ქალაქ ზუგდიდის მერიის საგანგებო განცხადება


ქალაქ ზუგდიდის მერია ავრეცელებს განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:  “ვეხმიანებით რა, პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის მიერ ყოვლად უპასუხისმგებლო და პროვოკაციულ განცხადებას, ვაცხადებთ, რომ ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი თვითმმართველობა არის სიმშვიდის, სტაბილურობისა და სამართლიანობის  გარანტი. სამწუხაროა, რომ პარლამენტარი  ტრიბუნას იაფფასიანი პოლიტიკური ქულების მისაღებად იყენებს, ავრცელებს დეზინფორმაციას და ცილს სწამებს არჩევითი ორგანოს მაღალი თანამდებობის პირებს.  ვსარგებლობთ შემთხვევით და განვმარტავთ:

სამეწარმეო საქმიანობიდან სახელმწიფოსთვის კუთვნილი შემოსავლის ადგილობრივ ბიუჯეტში მიმართვის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონზე  გამარჯვებულ  შპს ,,ლონდასტე“-ს , სარგებლობის უფლებით, ქალაქ ზუგდიდში, რუსთაველის ქ #54-ში არსებული უძრავი ქონება გადაეცა. თუმცა, გამარჯვებულ შპს-ს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა, რადგან შპს ,,ზუგდიდის სუპერმარკეტის მხრიდან ვერ იქნა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, ტერიტორიაზე არსებული უკანონო კონსტრუქციის დემონტაჟის შესახებ.  შპს ,,ზუგდიდის სუპერმარკეტის“ დირექციამ, არ შეასრულა მერიის მხრიდან სამგზის  წერილობითი მოთხოვნა, რაც აღნიშნულ ქონებაზე მათ განკარგულებაში მყოფი, უნებართვოდ განლაგებული სავაჭრო ფარდულების  დემონტაჟს   ითვალისწინებდა. დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ქალაქის მერიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობითა და მხარეების მონაწილეობით, არაერთი  შეხვედრა გაიმართა, თუმცა, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მოაღწიეს. ვინაიდან მერია აღმასრულებელი ორგანოა და ვალდებულია კანონის ფარგლებში იმოქმედოს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული  უკანონო კონსტრუქციის დემონტაჟის შესახებ. თუმცა, მერიის შესაბამისმა სამსახურმა დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ძალისმიერი ჩარევისგან თავი შეიკავა. ადგილობრივი თვითმმართველობა მხარეებსა და მოვაჭრეებს, პრობლემის მოგვარების მიზნით, კიდევ ერთხელ სთავაზობს ერთობლივ შეხვედრას, სადაც მოვაჭრეები მიიღებენ გარანტიებს, რომ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი შეღავთებით გააგრძელებენ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: დიახ, ჩვენ ვიქნებით გარანტი იმისა, რომ მოვაჭრეები დაცული იქნებიან სამუშაო ადგილის დაკარგვის შიშისგან, კანონიერმა მესაკუთრემ შეძლოს კანონით მისთვის მინიჭებული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.

ქალაქ ზუგდიდის მერია მხარეებს  კანონმორჩილებისა და ურთიერთგაგებისკენ მოუწოდებს, განუმარტავს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არ აპირებს მათი მანკიერი პრაქტიკის დანერგვას და მოუწოდებს მათ თავი შეიკავონ სიტუაციის ესკალაციისგან. ნუ გამოიყენებენ მოვაჭრეებს საკუთარი ინტერესებისათვის, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რადგან ამ ვითრებაში მოვაჭრეთა ინტერესების დაცვით,  კანონის თნახმად მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება უდაო ვალდებულებაა.

რაც შეეხება ქალაქ ზუგდიდში, ტროტუარების რეაბილიტაციაზე მიმუშავე მუშების პროტესტს. გაცნობებთ, რომ  აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ,,გზამგები“-სთან 2015 წლის 4 აგვისტოს გააფორმა ხელშეკრულება, რომელმაც აიღო ვალდებულება ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შესახებ. აღნიშნულმა კომპანიამ, თავის მხრივ გააფორმა ხელშეკრულება ქვეკონტრაქტორ კომპანია შპს ,,ამი 2014“-თან. სამუშაოები, რომელიც 2015 წლის 23 დეკემბერს დასრულდა, განახორციელა შპს ,,გზამგების“ მუშა-მოსამსახურეეებმა და ,,ამი 2014“-ის მიერ დაქირავებულმა 40 -მა თანამშრომელმა. ქალაქ ზუგდიდის მერიამ, რომელსაც სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა ევალებოდა, შესაბამისი დასკვნის შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტით, ჩაიბარა აღნიშნული ობიექტი. ქალაქ ზუგდიდის მერიამ ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ეტაპობრივად განახორციელა ფინანსური ანგარიშსწორება. შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მერიას მის კონტრაქტორ კომპანიასთან ფინანსური დავალიანება არ გააჩნია.       ჩვენ გამოვთქვამთ წუხილს იმის გამო, რომ მერიის კონტრაქტორი კომპანიის ქვეკონტრაქტორმა კომპანია ,,ამი 2014“-მა არ გამოიჩინა კეთილსინდისიერება და მის მიერ დაქირავებულ 40 მუშას არ მისცა კუთვნილი ანაზღაურება.  ქალაქ ზუგდიდის მერი, ირაკლი გოგოხია ვიცე-მერი, გია გულორდავა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, მერაბ ქვარაია, მხარის გუბერნატორი ლევან შონია,  არაერთხელ შეხვდნენ უხელფასოდ დარჩენილ მუშებს და  შუამდგომლობა გაეწიათ მერიის კონტრაქტორ კომპანიასთნ.  მოგეხსენებათ,  ადგილობრივ თვითმმართველობას აღნიშნული პრობლემის მოგვარების სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია. ეს სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს გამოძიება და  გამოვთქვამთ რწმენას, რომ მუშების მოთხოვნა, კუთვნილი ხელფასების მიღების თაობაზე, უმოკლეს დროში დაკმაყოფილდება.

 

ქალაქ ზუგდიდის მერია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!