- “ზუგდიდელების” სტუმარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი დავით შამათავა.
-როგორ იკითხება დავით შამათავას ბიოგრაფია?
-ვიყავი ძალიან კარგი მოსწავლე, აკადემიური მოსწრების სტუდენტი, შემიძლია ვთქვა, რომ დღემდე ნებისმიერ ჩემს წამოწყებულ საქმეს ვეკიდები უდიდესი პასუხისმგებლობით, და რაც ყველაზე მთავარია დღემდე თბილად მესალმებიან ჩემი პედაგოგები, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩემში მოტივაციას.
–დღევანდელი საჯარო და ზოგადად, სამოქალაქო აქტივის უმრავლესობა სასახლელია, თავად თუ ხართ სასახლის აღზრდილი?
-დიახ, მეც გახლდით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღზრდილი, კონკრეტულად, დავდიოდი ქორეოგრაფიულ ანსამბლში ბატონ ელგუჯა მამალაძესთან და ალბათ, სწორედ სასახლეში სიარულმა დამაახლოვა კულტურის სფეროსთან.
-როგორ ჩანდა შორიდან სასახლე და როგორი ყოფილა მისი შიდა სამზარეულო?
-მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემ, ჯერ კიდევ დაარსების დღიდან ( 1938 წელი) კულტურის მიმართულებით საკუთარი სათქმელი არაერთხელ თქვა. სასახლემ ბევრი წარმატებული თაობა გამოზარდა და ამ ღირსეულ ნიშას დღემდე პირნათლად ასრულებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება და სასახლე ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე.
-თქვენს მოსვლასთან ერთად, სასახლის სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა. იქნებ, დეტალურად ვისაუბროთ ამ ცვლილებებზე.
-სასახლეში შეიქმნა ახალგაზრდული პროექტების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს სალომე გარდავა. ასევე შეიქმნა, საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილება და მას ხელმძღვანელობს მაკა სამუშია. რა თქმა უნდა, ყოველთვის საჭიროა ახალი სულისკვეთება და ვფიქრობ, რომ გუნდი, რომელიც დამხვდა და გუნდი, რომელიც ახლა შეიქმნა შედეგზე ორიენტერებული იქნება. მჯერა, ახალგაზრდული გუნდის დიდი და წარმატებული ქმედითი ნაბიჯები.
-სწორედ გუნდზე უნდა მეკითხა, გუნდი, რომელიც თქვენთან ერთად მოვიდა, სასახლეში ახალგაზრდულია, ვინ არიან ისინი, რა გამოცდილებით.
– სალომე გარდავა, მაკა სამუშია, ანა ძიმისტარიშვილი, თეკლა ჯღარკავა, ირაკლი ჯიქია, კესო წულაია, აკო ჭეჟია ესენი ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც ჩემთან ერთად შემოუერთდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს. თითოეულ მათგანს ზუგდიდი ძალიან კარგად იცნობს. გამოირჩევიან საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის უნარით, პროფესიონალიზმითა და შრომისმოყვარეობით. მჯერა, ახალგაზრდული განყოფილება უახლოეს მომავალში ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს შესთავაზებს სასახლის თითოეულ აღსაზრდელს.
-უკვე გამოიკვეთა პრიორიტეტები?
-ჩვენი პრიორიტეტები მუდამ იყო და არის ვემსახუროთ ახალგაზრდა, უნიჭიერესი თაობის აღზრდას, ხელი შევუწყოთ მათთვის ისეთი გარემო-პირობების შექმნას, სადაც ისინი შესძლებენ საკუთარი იდეების ჩამოყალიბებას და მათ მომავალში განხორციელებას, ახალგაზრდებისთვის, სასახლე იქნება მათზე მორგებული, ინოვაციური, მუდამ წინსვლაზე და განვითარებაზე ორიენტირებული სივრცე.
-სასახლის დირექტორის, ქალბატონ ნინელი ჭითანავას გარდაცვალების შემდეგ, საუბარი იყო, რომ სასახლესთვის მისი სახელი შეერქმიათ.
– სასახლეს თავისი ისტორიის მანძილზე არაერთი ღირსეული და დამსახურებული დირექტორი ჰყავდა, თითოეულ მათგანს უაღრესად დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქალაქის და სასახლის კულტურულ განვითარებაში. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, ქალბატონ ნინელი ჭითანავას ღვაწლი…
-დათო შამათავას ჰობი მოგზაურობაა, რამდენ ქვეყანაში სტუმრობა გჭირდებათ იმისთვის, რომ თქვათ – მორჩა, მსოფლიოს შემოვუარე.
-ჩემთვის, მოგზაურობა, უპირველეს ყოვლისა, არის ემოციები, აღმოჩენებისა და წინსვლის სიხარული, ეს არის მრავალფეროვანი და განსხვავებული გარემო თავისი თავგადასავლებით, ეს ამოუწურავი ფენომენია, რომელიც შეიძლება არასდროს მომბეზრდეს.
-გიფიქრიათ, სასახლეშიც შეექმნათ ახალგაზრდა მოგზაურთა კლუბი, რომელიც მოგზაურობას მშობლიური ქალაქის ქუჩებიდან და სოფლებიდან დაიწყებს, რადგან ჩვენ არ ვიცნობთ ჩვენს მუნიციპალიტეტს… თან ეს ახალგაზრდებში შიდა ტურიზმისთვის მზაობას შეუწყობდა ხელს.
-ჩვენი მიზანი, მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული აქტიურობის და მათი განვითარების ჩართულობაა. სამომავლოდ, გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტები, ერთ-ერთია ახალგაზრდა მოგზაურთა კლუბის ჩამოყალიბება.
-მთელი ზუგდიდი გიცნობთ სტიქარით და ფსალმუნით.
-ძალიან პატარა ვიყავი, როცა ტაძარში დავიწყე სიარული, და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბება უკავშირდება ეკლესიას-ჩემს მოძღვარს მამა მალხაზსა და მეუფე გერასიმეს. ჩემს თითოეულ წარმატებაში მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით. მადლობა მათ უანგარო და მამობრივი სიყვარულისთვის.
-ახლახანს დაოჯახდით…
-გვერდით მყავს ის ადამიანი, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ეს გახლავთ გვანცა თორდია. ძალიან მალე ველოდებით ოჯახის ახალ წევრს და ვართ ღვთისა და მომავლის იმედებით აღვსილნი. რაც შეეხება ჩემს მშობლებს, მინდა მადლობა გადავუხადო იმ უძილო ღამეებისთვის, რომ ჩვენ შვილებს არ მოგვკლებოდა განათლება და მატერიალური სიკეთეები. გულწრფელი მადლობა მათ, რომ ბავშვობიდან მინერგავდნენ უფროსებისადმი პატივისცემასა და თავმდაბლობით ცხოვრებას. კიდევ ერთხელ, მადლობა უფალს შესანიშნავი ოჯახისთვის.
-როგორია დათო შამათავასთვის იდეალური საქართველო, ასეთივე ზუგდიდი და ასეთივე სასახლე.
-ვფიქრობ, იდეალურობის ამოსავალი წერტილი განათლებაა, ჩვენ ახალი გამოწვევების სამყაროში ვცხოვრობთ. განათლებას მოაქვს ყველაზე ფასეული რამ-თავისუფლება.
-წარმატებებს გისურვებთ.
ეკა ფარულავა