ღვთისმშობლის ტაძარი–ნოტრ-დამი


პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ფრანგ. ნოტრე დამე დე პარის), აგრეთვე ცნობილი როგორც ნოტრ-დამი —გოტიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი შესასვლელით დასავლეთიდან. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია (პარიზის ეპარქიის). პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.
პარიზის ნოტრ-დამი ერთ-ერთი პირველი გოტიკური ტაძარი იყო და შენდებოდა მთელი გოთიკური პერიოდის განმავლობაში. მისი სკულპტურები და მოჭიქული მინა ნატურალიზმის ძლიერ გავლენაზე მიუთითებს, აძლევა რა მათ უფრო სეკულარულ ხასიათს, რაც ადრეულ რომანულ ფორმებში ნაკლებად შეინიშნებოდა.
პარიზის ნოტრ-დამი ასევე ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, სადაც არკ-ბუტანტები, ე. წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად. თავდაპირველ პროექტში ქორალთან და მთავარ გუმბათთან არკ-ბუტანტების აყვანა გათვალისწინებული არ იყო. თუმცა მშენებლობის დაწყების შემდეგ კედლები სიმაღლეში სულ უფრო ვიწროვდებოდა და თხელდებოდა და მათზე სიმძიმის ზეწოლის ნიშნები გაჩნდა. ამის გამო საყრდენების დამატება აუცილებელი შეიქმნა დამატებითი რღვევის თავიდან ასაცილებლად. მრავალი წლის განმავლობაში ამ საყრდენებს ხარაჩოებს ამსგავსებდნენ, თითქოს მათი დემონტაჟი მშენებლობის დასრულების შემდეგ დავიწყნოდათ, რაც კათედრალს დაუმთავრებელ იერს აძლევდა.
ვიკიპედიის ინფორმაციით:
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს აქვს 130 მეტრი სიგრძე, 50 მეტრი სიგანე და 34 მეტრი სიმაღლე. იგი ხუთნავიანი კათედრალური ტაძარია; მთავარი ნავის კვადრატული უჯრდებით, მასიური სვეტებით და მძიმე კედლებით ჯერ კიდევ რომანულ სტილზეა ჩაფიქრებული; აქვს 37 კაპელა-ეკვდერი და მდიდრულად მოჩუქურთმებული პატრონიკე. დიდებულ ფასადს ამშვენებს სამი შიგნით შეღრმავებული ისრულკამარიანი მთავარკარი, ზემოთ – ოცდარვა სამეფო წალოს – ნიშის მოქარგული და დაკბილული არშია; მის ზემოთ შუაში დატანებულია უზარმაზარი მრგვალი სარკმელი – ვარდული, მარცხნივ და მარჯვნივ ორი სარკმელია; კიდევ უფრო მაღლა, სარკმლების თავზე, არის მაღალი და ნარნარი, სამყურას ფორმის ჩუქურთმებით მორთული კამაროვანი გალერეა, რომლის წვრილ და ფაქიზ სვეტებზე დამყარებულია მძიმე ბაქანი; ბოლოს, ამ ბაქანზე აღმართულია და მთელ ფასადს აგვირგვინებს ორი დაუმთავრებელი, მაღალი, მასიური კოშკი (68 მ). ამ ორ კოშკს შორის დატოვებული სივრცე კიდევ უფრო დიდ შტაბეჭდილებას ახდენს. ხოლო მათ შორის უკან შუაჯვარედინზე აღმართული მოჩანს წვრილი შპილი (წვეტი). პატრონიკე და სიგრძივი ნავი ერთ მთლიანობად არის შეკრული და განივი ნავიც კი ეკლესიის შინამოში არის შეტანილი. ამით ტაძრის შიგნით სივრცე ერთიანი ხდება. ეკვდერები კედლის ბურჯ გოდლედებს (კონტრფორსებს) შორის ხუთნავიან სიგრძივ ნავთან და პატრონიკესთან ერთად ერთ მთლიან მონუმენტს ქმნის. თაღის სივრცის სიმაღლე აღწევს 32.5 მეტრს.
გარდა ამისა, ეს დიადი ქმნილება თვალს აჯადოებს თავისი ურიცხვი ქანდაკებებით, ნაძერწი და ჭედური ჩუქურთმიანი დეტალებით. ყოველივე ერთად შეერთებული კი ქმნის მშვენიერ ანსამბლს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მასშტაბური ხანძარი მოხდა. ბოლო მონაცემებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.
ხანძარი ადგილობრივი დროით 15 აპრილს 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის სახურავზე აღმართული სვეტი და საათი. ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გაჩენა მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.
როგორც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია.პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უდიდესი სიწმინდეები გადაურჩა ხანძარს, როგორც ამბობენ, მათ შორის წმ.დავით აღმაშენებლის კუთვნილი ძელიცხოვლის ნაწილი- ჯვარი.
მემატიანე ამბობს, რომ “ფრანგი ბერის, ანსელუსის თანახმად, ჯვარი შეიძინეს დავით მეფის ქვრივისგან, ანუ ყივჩაღთა მეფის ასულ გურანდუხტისგან, რომელიც იერუსალიმში მონაზვნად აღიკვეცა. უფრო სარწმუნოა სხვა ვერსია, რომ ჯვარი თან ჰქონდა დედოფალ რუსუდანს, დავითის პირველ მეუღლესა და დემეტრეს დედას და მან მიჰყიდა ძელიცხოვლის ნაწილისგან შექმნილი ჯვარი ფრანგ ჯვაროსნებს, ვინაიდან იერუსალიმის ქართულ მონასტრებს შიმშილი ემუქრებოდა.
იმ პერიოდში, სელჩუკებთან ომის მიზეზით, საქართველო ვერ უკავშირდებოდა წმინდა ქალაქს, ქართულ მონასტრებს მატერიალურად ვეღარავინ ეხმარებოდა. დავითის მეუღლემ, ქართველ ბერ-მონაზონთა გადარჩენის მიზნით, დიდძალ თანხად შესთავაზა ჯვარი ჯვაროსნებს. როდესაც ამის შესახებ ევროპაში შეიტყვეს, არნახული ოდენობის შემოწირულობა შეკრიბეს და ქართველი დედოფლისგან შეძენილი წმინდა საგანძური დიდი პატივით დააბრძანეს პარიზში მდებარე ბაზილიკაში, რომლის ადგილას მოგვიანებით აშენდა პარიზის ღვთისმშობლის დიდებული ტაძარი”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!