- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მიეცა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული, 2021-2022 წლებში წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა ორსულ ქალებთან და ფიქტიურად გააფორმა ისინი მის მმართველობაში არსებულ საწარმოებში, შემდგომ დაამზადა ყალბი დოკუმენტები, რითიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითქოსდა საწარმოებში დასაქმებული 237 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება, ჯამში, 237 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა განაწილებულ იქნა ბრალდებულსა და ორსულ ქალებს შორის.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.