- შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრები ონლაინფორმატში დაიწყო.
პირველი შეხვედრა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ლიტერატურის (არჩევითი საგანი) გამოცდებს დაეთმო, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო და უცხო ენათა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგამოცდო ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე უძღვებოდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, დავალებების სპეციფიკისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ. ამასთან, განხილული იქნა ნაშრომების შეფასების ძირითადი პრინციპები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ შეცდომებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ფიქსირდება. ასევე, მიეცათ რეკომენდაციები, რომლებიც მათ საგამოცდო პროცესისთვის ეფექტიანად მომზადებაში დაეხმარება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვები ონლაინ, წერილობით გაეგზავნათ და განმარტებები მიეღოთ.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას ეტაპობრივად სხვა საგამოცდო საგნებშიც გეგმავს. შეხვედრების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
