამაში ჩართვა“, რაზეც მოშიმშილემ და მისმა ოჯახმა უარი განაცხადეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მოშიმშილე 78 წლის ციალა ჯოჯუა საცხოვრებელი ბინის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მისი შვილის მტკიცებით, თაღლითური გზით წაართვა მოქალაქე ციცო მამარდაშვილმა და „ზუგდიდდასუფთავების“ შესყიდვების სამსახურის თანამშრომელმა ზურაბ ალანიამ. თავის მხრივ, ალანია აცხადებს, რომ წლების წინ როცა ის „კომუნალურ გაერთიანებაში“ საბინაო კომისიის წევრი იყო, სოციალურად დაუცველ ცირდავების ოჯახს ბინა რეალურად გადაეცა, რომელიც მოგვიანებით გაყიდეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეტენზია, რასაც ოჯახი აცხადებს, სასამართლოს გადასაწყვეტია და ეს მათი კომპეტენცია არ არის.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!