«სუპერმარკეტის» კონსტრუქციების დემონტაჟი სამი დღის ვადაში მოხდება


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში შ.პ.ს.’’ლონდასტრესა’’ და შ.პ.ს.”სუპერმარკეტის” ადმინისტრაციას შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა აგრეთვე “სუპერმარკეტში” მომუშავე რამდენიმე ქალბატონი.  მხარეებს შორის რამდენჯერმე  დაიძაბა სიტუაცია. 

“ლონდასტრეს”  წარმომადგენელმა ლონდა შამუგიამ ერთ-ერთ მოვაჭრეს, მაია ვეკუას დაუსვა შეკითხვა-არის თუ არა ის თანახმა “ლონდასტრესთან”  დადოს ხელშეკრულება. ქალბატონ მაიას თქმით, ის თანახმა არ არის, რადგან ამ  კომპანიას და მის ხელმძღვანელობას არ ენდობა.

შეხვედრაზე მოვაჭრე ელისო ქაძანაიამ განაცხადა, რომ მერიში არის ადამიანი, რომელსაც მათთან შედარებით უპირატესობა გააჩნია და დაკეტილი აქვს ბაზარში ფართი. „ადრე ბაზარში ფლობდა ფართს, იყო ჩვენნაირი, დღეს როცა ის ხელისუფლებაშია, მოითხოვა  ფართი უსასყიდლოდ და რადგანაც ვერ მიიღო, დღესაც დაკეტილი აქვს, ეს პიროვნება გახლავთ გოგა თოდუა”, მაგრამ ქაძანაიას საუბარი შეაწყვეტინეს, იმ მიზეზით, რომ მისი განცხადება აღნიშნულ შეხვედრასთან არანაირ კავშირში არ იყო.

შეხვედრის მსვლელობისას, ერთ-ერთმა მოვაჭრემ ითხოვა კითხვის დასმა, რასაც შეპასუხება მოყვა. სიტუაციის განსამუხტად, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნუკრი ესართიამ სხდომათა დარბაზში დაცვა შემოიყვანა და მიანიშნა ერთ-ერთი მოვაჭრე მამაკაცის დარბაზიდან გაყვანაზე, რასაც არ დაეთანხმნენ მოვაჭრე ქალბატონები და დაცვა იძულებული გახდა მოვაჭრე მამაკაცი დარბაზში დაეტოვებინა. მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, რომელიც ესწრებოდა შეხვედრას.

შეხვედრაზე, “ლონდასტრეს” წარმომადგენლები ითხოვდნენ, დღესვე გამოეტანა ბაზრის თემასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას გადაწყვეტილება. ბაზრის ადმინისტრაციამ პროტესტის ნიშნად სხდომა ადრე დატოვა და კომისიის გადაწყვეტილებას არ დაელოდა. მოვაჭრეებმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს, რომ არ ითანამშრომლებენ “ლონდასტრესთან”  და არ დაუშვებენ  რეკონსტრუციების დემონტაჟს. კომისიამ კი, მიიღო გადაწყვეტილება რომ სამი დღის ვადაში მოხდება კონსტრუქციების დემონტაჟი, რაზეც მედიასთან არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა თოდუამ გააკეთა განცხადება.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=NKRcxqYqgzc[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!