- ზუგდიდელმა კარატისტმა უტა ფონიავამ კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში ევროპის იუნიორთა ჩემპიონატში გაიმარჯვა. მან 61 კგ წონით კატეგორიაში პოლონელი მეტოქე დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. უტა მეორე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ კიდევ, ბევრჯერ ვასახელებ ჩემს ქალაქსო.
უტა ფონიავა: “5 წლის ვიყავი, როცა მშობლებმა შემიყვანეს კარატეზე. პატარა, რომ ვიყავი ხშირად ვმარცხდებოდი ხოლმე, მაგრამ როცა წამოვიზარდე და ვისწავლე კარგად ჩხუბი, შემდეგ ვიმარჯვებდი ყველა შეჯიბრზე და უფრო და უფრო მიყვარდებოდა ეს სპორტი”.
-უტა, პირველ რიგში, გილოცავ და წარმატებებს გისურვებ. ელოდი ევროპის ჩემპიონობას?
-მადლობა. რა თქმა უნდა, მჯეროდა გამარჯვების, რადგან მჯერა საკუთარი თავის და ჩემი შესაძლებლობების. ფინალში შემხვდა პოლონელი მებრძოლი დომინიკ ძიუძა, რომელმაც 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოუგო ჩემს ძმას ლუკა ფონიავას და 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩემს მეგობარს იკა სულამანიძეს, რომელიც ახლა ჩემთან ერთად, გახდა ევროპის ჩემპიონი, ამ ფაქტის გამო, ძალიან მინდოდა მასთან გამარჯვება. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რადგან ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, იმ გრძნობას, რასაც ახლა განვიცდი.
-ევროპის ჩემპიონობამდე იყო სხვა გამარჯვებებიც?
-დიახ. არაერთი საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებული ვარ და ასევე საქართველოს 6 გზის ჩემპიონი.
-ვინ არიან მასწავლებლები და სად ვარჯიშობთ.
-პირადი მწვრთნელი გახლავთ გელა ანთია, რომლის დამსახურებაა ჩემი წარმატება, რისთვისაც მადლობას ვუხდი მას. რაც შეეხება ვარჯიშს, ვვარჯიშობ ზუგდიდის სპორტკომპლექსში.
-ქალაქი, სკოლა როგორ შეხვდა შენს წარმატებას..
-ვიგრძენი ჩემი გამარჯვებით ჩემს ქალაქს, სკოლას და ახლობლებს დიდი სიხარული მოვუტანე. ეს მე ამ დღეებში ვიგრძენი. შემხვდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, პირველ მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან ერთად, და საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის სახელით ვარსკვლავი გადმომცა, გამარჯვება მომილოცა და წარმატებები მისურვა. ასევე გამარჯვება მომილოცეს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ და დეკანოზმა იოანე აკობიამ. მეუფემ დამლოცა და საჩუქრად გადმომცა ყოვლაწმინდა ღმრთისმშობლის სამოსლის ხატი, ასევე პატრიარქისადმი მიძღვნილი საიუბილეო წიგნი. რაც შეეხება სკოლას, ღირსეული დახვედრა მომიწყვეს და გულთბილად მიმიღეს.
-ყველაზე მეტად ვინ გგულშემატკოვრობს?
-მგულშამტკივრობენ ჩემი მშობლები და მეგობრები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. მათ სჯერათ ჩემი და მეც ვცდილობ, რომ ისინი გავაბედნიერო.
-ტრადიცია თუ გაქვს რაიმე, რასაც შეჯიბრის დროს აკეთებთ..
-კი ყოველი ჩხუბის წინ, ვიწერ პირჯვარს, რადგან ის უფრო მეტად მაძლიერებს.
-რა არის შენი მიზანი?
-მთავარი მიზანია, მომავალ წელსაც მოვიგო ევროპის ჩემპონატი, რომელიც საქართველოში ტარდება. მინდა კიდევ ბევრჯერ ვასახელო ჩემი სამშობლო და ქალაქი.
-უტა, ოჯახზეც მომიყევი.
-სიამოვნებით. როგორც გითხარით, ოჯახის წევრები არიან ჩემთვის მთავარი მხარდაჭერები. მათი დამსახურებაა ჩემი წარმატება. დედა გახლავთ სოფიო შელია. მამა მურადი ფონიავა. ძმა ლუკა ფონიავა, რომელიც ასევე არის ევროპის პრიზიორი კადეტებში და არაერთი ტურნირის გამარჯვებული.
-წლების შემდეგ, სად წარმოგიდგენია შენი თავი..
-სპორტს გავყვები, რადგან დიდი გეგმები მაქვს.
მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ