შამგონელი წარმატებული ფეხბურთელები ადგილობრივი გაზეთის ფურცლებზე


  • გაზეთ “მებრძოლში” 1978 წლის 24 ოქტომბრის ნომერში, სპორტის პროპაგანდის ფედერაციის თავმჯდომარემ კოკი ფიფიამ გამოაქვეყნა წერილი სათაურით “თბილისის ბუვერესტნიკი-შამგონელთა სტუმარი”.

“1939 წლის შემოდგომაზე დასავლეთ საქართველოში ტურნეს მართავდა იმ დროს სიძლიერით რესპუბლიკის მეორე გუნდი-თბილისის „ბურევესტნიკი“, მთელ რიგ ქალაქებში წარმატებით გამოსვლის შემდეგ, ისინი, ზუგდიდს ეწვნივნენ. პირველი შეხვედრა ჩაატარეს  ადგილობრივ „დინამოსთან“ და დაამარცხეს ანგარიშით 6:0. მეორე დღეს, ისინი ენგურქაღალდკომბინატს სწვევიან. მექაღალდეთა კარში მათ პირველ ნახევარში თორმეტი ბურთი გაუტანიათ, მეორე ნახევარი კი საერთოდ არ უთამაშნიათ.

იმჟამად შამგონას ჰყავდა ფეხბურთელთა ძლიერი გუნდი, რომელიც როგორც რაიონის ჩემპიონები, წარმატებით გამოდიოდა რესპუბლიკის საკოლმეურნეო პირველობებში და არა მარტო ფეხბურთი, შამგონაში მაღალ დონეზე მდგარა საერთოდ სპორტული საქმიანობა, რაზედაც მეტყველებს ის ფაქტი, რომ სოფლის ფიზკულტურელთა თავკაცი, გუნდის მწვრთელი- მოთამაშე აპოლონ თორია, ფეხბურთელი იონა ხასია და ცხენოსანი ავქსენტი ჯგუნჯგია მოსკოვში გაუგზავნიათ საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე. დაუჯილდოებიათ დიპლომებითა და სამკერდე ნიშნებით, რასაც მათ ოჯახებში დღესაც სათუთად ინახავენ.

და აი სოფლის მესვეურთა და ფიზკულტურის და სპორტის რაიონული კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარის ანდრო ჟვანიას ინიციატივით, თბილისელები, შამგონას ესტუმრნენ. გულთბილი შეხვედრა, მისალმებები, უამრავი ხალხი მეზობელი სოფლებიდან, ენგურის პირზე მოწყობილი სტადიონი, მასპინძლებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს ძლიერ მეტოქეს და დამარცხდნენ მინიმალური ანგარიშით  2:1-ზე. ეს ერთადერთი ბურთი თბილისელთა კარში, მეორე ნახევარში, გაუტანია აპოლონ თორიას. სტუმრებმა მასპინძელებს თავიანთი სპორტული ფორმები უსახსოვრეს. სოფლის ზეიმი დამთავრდა იონა ხასიას ოჯახში გამართული ხალხმრავალი ბანკეტით.

დიდი სამამულო ომი, შამგონელი ფეხბურთელები სხვა ათობით თანასოფლელებთან ერთად სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგნენ. მათგან მხოლოდ ოთხი: აპოლონ თორია, ჟორჟი ხუბუა, გედევან წყაროზია და ხუტა ბარტავოი დაუბრუნდნენ მშობლიურ კერას. სხვები კი სამშობლოს დაცვას შეეწირნენ. მიუხედავად ხანდაზმულობისა, განაცხადეს მათ, სპორტისადმი, კერძოდ, ფეხბურთისადმი ინტერესი არ გაგვნელებია, გვახარებს ქართული  ფეხბურთის უპირველესი გუნდის  თბილისის “დინამოს“ წარმატებები, განსაკუთრებით გვეამაყება ჩვენი სოფლის ჭაბუკი ფეხბურთელების წარმატებები, რომლებმაც ჯერ რაონის პირველობა მოიგეს, შემდეგ ზონალურ პირველობაზე ისახელეს  თავი, ხოლო საქართველოს პირველობაზე უძლიერეს ხუთეულში  მოხვდნენ, ასე, რომ ესტაფეტა საიმედო ხელშია”.

მასალა მოგვაწოდა ხატია წყაროზიამ

სურათზე: შამგონელ ფებურთელთა 1939 წლის ნაკრები გუნდი: თ. წყაროზია, მ. მესხია, ხ. ნადარაია, ა. თორია, ჟ. ხუბუა, ლ. ფიფია, ა. ფარცვანია, გ. წყაროზია, ი. ხასია და კ. თორია, ტრამვის გამო სურათზე არ არის ხ. ბარტავოი.

ფოტო შამგონელი გოგა ლაშხიას პირადი არქივიდან


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!