ქალაქის საკრებულოს სხდომაზე


დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე,  დეპუტატებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს „მეგრული ენის ლექსიკისა და სიტყვათა წარმომავლის’’ ავტორის მამანტი ძაძამიას ხსოვნას. შემდეგ კი, სხდომა ხმაურიანი გახდა.

სხდომაზე ხმაური მოყვა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშუტებზე ნებართვის გაცემის საწყისი ფასების დამტკიცებას.

. საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თენგიზ ქოჩუას თქმით,  პროექტი შარშან ზაფხულში შემოვიდა.  „მაშინ მივიღეთ  რეგულარული სამგზავრო  გადაყვანის მარშუტებზე ნებართვის გაცემის წესები,  კომისიის მუშაობის  რეგლამენტი და შემდეგ იურიდიული  დოკუმენტები, რომელიც  კომისიის მუშაობისთვის იყო აუცილებელი, მაგრამ მაშინ თავი შევიკავეთ საწყისი ფასების დანართის დამტკიცებისგან,  საუბარი იყო დროებით ნებართვებზე,  რომელიც უნდა მოხვედრილიყო მაშინვე. დღეს წარმოდგენილი გვაქვს 35 მარშუტი ქალაქის ტერიტორიაზე,  შესაბამისი გაანგარიშებით თითოეულ თვეზე. 150 ლარით იწყება და მაქსიმალური ფასი 1500 ლარია.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ’’. დეპუტატ ანა წითლიძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. „მე პირადად, ველაპარაკე მძღოლების ნაწილს, თვითონაც აქვთ კითხვები, მათ შორის თუ როგორ ცხადდება კონკურსი. როგორც გვითხრეს, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე არის  ვიცემერი გია გულორდავა, რომელიც ცნობილია ეგრეთწოდეული  ფილების საქმეში, შესაბამისად,  მისი თავმჯდომარედ არჩევა კომისიაში კიდევ ერთხელ ბადებს  ეჭვს, რომ ეს არის საკითხი, რომელიც შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ ისე, როგორც უნდა ქალაქის მერს . ეს არის საკითხი, რომელიც პირდაპირ ეხება მძღოლების ყოველდღიურ საქმიანობას, მათ ოჯახებს’’.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=wGZh3cgTjSg[/embedyt]

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი თოდუას თქმით, მერია და ქალაქ ზუგდიდის საკრებულო, ერთობრივად მუშაობს უკვე რამდენიმე თვეა  სატრანსპორტო სფეროს  რეგულირების მიმართულებით. ის ამბობს, რომ წლების გამავლობაში  ეს საკითხი არ იყო მოწესრიგებული, მაგრამ დღეს უკვე გადაიდგა მთელი რიგი ნაბიჯები. „ფაქტიურად, ხდება რეგალიზაციასთან ერთად მოწესრიგება.  ჩვენს ბიუჯეტში დამატებით  განსაზღვრულია 150 ათასი ლარის  შემოსავალი. ტრანსპორტის რეგულირების მიმართულებით იმუშავებს სპეციალური კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს  ქალაქის ვიცე მერი გია გულორდავა.  კომისიის შემადგენლობაში იქნებიან  საკრებულოს წევრები,  ასევე  მერიის შესაბამისი  სამსახურები.  ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მძღოლებთან შეხვედრა. ეს შეხვედები მომავალშიც გაგრძელდება,  მათ აუცილებლად  გააცნობენ პირობებს, თუმცა პირობების გაცნობამდე,  აუცილებლად დამტკიცდება კომისიის დებულება, ამის შემდეგ, ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს’’- აღნიშნა თოდუამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!