- 37 წლის შემდეგ, ანსამბლ “მტრედების“ მეორე თაობის მოცეკვავეები შეხვდნენ ერთმანეთს.
ფეიერვერკების ფონზე გაიხსნა “მტრედების” სიმბოლური ვარსკვლავი. წითელ ხალიჩაზე გაიარეს და “მტრედების” აფიშაზე თავისი ავტოგრაფი დატოვეს მოცეკვავეებმა: ირმა ჭედიამ, თენგო ჭედიამ, ეკა გაბეჩავამ, პაპუნა ხაზალიამ, ლელა მიქელაძემ, ლალი ჯაბუამ, კობა აკობიამ, ეკა ხვიჩიამ, გოჩა კვირკვიამ, ლელა ქაროსანიძემ, ინგა ჩანგელიამ, ნინო ქანთარიამ, კახა ბებიამ. ეს სია არასარულია,- „მტრედების“ რამდენიმე წევრმა შეხვედრაზე ჩამოსვლა ვერ შეძლო და ვიდეო მიმართვა გამოაგზავნა. სიყრმის მეგობრებს, თანაგუნდელებს და შეხვედრის ორგანიზატორებს მიულოცა შეკრება. ბავშვობის ულამაზესი დღეების გასახსენებლად მეორე თაობის „მტრედელები“ ჩამოვიდნენ თბილისიდან და საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნიდან.
შეხვედრაზე ბევრი ითქვა ანსამბლის მიღწევებზე. გაიხსენეს ერთად გატარებული დღეები გასტროლებზე, კონცერტებზე: მოსკოვში (1980 წელი), ხარკოვში (1984 წელი), გერმანიაში (1985 წელი), საერთაშორისო ბანაკში ,,არტეკი” (1985 წელი).
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო „მტრედების“ მოღვაწეობის საარქივო მასალებიდან ფოტო და ვიდეოკოლაჟი. კადრები, სადაც ანსამბლ “მტრედები” ანტურაჟს უკეთებს სახალხო არტისტ სოფია როტარუს. იყო ძალიან ბევრი მოგონება და კურიოზები ლამაზ დღეებზე, იმ ბედნიერ წლებზე, როცა „მტრედებით“ ამაყობდნენ არა მარტო მისი წევრები, ხელმძღვანელები და ქალაქი, არამედ ქვეყანა. ღონისძიების მაჟორად შეიძლება ჩაითვალოს მე-3 თაობის „მტრედელის“, რომეო ბულიას დახმარებით აღდგენილი რამდენიმე ცეკვა, რომელიც მეორე თაობის „მტრედელებმა“ უზადოდ შეასრულეს.
საღამო მიჰყავდათ მარი გოგუას და ნინო ქანთარიას. შეხვედრის სცენარის ავტორი და რეჟისორი გახლდათ ნინო მამფორია.
მოწვეული იყვნენ აკომპანიატორები: გურიელ ჭითანავა და სტიმული ჯაბუა. ქორეოგრაფები: გურგენ სამუშია და რომეო ბულია.
შეხვედრის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ანსამბლ „მტრედების“ ქორეოგრაფს რეზო ბულიას, აკომპანიატორებს: სოსო ქანთარიას და გურამ რაფავას და ასევე ანსამბლის სხვა გარდაცვლილ წევრებს.