ფატიმა გიგანი: მე ჩემს სამშობლოს და ახლობლებს ვარ მონატრებული


ფატიმა გიგანი ემიგრანტია, 15 წელია საბერძნეთში ცხოვრობს… როგორც ყველა ემიგრანტს, მასაც ენატრება სამშობლო, ამბობს, რომ ჟურნალ „ზუგდიდელების“ ერთგული მკითხველია, დიდი მოწიწებით ეცნობა ზუგდიდურ სიახლეებს… თვლის, რომ ერთი წუთი არ გაუტარებია სამშობლოს მონატრების გარეშე… დღეს კი, სურს მონატრებულ ახლობლებს მოეფეროს და მშობლებს ქორწინებიდან 50 წლის იუბილე მიულოცოს…
ფატიმა:
“- მე ერთი უბრალო, სამშობლოს სითბოს დანატრებული ქალი ვარ… მე და ჩემი მეუღლე რომან კვინჩია, წლების განმავლობაში, სოფელ ხამისქურში საკმაოდ შეძლებულად ვცხოვრობდით, მაგრამ არეულობის შემდეგ თავის რჩენა და შვილების შენახვა ძალიან გაჭირდა. საბერძნეთში ჯერ ჩემი მეუღლე წავიდა, მოწვევა მამაჩემმა და ჩემმა ბიძებმა გამოუგზავნეს, რომლებიც საბერძნეთში, ათონის კუნძულზე აგიოროსის დიონისიუს მონასტერში ინჟინრად მუშაობდნენ და ძირითადად ეკლესია-ტაძრებს აგებდნენ… მინდა ისიც აღვნიშნო, რომ საბერძნეთში გამოცემულ ერთ-ერთ წიგნში, სამივე ძმა: ბორისი, ვალერი და რამინი გიგანები საამაყო ქართველებად არიან მოხსენიებული… ჩავიდა ჩემი მეუღლე, იმუშავა, მაგრამ ვერ გაძლო და მალევე დაბრუნდა უკან… ჩემი მეუღლისა და ჩემი დის-ფერიდეს რჩევით, მე ჩამოვედი საბრძნეთში… იმ დროისთვის, ფერიდეს უკვე საკუთარი სახლი და პატარა ბიზნესი ჰქონდა აქ. მეც ამომიდგა გვერდში და დამაწყებინა მუშაობა… ვერ ვიტყვი, რომ არ გამიჭირდა აქაურობის შეჩვევა, მაგრამ რომ ვიხსენებდი, რისთვის ვიყავი ჩამოსული, ვუძლებდი. ძნელია ოჯახს მოწყვეტილმა რაღაც კაპიკები აგროვო. მაგრამ მიზანი მქონდა და იმ მიზნის მისაღწევად ავიტანე ამდენი მონატრება. დღეს საბერძნეთში ჩემი საკუთარი ბინა მაქვს, ზუგდიდში სახლი ვიყიდეთ, სოფელში ეზო-კარი შევაკეთეთ, გავალამაზეთ, ნელ-ნელა წელში გავიმართეთ. ეკონომიკური მდგომარეობა კი, გავიუმჯობესე მაგრამ, მიუხედავად ამისა, დაკარგულ სითბოს ვერაფერი მივსებს. მართალია, მეუღლე და ბავშვები ხშირად ჩამოდიოდნენ საბერძნეთში, ხან მე ჩამოვაკითხავდი, მაგრამ მაინც ბევრს ვდარდობდი და განვიცდიდი. მძიმეა ემიგრანტის ხვედრი.
– ამასობაში ბერძნების სიდედრიც გახდით…
– ალბათ ესეც ბედი იყო, ჩემი უმცროსი ქალიშვილი ნანა ბერძენზე გათხოვდა. ამჟამად, ბულგარეთში ცხოვრობენ, ჰყავთ ერთი ქალიშვილი – ემილია. ჩემი სიძე ვიქტორ დიმკინი კარგი ადამიანი, ბრწყინვალე მეუღლე და მამა, საქართველოზე და სამეგრელოზე ძლიერაა შეყვარებული. უფროსი ქალიშვილი თამუნა ზუგდიდში ცხოვრობს, მისი მეუღლე, ზაზა აბულაძე სამურზაყანოდანაა, ჰყავთ ორი თვალმერცხალა გოგონა: თათია და ხატია, მალე მესამე შვილს ელოდებიან.
– როგორ ურთიერთობენ შვილიშვილები, ენობრივი ბარიერი ხომ არ უშლით ხელს?
– ბავშვებს ძალიან უყვართ ერთმანეთი, ემილია ყოველ ზაფხულს სამეგრელოში ატარებს, ასე რომ, ძალიან კარგად იცის ქართულ-მეგრული. არა მხოლოდ ემილიამ, ჩემი დის ფერიდეს შვილებმა: ხარულა და თომამაც შეისწავლეს მეგრული და ძალიან უყვართ დედულეთი, მიხედავად იმისა, რომ ლონდონში ცხოვრობენ, ყოველ ზაფხულს ჭკადუაშში, ჩემი მშობლების და ძმის სახლში ატარებენ. ჩემს ძმას, ნუკრის სამი შვილი ჰყავს: ანი, გიგა და ნია. რძალიც კარგი შეგვხვდა, ნუკრის მეუღლე თამუნა ბაძაღუა ჩხოროწყუელია, უკეთილშობილესი და უსათნოესი გოგო, სტუმართმოყვარე და კარგი ადამიანი. ფერიდეს ქმარი სტავრო სკაპერასი მოხიბლულია ჩვენი ტრადიციებით, ქართველები, განსაკუთრებით მეგრელები, თავადივით ექცევით სტუმრებსო -აღნიშნავს ხშირად. აღფრთოვანებულია ოჯახის სტუართმოყვარეობით, ქართული სუფრით.
თქვენ როდის აპირებთ დაბრუნებას?
– მეც თითქმის ყოველ აგვისტოს საქართველოში ვატარებ… შევნატრი ყოველ ზაფხულს, მოწყვეტილი ვარ ჩემებს, ძნელია გადახვეწილის ბედი, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რომ დავბრუნდე, რა ვაკეთო. არც სამუშაო, არანაირი შემოსავალი, საქართველოში ძნელია ძალიან. გმირობაა საქართველოში ცხოვრება! მტკივა… საახლობლოს ჭირსა და ლხინს დავაკლდი. მონატრებას სოციალური ქსელები მიოკებს. ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებსაც ინტერნეტით ვეცნობი, ჟურნალ „ზუგდიდელების“ რამდენიმე ნომერი აქაც მაქვს, ჟურნალში ადრე საჩუქრად ხატები იდო, შენახული მაქვს ყველა, შეგეწიოთ უფალი.. წელს ჩემს მშობლებს, ბორის გიგანსა და გული აბსავას „ოქროს ქორწილი“ აქვთ, მოკლედ ქორწინებიდან 50 წლის იუბილეს ვაპირებთ ყველა ერთად შევიკრიბოთ ჭკადუაშში..
გილოცავთ, ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოთ ჯანმრთელად… მოკლედ, წინ სტუმრიანი და ხალისიანი ზაფხული გელით..
– მადლობა, გაიხარეთ. მართლაც შთამბეჭდავია, თანაცხოვრების, ერთგულებისა და ერთსულოვნების ნახევარი საუკუნე… დედა 70 წლისაა, მამა 75-ის, სამი შვილის ღირსეულად აღმზრდელებს მხრებს 7 შვილიშვილი და სამი შვილთშვილი ულამაზებთ… ჩემს მშობლებს  „ზუგდიდელების”  საშუალებით ვულოცავ ამ მრგვალ თარიღს, მათი ერთობა დამილოცოს უფალმა! ჩემს საყვარელ ზუგდიდსა და ზუგდიდელებსაც მშვიდობას და დღეგრძელობას ვუსურვებ.

ირმა მებონია

 

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!