კორონავირუსი, ტელეგაკვეთილი და ზუგდიდელი მოსწავლე


  • სალომე ნარმანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის მეცხრეკლასელია, წარმატებული და აქტიური მოსწავლე, რომელიც “იძულებითი” არდადეგების პერიოდში დისტანციური სწავლებით, ტელეგაკვეთილებით არის დაკავებული და ასე აგრძელებს განათლების მიღებას. სალომე, ახალგაზრდულ საინფორმაციო პორტალზე “სარკმელი” სიამოვნებით საუბრობს სწავლების ახალი ტექნოლოგიების დადებით და უარყოფით მხარეებზე:

“30 მარტს, ტელეარხის “პირველი განათლება” მეშვეობით, ჩატარდა პირველი ტელეგაკვეთილი. ამ პროექტმა, ცხადია, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.ბუნებრივია, მეც მაქვს ჩემი მოკრძალებული აზრი “ტელესკოლის” შესახებ. მაშინ, როდესაც მსოფლიოზე კორონავირუსი ბატონობს და სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით, უკან არ იხევს, ცხადია, განათლება არ უნდა დაგვავიწყდეს. ამიტომაც ყველა ქვეყანა ცდილობს, ეს პრობლემა მოაგვაროს. მე, პირადად, მიტარდება online გაკვეთილები და საკმაოდ კმაყოფილი ვარ ამ პროგრამით, თუმცა არის ბევრი ბავშვი, რომელსაც დისტანციურ სწავლებაზე ხელი არ მიუწვდება, სწორედ მათთვის არის შექმნილი პროექტი “ტელესკოლა”. ესაა ადგილი, სადაც ბავშვები შესძლებენ ძალიან მარტივად ისწავლონ ესა თუ ის საგანი. მართალია, ტელეგაკვეთილებს არ შეუძლია ბოლომდე ჩაანაცვლოს სკოლა, მაგრამ ამ პერიოდში, ეს ნამდვილად კარგი საშუალებაა.
გადავწყვიტე, მეც დავესწრებოდი ამ გაკვეთილებს. არ დაგიმალავთ, საგნებზე მეტად მაინტერესებდა როგორი იქნებოდა ტელეგაკვეთილი. ამიტომ არა მარტო ჩემთვის, ანუ მეცხრე კლასისთვის, არამედ მეხუთე და მეშვიდე კლასისთვის განკუთვნილ გაკვეთილებსაც ვუყურებ.
გაკვეთილები ძალიან საინტერესოა და სახალისო. ჩემთვის სრულიად მისაღებია ეს ფორმატი. ფიზიკისა და ქიმიის გაკვეთილები, ძირითადა,დ დემონსტრაციულია, რისი საშუალებაც სკოლაში ყოველთვის არ გვაქვს. ძალიან გამიხარდა რომ ელექტროდაფაც იყო გამოყენებული. ტექნიკური საგნების ასახსნელად გამოყენებულია ტექნიკა, რაც აღქმას აადვილებს. კვალიფიციური მასწავლებლების საუბარი კი, დიდ გავლენას ახდენს ჩემზე.
გულიც კი დამწყდა, რომ სკოლაში არ გვაქვს ასეთი შესაძლებლობები.
რაც შეეხება სამწუთიან ვარჯიშს, ძალიან გამამხიარულა. პრესის ვარჯიშები ასეთი სახალისო ჯერ არ ყოფილა…
გაკვეთილს, რა თქმა უნდა, უარყოფითი მხარეებიც აქვს.
ცხადია, ყველა ბავშვი ასეთ ახსნას ვერ იგებს, რადგან ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, ხარვეზებით მიმდინარეობდა ჩვენება.
ვფიქრობ, ეს ხარვეზები მალე გამოსწორდება.
მანამდე კი, ვეცადოთ,  ჩვენც მივხედოთ ჩვენს განათლებას, ვიკითხოთ, ვწეროთ, მოვიძიოთ და გავიგოთ ბევრი ახალი ინფორმაცია. ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ”.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!