სერიიდან “შეხვედრა”
ქეთევან კვარაცხელია, წლების წინ, ქარგვის პროცესში გავიცანი,- იჯდა თავისი პატარა მაღაზიის წინ და მოცალეობის ჟამს, ულამაზესი ჯვრები ამოჰყავდა სპეციალურ საქარგ ნაჭერზე, ძალიან “სუფთად” მუშაობდა. ამ მაღაზიასთან ყოველ გავლაზე ვხედავდი მას, ან ახალ საქარგს იწყებდა, ან ასრულებდა ძველს… იმთავითვე აღმოჩნდა, რომ საკუთარ თავზე, მით უფრო ჟურნალისტებთან, არ უყვარდა საუბარი.
რამდენიმე დღის წინ, ერთი წარმატებული ზუგდიდელი ქალბატონის, მაია მიქავას ფეისპოსტზე, ქეთო კვარაცხელიას და ქაღალდისგან შექმნილი მისი ნახელავების ფოტოები ვნახე. მერე ჩემი კოლეგებიც ესტუმრნენ.
ახლა, ერთად ვსხედვართ და მებოდიშება, თქვენზე ადრე სხვებს მივეცი ინტერვიუო. მე არ მწყინს, რა თქმა უნდა, პირიქით, მიხარია, რომ ჩემმა კოლეგებმაც შეამჩნიეს, დაინტერესდნენ, მოუწონეს ნახელავი და მისი ახალი საქმე ქვეყანას აჩვენეს.
დიახ, “ახალი საქმე”! – ეს არ არის ნაქარგი. ქარგვამ თვალები გამიფუჭაო, მითხრა, და რადგან უსაქმოდ ვერ ვჩერდები, ახლა, ქაღალდისგან სხვადასხვა სუვენირს და ლამაზ ნივთებს ვაკეთებო.
მეც მიცდია ქაღალდისგან სუვენირების დამზადება. ვერ დავმალავ, ძალიან „შემაწუხებელია“ ამ საქმეში, “მთავარი ინსტრუმენტის“ ქაღალდის ჩხირების დახვევა, ანუ იმ ძირითადი მასალის შექმნა, რომლისგანაც შემდეგ, ქეთო აკეთებს ლარნაკებს, კალათებს, მაგიდებს, ჩანთებს, ფინჯნებს. ამ ჩხირების დამუშავება კიდევ ცალკე სირთულეა,–თავიდან, სამუშაოდ, ჩხირი რბილი უნდა იყოს, ელასტიური, მაგრამ შემდეგ, ამ ჩხირებისგან შექმნილი პროდუქცია, მკვრივი უნდა გახდეს. ჩხირებს ფერიც უნდა მისცე,–შეღებო, გალაქო,–ქეთო ამბობს, რომ ეს ყველაზე „ჭუჭყიანი სამუშაოა“ იმ სიამოვნებაში, რასაც უკვე შექმნილი პროდუქტისგან იღებს. თორემ დახვეული და შეღებილი ჩხირები თუ ექნება, დღეში, სულ მცირე, სამი საშუალო ზომის პროდუქცია შეიძლება დაწნას. ამბობს, არ ვიღლები, პირიქით, ეს საქმე დიდი სიამოვნებაა ჩემთვისო.
–გუშინ ეს ჩანთა ავაწყვე,- დავიწყე და დავამთავრე… ერთი ამოსუნთქვით… ტანი ქაღალდისაა, სადგამი და სახელოები–ტყავის,–მიყვება ქეთო და ღიაყავისფერ ხელჩანთას მაწვდის.
–უცხო ფერის ქაღალდი ამოგირჩევიათ… არც ეტყობა ჩანთას ქაღალდისგან რომაა…
–ჩვეულებრივი თაბახია… დავახვიე და ყავით დავამუშავე… მშვენიერი ფერი გამოვიდა… მოგვიანებით, ლაქსაც წავუსვამ და იბრწყინებს.
–ამ ჩანთის მომავალმა პატრონმა უნდა იცოდეს, რომ წვიმიან ამინდში, ეს ნივთი, არ ატაროს…
–არა, წვიმა არც არღვევს და არც ალღობს, ქაღალდი ხომ გალაქულია… თუმცა, როგორც ჭილოფის ქუდებს არ უხდება წვიმა, არც ამას მოუხდება, რა თქმა უნდა…
–დაახლოებით რამდენი ნამუშევარი გაქვთ?
–ალბათ, ათასამდე…
–თითოეულ შტრიხში დიდ შრომას და ენერგიას დებთ, გული გწყდებათ, ალბათ, როცა ნივთი თქვენგან „მიდის“…
–ძალიან… მერე მენატრება, რადგან მუშაობის დროს მიყვარდება. მას თან ჩემი სულის ნაწილიც მიჰყვება…
–ყველაზე კარგი ჩხირები როგორი ქაღალდისგან გამოდის?
–თაბახის თეთრი ქაღალდისგან. გაზეთის ქაღალდისგან არც თუ ისე… მე არ მომწონს…
–სპეციალური დამხვევები არსებობს თურმე ჩხირებისთვის…
–მე ხელით უკეთესად ვაკეთებ. დღეში 1000 ჩხირის დახვევა შემიძლია. თუ შეკვეთები მაქვს, ჩემი დებიც მეხმარებიან.
–ე.ი. დამხმარე ხელი გჭირდებათ… შეიძლება ქალთა არტელიც შექმნათ, თუ ბაზარი მოითხოვს თქვენს პროდუქტს.
–მინდოდა პროექტი წარმედგინა „აწარმოე საქართველოში“, მაგრამ… ვნახოთ. არის იქ რაღაც დეტალები, რაც ჯერ–ჯერობით, ვერ გავთვალე. ისე, ერთ–ერთ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა და მშვენივრად გამეყიდა პატარა ზომის სუვენირები.
(ინფორმაციისთვის: ქეთო, პროფესიით ბუღალტერია, აქსესუარების პატარა მაღაზია აქვს, რომელსაც ამჟამად, მოცალეობის ჟამს, სახელოსნოდაც იყენებს.)
ქეთო, პატარა სუვენირების გარდა, „მოზრდილი ტანის“ დეკორატიულ ნივთებსაც აკეთებს ქაღალდისგან. უკვე მისთვის ამ საქმეში სირთულე არ არსებობს. ყოველი მორიგი ნაკეთობა, უფრო დახვეწილიაო,–ამბობს.
-მეც მიკვირს, როგორ გამომდის… ჩემს დასაც მშვენიერი „ხელი აქვს“. სიმინდის ფუჩეჩისგან ისეთ ლამაზ ნივთებს აკეთებს, გაგიკვირდებათ, მაგრამ აი, ქაღალდით ვერ იმუშავა, გაუჭირდა. ერთი კვირა იწვალა.
ქეთოს ნახელავი „ქაღალდის ავეჯი“ ეზოს გადახურული ნაწილისთვის, ოფისის ინტერიერისთვის ძალიან კომფორტულია. მშვენიერი მაგიდები, უბრალოდ, ლამაზი ფიგურები ნებისმიერ ინტერიერს გაალამაზებს სახლში თუ ოფისში. მაგრამ „დიდი ტანის“ ფიგურებზე მუშაობას, დროც, სამუშაო მასალაც და ენერგიაც დიდი და ბევრი სჭირდება, ამიტომ პატარა, გაყიდვადი აქსესუარების მარაგი უნდა ჰქონდეს, რომ მოიცალოს. არადა, ვერ ელევა ფიქრს საოჯახო, დიდი სკივრის შექმნაზე.
–ყველაზე რთულად შესასრულებელი ნამუშევარი რომელი იყო?
–„ყავის ფინჯანი“–საკამფეტედ გამოიყენება… აი, ეს… – ქეთო მუქ ყავისფერ, ლამაზად დაწნულ ქაღალდის ფინჯანს მაწვდის, რომელსაც ეტიკეტიც ორიგინალური აქვს „KK” (ქეთო კვარაცხელია).
–ამ ყავის ფინჯანს უკვე ჰყავს პატრონი… მე თქვენ სხვას გაჩუქებთ… ჩემგან სამახსოვროდ გქონდეთ.
…და ზუსტად იგივე სიდიდის და ფერის, ქაღალდისგან დაწნული ყავის ფინჯანი-საკამფეტე უკვე ჩემია…
–მოგწონთ?–მეკითხება. – იცოდეთ, რომ ლაქი არააქვს წასმული?
დიახ, საჩუქარი მომწონს, ან ვის არ მოეწონება, ისეთი უზადო ნახელავია… მე უფრო სხვა ფიქრი მაქვს:
- სასურველია, არსებობდეს ორგანიზაცია, სადაც მივა ქეთო კვარაცხელია და მისი ჩანაფიქრების განსახორციელებლად ფულად წახალისებას მიიღებს,
- ან…
ისეთი ორგანიზაცია, სადაც მის ნამუშევრებს ჩაიბარებენ და ბაზარზე, შინ და გარეთ, გასაყიდად თავად გაიტანენ, - ან…
ისეთი ორგანიზაცია, ქეთოს სამუშაო მასალებს: ქაღალდს, წებოს, საღებავს, ლაქს და ა. შ უსასყიდლოდ გადასცემს, - ან …
სულაც ისეთი ორგანიზაცია, რომელიც მას სივრცეს გამოუყოფს სახელოსნოდ და მასტერკლასების სერიას შეუკვეთავს ახალგაზრდებისთვის.
ქაღალდისგან სუვენირების, დეკორატიული ნივთების, საოჯახო ავეჯის შექმნა პროფესიაა, ხელოვნებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ბევრი საიტერესო ჩანაფიქრის განხორციელება შეიძლება ამ მიმართულებით იმ ქვეყანაში, სადაც ბიზნესს, ძირითადად, მცირე მეწარმეები აძლიერებენ, სადაც ტურიზმის განვითარებაზე ფიქრობენ.
ნ. მიქავა
თემის სპონსორი:
AFAD Association For Agriculture Development