დილით, ხმაური და დაპირისპირება იყო დევნილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს შენობაში. ადგილზე შეკრებილები იყვნენ ის დევნილები, რომლებიც უკმაყოფილო არიან იმით, რომ ვერ მიიღეს ბინები, ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსებში.
ისინი დილიდან, ცდილობდნენ, პროტესტის ნიშნად, გადაეკეტათ ცენტრალური გზა, მაგრამ პოლიციამ არ დართო ნება. ერთი იძულებით გადაადგილებული პირი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. დევნილები ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ ისინი უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ და მათთვის მინიჭებული ქულები არ შეესაბამება მათ საცხოვრებელ პირობებს. “10,5 მაქვს ქულა და რატომ არ მომცეს ბინა, ყაჩაღების არის ეს ქვეყანა. დაღუპულია ქვეყანა, განწირულები ვართ, ხალხო ამოიღეთ ხმა. მიჭირს არ მაქვს ბინა “-უთხრა ჟურნალისტებს დევნილმა თეა ელიავამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=rkCEmXVDq9Q[/embedyt]
ადგილზე იმყოფებიან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები. დევნილებმა რამდენჯერმე სცადეს შენობაში შესვლა, მაგრამ მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ამ წუთებში, კომისია ინდივიდუალურად ესაუბრება იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათ კითხვებს პასუხობს.
დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ 9 მძიმე მდგომარეობაში ობიექტი იქნა დახურული და ორი საბავშვო ბაღი. “ზუგდიდის ბინებზე 6ათას ოჯახს ჰქონდა განაცხადი გაკეთებული, ჩვენ გვქონდა სულ 240 ბინა. ჩვენი განსახლება ორ ძირითად მიმართულებად მიმდინარეობს ეს არის ქულების შეფასების შედეგად, ვინც ღებულობს ბინებს და ობიექტები, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და რომელსაც ჩვენ ვხურავთ”. მისი თქმით, ამ ეტაპზე 240 დევნილი მიიღებს ბინას მომავალი წლისთვის კი საცხოვრებელი ფართი სამასზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=3fuQnQtoHDM[/embedyt]
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ზუგდიდში 240 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 4 თორმეტსართულიანი კორპუსი ააშენა. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დაასრულა 240 ბინის განაწილების პროცესი და სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ.