ქალი, რომელიც თიხაზე მუშაობს


  • “ორკოლ სტუდია” და მისი ნახელავი თიხა და კერამიკა ზუგდიდელების უმრავლესობამ იცის – რამდენიმე წელია ჩვენს ქალაქში შექმნილი, თითზე ჩამოსათვლელი ადგილობრივი პროდუქციის რიგებში თავს იწონებს და ნელ-ნელა მუნიციპალიტეტის კი არა, ქვეყნის მასშტაბებსაც სცილდება. სტუდიის ბიოგრაფია ასეთია – მამის, ცნობილი ზუგდიდელი მხატვარ-კერამიკოსის რობერტ აბსანძის პროფესია გააგრძელა მისმა ქალიშვილმა ცირა აბსანძემ და კერამიკის სახელოსნო “ორკოლ სტუდია” დააფუძნა.

ცირა “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ მთელი ბავშვობა თიხის დამუშავების პროცესს უყურებდა. ყველაფრის, ყველა პროცესის თანამონაწილე ვიყავიო, რაც მამის სახელოსნოს გარშემო ხდებოდაო. ალბათ სწორედ ამიტომ შესძლო კერამიკოსმა ამ საქმეში თავისებური სტილის, ხაზის და ზოგადად, სიახლე შეიტანა.

“-2019 წელს ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. გადავწყვიტე, იქიდან წამოვსულიყავი და ოჯახურ ბიზნესს გავსძღოლოდი. დავიწყე ძერწვა, ხატვა…. ეს კი, ბავშვობიდან მამისგან შევისწავლე. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ კარგად გამომდიოდა. პატარ-პატარა წარმატებებიც ნელ-ნელა მოვიდა. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ოჯახის დამსახურებაა. ყოველდღე ვზრდი ჩემს თავს. ვსწავლობ მიწის ჯიშების ამოცნობას. სხვაგავრად ვერც ვერავინ იმუშავებს თიხაზე. მამაჩემმა კი ეს ძალიან კარგად იცის. ჩემი სურვილია, არ დაიკარგოს მამის სახელი, საქმე და ქართულ ტრადიციულ თიხაზე და კერამიკაზე მუშაობის წესები მომავალ თაობას შემოვუნახოთ.”

ცირა ამბობს, რომ აბსანძეების ოჯახურ ბიზნესში და კონკრეტულად მის შემოქმედებაში, კიდევ ერთი ქალბატონის სერიოზული ღვაწლი და გავლენაა, – ეს დედამისი, პროფესიით ისტორიკოსი მანანა კაკულიაა. მისი ნამუშევრები ძირითადად ისტორიულ თემებზეა შექმნილი. თანამედროვე ისტორიის ასახვა, კოლხეთის დიდება, მითოლოგია, არქეოლოგია და უახლესი ისტორიის ნიმუშები.

კერამიკით დაინტერესებულ პირებს, აბსანძეების სახელოსნოში “ორკოლ სტუდიაში”, შეუძლიათ კერამიკის წარმოების უწყვეტ პროცესს მიადევნონ თვალი. “ბევრი ახალგაზრდა გვიკავშირდება. სურვილი აქვთ, ჩვენთან გაიარონ მასტერკლასები. ადრე, ძალიან ბევრი მოსწავლე გვყავდა, მაგრამ პანდემიის გამო, ახლა ვერ ვღებულობთ. მოხარული ვარ, მომავალ თაობას, ასე, რომ აინტერესებს კერამიკაზე მუშაობა”

“ორკოლ სტუდიას” ხშირად სტუმრობენ უცხოელი ვიზიტორებიც. როგორც ცირა ამბობს, ისინი დაინტერესებულნი არიან ქართული კერამიკით.

“ბედნიერი ვარ, რომ ზუგდიდში არსებობს სივრცე “ორკოლ ტუდია”, სადაც სპეციალურად, მის სანახავად ჩამოდიან ტურისტები. წელს, მიუხედავად პანდემიისა, გვსტურობდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ მოსწონთ ჩვენი გარემო, შემოქმედება და ეს ხშირადაც აღუნიშნავთ. მახსოვს, “ორკოლ სტუდიაში” იმყოფებოდა კერამიკის ერთ-ერთი უცხოელი კოლექციონერი. ის აღფრთოვანებული იყო ჩვენი ნამუშევრებით, შეიძინა კიდევაც რამდენიმე მათგანი.”

ცირამ საუბრისას ჩვენთან აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ “ორკოლ სტუდიის” კერამიკა, ქართულ 5 ბრენდს შორის გაიტანა „ექსპო 2020 დუბაიზე“ .

ცირას მომავალში შემოქმედებითად ბევრი სიახლე აქვს დაგეგმილი. ფიქრობს, გაზაფხულისთვის ერთი ლამაზი გამოფენა აჩუქოს ჩვენს ქალაქს. იმავდროულად, იმედოვნებს, პანდემია ხელს არ შეუშლის და უფრო ფართო მასშტაბებზე გავა მისი შემოქმედება.

მასალა მოამზადა: თამუნა ტაბაღუამ,

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი.


კომენტარი

  1. სესილი

    საუკეთესო ოჯახი, უთბილესი ადამიანები ? რომლებიც საოცრებებს ქმნიან ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!